ახალი ამბები

რეფერენდუმი იურიდიულ გაუგებრობას იწვევს

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, დეპუტატთა რაოდენობის შემცირების თაობაზე 2 ნოემბერს რეფერენდუმის ჩატარებას იურისტთა ერთი ნაწილი არამართებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარება ქვეყანას გარდუვალად მიიყვანს მწვავე საპარლამენტო და კონსტიტუციურ კრიზისამდე.

2 ნოემბერს ამომრჩეველს მოუწევს გასცეს პასუხი შემდეგ შეკითხვას: გსურთ თუ არა საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა შემცირდეს 235-დან 150-მდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, რეფერენდუმის ინიციატორების მტკიცებით, ახლადარჩეული პარლამენტი მიიღებს შესწორებებს კონსტიტუციაში და 150 დეპუტატის არჩევა უკვე 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარეფერენდუმო კითხვაში არ არის მითითებული, რომ ეს ცვლილება სწორედ მომდევნო პარლამენტს ეხება. იურისტი დავით უსუფაშვილი საფრთხეს სწორედ ამ მომენტში ხედავს.

დავით უსუფაშვილმა 10 სექტემბერს ყოველდღიურ გაზეთ “24 საათში” გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც თავისი მოსაზრების სისწორეში საზოგადოებისა და ხელისუფლების დარწმუნებას შეეცადა.

მისი მტკიცებით, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები იძლევა იმის საშუალებას, რომ რეფერენდუმის და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლებელი იქნება ეჭვქვეშ დადგეს პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან თუ რეფერენდუმში მოსახლეობა დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას დაუჭერს მხარს, მაშინ გამოვა რომ არჩეულია 235 დეპუტატი, როცა რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, დეპუტატთა რაოდენობა 150 უნდა ყოფილიყო.

დავით უსუფაშვილის თქმით, რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან – ამ შემთხვევაში 7 ნოემბერს – აქვს პირდაპირი მოქმედების იურიდიული ძალა, საბოლოოა და მისი შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია მხოლოდ ახალი რეფერენდუმის ჩატარების გზით.

აქედან გამომდინარე, დავით უსუფაშვილის მტკიცებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ახლადარჩეული პარლამენტი დეპუტატად 235 პირს ცნობს, როცა რეფერენდუმის გადაწყვეტილება, რომელიც 7 ნოემბერს უკვე გამოქვეყნდება, ამგავრი სტატუსით მხოლოდ 150 პირის არსებობას მიიჩნევს შესაძლებლად.

“ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გვეყოლება 85 ზედმეტი პარლამენტარი, რაც მთელი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას აცლის საფუძველს”, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას.”

ამ მოსაზრების მომხრეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გაუგებრობა შესაძლებელია გამოყენებული იქნას ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ, რათა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენონ, რისთვისაც მათ სრული საფუძველი ექნებათ.

თუმცა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში უზენაესი არის კონსტიტუცია და არა ორგანული კანონი.

“ორგანულ კანონზე უფრო მაღლა დგას კონსტიტუცია, სადაც 49-ე მუხლით განსაზღვრულია დეპუტატთა რაოდენობა. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ პარლამენტმა სათანადო ცვლილებები უნდა შეიტანოს კონსტიტუციაში, აქედან გამომდინარე, რეფერენდუმის შედეგების ამოქმედება ვერ მოხდება ახლადარჩეული პარლამენტის დროს. ელემენტარულად ვერ მოესწრება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელმა, იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

15 სექტემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით საპარლამენტო კრიზისის საშიშროება არ არსებობს და კანონიც არ ირღვევა.

“ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ იურისტებთან ერთად და არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს. რეფერენდუმის შედეგები მომავალი მოწვევის პარლამენტს შეეხება. 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტს კი შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოუწევს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 15 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა.

დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ კონსტიტუციის მიუხედავად, რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის ორგანული კანონის მიხედვით ხდება. ეს კანონი კი უკვე 7 წელია მოქმედებს და რეფერენდუმზე ხალხის მოსაზრებას კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს.
 
“დარწმუნებული ვარ, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, კონსტიტუციას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, მაგრამ, იმავდროულად, იგივე კონსტიტუცია რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას შესაბამის ორგანულ კანონს ულოცავს. ორგანული კანონი კი ამბობს რეფერენდუმზე ხალხი რასაც იტყვის, კანონიც ის არის. ხალხმა კი თუ მხარი დაუჭირა დაპუტატთა რაოდენობის შემცირებას, გამოდის, რომ ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე უნდა შევიდეს. არჩეული იქნება 235, მაშინ როდესაც რეფერენდუმის გადაწყვეტილება იქნება რომ უნდა იყოს 150. რას ვუშვრებით იმ 85 დეპუტატს?” – აცხადებს დავით უსუფაშვილი. 
 
მისი თქმით, იურიდიულ ნიუანსებში გარკვევა თუ დროზე არ მოხდა, და  ეს საკითხი 2 ნოემბრისთვის გადაუწყვეტი დარჩა, ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი ღიად დარჩება, რაც ქვეყანაში ღრმა საპარლამენტო და საკონსტიტუციო კრიზის გამოიწვევს.

დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხს – პარლამენტარებმა და პარლამენტმა იმდენად გაიფუჭეს ავტორიტეტი, რომ ხალხი დეპუტატთა რიცხვის შემცირებას კი არა, ალბათ, პარლამენტის საერთოდ გაუქმებასაც სიამოვნებით დაუჭერს მხარს. ამრიგად, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ 7 ნოემბერს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს რეფერენდუმის თაობაზე შესულ საჩივრებს, თავისი ოქმით შეაჯამებს შედეგებს და გამოაქვეყნებს მას, სარეფერენდუმო საკითხი გადაწყვეტილი იქნება პარლამენტის წევრთა რიცხვის 150-მდე შემცირების სასარგებლოდ.
 
დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმი სპეციალურად დანიშნა, რათა საკითხი პარტიებს შორის დავის საგანი გახდეს.

“ცხადია, არჩევნების შედეგებით ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებები და მათი ლიდერები უკმაყოფილონი დარჩებიან. საპარლამენტო არჩევნების გასაუქმებლად და არჩეული პარლამენტის გასარეკად რა შეიძლება ინატრონ ამ ძალებმა იმაზე უკეთესი, ვიდრე რეფერენდუმის შედეგად შექმნილი სამართლებრივი სიტუაცია. ისინი დასვამენ მარტივ კითხვას: კი მაგრამ, ვინ არის ის 235 პირი, რომელიც პარლამენტობას იბრალებს მაშინ, როდესაც მოსახლეობის აზრითაც და მოქმედი იურიდიული ნორმებითაც პარლამენტი შეიძლება ერქვას მაქსიმუმ 150 კაციან კრებულს? ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ რა ადვილი საქმე იქნება ამ ლოზუნგის გარშემო ათიათასობით იმ ადამიანის დარაზმვა და ქუჩაში გამოყვანა”, – აცხადებს უსუფაშვილი.

ასეთ შემთხვევაში უკმაყოფილება მოჰყვება იმ 235 კაცის და მათი ლიდერების მხრიდან, ვინც პარლამენტში მოხვდება და სავსებით შესაძლებელია, მათი მხრიდანაც მოსახლეობის იმ ნაწილის გამოყვანა ქუჩაში, რომელსაც არჩეულ პარლამენტს უუქმებენ.

“რა შეიძლება ეწოდოს ამ სიტუაციას, თუ არა უმწვავესი საპარლამენტო და კონსტიტუციური კრიზისი, რომელიც მასშტაბურ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს ქვეყანას?” – აცხადებს დავით უსუფაშვილი და დარწმუნებულია, რომ თუ არ მოხდება იურიდიული ლაფსუსების გამოსწორება, დაპირისპირება გარდუვალი იქნება.

ამის თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებად დავით უსუფაშვილს რეფერენდუმის დროს საკითხის დაკონკრეტება მიაჩნია – “სურს თუ არა მოსახლეობას 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დეპუტატთა რიცხვის 235-დან 150-მდე შემცირება”.

თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ აპირებს გაითვალისწინოს დავით უსუფაშვილის ეს რეკომენდაცია და რეფერენდუმთან დაკავშირებული წინააღმდეგობა და გაურკვევლობა კვლავაც ძალაშია.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button