
ქვედა დონის საარჩევნო კომისიებს ხელისუფლება გააკონტროლებს
დევდარიანის ამ გადაწყვეტილებამ მის მიმართ ოპოზიციის მხრიდან პროტესტი და უნდობლობა გამოიწვია. ხოლო ლეიბორისტულმა პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ 14 სექტემბერს ლეიბორისტთა სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციის მტკიცებით საოლქო კომისიების გაკონტროლებით, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას აძლევს. ოპოზიცია ნანა დევდარიანს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ეუთოს ნდობის მანდატით აღჭურვილი, პრეზიდენტის მიერ დანიშნული ახალი ცსკო-ს თავმჯდომარე 10 სექტემბერს ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. “ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. განაწყენებულები არიან, როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაშიც, კანონი გადაწყვეტილების მიღებას 10 სექტემბრის 6 საათამდე მოითხოვდა. მე ვისარგებლე კანონის მიერ მონიჭებული უფლებით და მივიღე გადაწყვეტილება, ვისაც არ მოსწონს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში”, განაცხადა ნანა დევდარიანმა. ცსკო-ს თავმჯდომარე გადაწყვეტილებას შენობასთან ლეიბორისტული პარტიის საპროტესტო აქციის ფონზე იღებდა. საოლქო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნას ქუჩის აქციით მხოლოდ ლეიბორისტებმა უპასუხეს. დანარჩენი ოპოზიცია ბრიფინგებითა და მწვავე განცხადებებით შემოიფარგლა. “ხელისუფლებამ, მათ შორის აღორძინებამ და მრეწველებმაც, მოაწყო შეთქმულება და მათი ცსკო-ს თავმჯდომარეზე გარკვეული ზეწოლით მოხდა განკარგულების გამოცემა. დამტკიცებულ კანდიდატურებში უმრავლესობა არის ორი მესამედით მოწონებული მერებისა და გამგებლების მიერ წარდგენილი კანდიდატურები და ასევე ძველი თავმჯდომარეები” – აცხადებს ცსკო-ს ლეიბორისტი წევრი ბადრი ნიაური. “არავითარი მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია კონსულტაციებში საოლქო კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნანა დევდარიანი გახსნილია ჩვენთან სათანამშრომლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაპირების მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებები არ გაითვალისწინა და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხზე” – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ნუგზარ კუპრეიშვილი. დანიშნულ თავმჯდომარეთა 80% არის სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ წარდგენილი კანდიდატურები. აქედან 21 თავმჯდომარე ძველ კომისიებში იკავებდა აღნიშნულ პოსტს. თბილისში ხელისუფლებამ საოლქოს თავმჯდომარეთა 100%-ს აკონტროლებს. 75 ოლქიდან მხოლოდ 5 ოლქში დაინიშნენ ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატურები. “ცალსახაა სურათი, რომ ძირითადად დაინიშნენ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილნი ან მათ სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები. ძალიან ცოტაა პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან დანიშნულები და უფრო ცოტა არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დანიშნულთა რაოდენობა. მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, 21 თავმჯდომარე ძველი დარჩა. მაგრამ მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, ეს საკითხი არ არის გადამწყვეტი არჩევნების სამართლიანად ჩატარების საქმეში”, განუცხადა სივილ ჯორჯიას “სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა. “მოვუწოდებ ლეიბორისტებს, ახალ მემარჯვენეებს და დემოკრატებს, რომ პროტესტის ნიშნად უარი თქვან საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად მათი კანდიდატურების დანიშვნაზე”, განაცხადა სპეციალურად ამ საკითხზე მოწვეულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 11 სექტემბერს. სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას არცერთი კომისიის თავმჯდომარე არ დაუნიშნეს. კანონის მიხედვით საოლქო კომისიების თავჯდომარეთა კანდიდატურების წარდგენის უფლება, ისევე როგორც ცსკო-ს შემთხვევაში, ეუთოს აქვს. თუმცა ეუთო-მ თავიდანვე განაცხადა უარი ქვედა დონის კომისიებში თავმჯდომარეების წარდგენაზე, რის შესახებაც წინასწარ იყო ინფორმირებული პოლიტიკური სპექტრი. თუმცა ეუთოს წარმომადგენლები მუდმივად წევდნენ რეკომენდაციებს ობიექტურობის დასაცავად, ცნობილია ასევე მათი უარიყოფითი დამოკიდებულება საარჩევნო კოდექსის ცნობილი მე-18 მუხლის ჩავარდნასთან დაკავშირებით, რომელიც მიხედვითაც ძველ, დისკრედიტირებულ კომისიის წევრებს უფლება აქვთ, რომ ახალი კომისიების ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა. ახალი რეალობით კი ძველი კომისიების 21 თავმჯდომარე ინარჩუნებს პოსტს. საარჩევნო კოდექსმა ცსკო-ს თავმჯდომარესაც მიენიჭა საოლქო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნის უფლება. თუმცა კოდექსი არ განსაზღვრავს წარმდგენ სუბიექტთა ნუსხას. როგორც ჩანს, ამით ისარგებლა ძველმა ცსკო-მ და ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღო დადგენილება #11, რომლითაც გამგებლებსა და მერებს მიენიჭათ კანდიდატურების წარდგენის უფლება. ლეიბორისტების სარჩელი, რომელიც მათ საოლქო სასამართლოში 11 სექტემბერს შეიტანეს, ეხებოდა იმ პრინციპებს, რომლის საფუძველზეც მოხდა კანდიდატურების წარდგენა. თუმცა ლეიბორისტების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია10 სექტემბერს ცსკო-ს თავმჯდომარემ ნანა დევდარიანმა დაამტკიცა საოლქო კომისიების თავმჯდომარეები, რომელთაგან 70 სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია, დანარჩენი 5 კი ოპოზიციის.