
ეუთო-ს საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებელთა ყველაზე დიდი მისია ეყოლება
დამკვირვებელთა ნაწილი მუშაობას უკვე შეუდგა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა ორგანიზაცია (ეუთო) საქართველოში ყველაზე დიდ დამკვირვებელთა მისიას აფუძნებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს გაუწევს მონიტორიგს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანთა უფლებების ოფისის წარმომადგენლები არჩევნებისათვის მზადების პროცესზე დაკვირვებას არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე იწყებენ. ამ დროისთვის ორგანიზაციის შტაბ-ბინაში 10 ექსპერტი მუშაობს, რომლებიც უშუალოდ თბილისში წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდებიან. კიდევ 21 ე.წ. “გრძლევადიანი” დამკვირვებელი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დააკვირდებიან წინასაარჩევნო სიტუაციას. “ალბათ გესმით, რა დიდი დატვირთვა აქვს ამ არჩევნებს თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის გამოცდა დემოკრატიის გზაზე და მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არჩევნებისთვის მზადების და სამართლიანად ჩატარების პროცესს. ამისათვის ვიმოქმედებთ შესაბამისი კოდექსის მიხედვით და მთელ ამ ხანგრძლივ პროცესს სათანადოდ გავაკონტროლებთ. ეს არჩევნები საქართველოში ეუთო-ს სტანდარტების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა 9 სექტემბერს სასტუმრო “მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ჯულიან პილ იეტსიმ. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან. მათი ძირითადი მისიაა არჩევნებამდე და მის შემდგომაც შესაბამისი საერთაშორისო საარჩევნო კოდექსის მიხედვით აწარმოონ დაკვირვება, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში ეს დარღვევები აისახება მათ მიერ შემუშავებულ დასკვნაში. “ჩვენი მთავარი როლი მეთავლყურეობაა და არა მართვა. ჩვენ რამდენიმე ძირითადი პრინციპით მოვქმედებთ: გაავანალიზებთ პოლიტიკური პარტიების კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციების და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, ასევე დავაკვირდებით მედიას, რადგან არჩევნების პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორ შუქდება მოვლენები და რამდენად ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას”, – განაცხადა ჯულიან პილ იეიტსმა. ჯულიან პილ იეიტსი დარწმუნებლულია, რომ მისიის წარმომადგენლები შეძლებენ საქართველოს ყველა რეგიონში საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თუმცა, ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალური შეთანხმებისთვის აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან არ მიუღწევიათ. “საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ რეგიონში პრობლემა არ შეგვექმნება და ჩვენი ექსპერტები შეძლებენ არჩევნების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელებას”, – განაცხადა ჯულიან პილ იეტსიმ. ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიას ასევე კონსულტაციები არ ჰქონია ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. როგორც “სივილ ჯორჯიას” ჯულიან პილ იეიტსმა აცნობა, დღეიდან დაიწყება მისიის აქტიური მუშაობა, რაც პარტიებთან შეხვედრებსა და კონსულტაციებში გამოიხატება. საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ, იმითაც ჩანს, რომ 2 ნოემბრისთვის ეუთო-ს საპარლემენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაახლოებით 400-მდე “მოკლევადიანი” დამკვირვებელი ჩამოვა და გააკონტროლებს არჩევნების მიმდინარეობას. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია
ჯულიან პილ იეიტსმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას თავი შეიკავა საქართველოში წინა არჩევნების შეფასებებისგან და განაცხადა, რომ მათ ინტერესებში არ შედის, თუ რამდენად ობიექტურად ჩატარდა გასულ წლებში არჩევნები, არამედ მხოლოდ მომავალი არჩევნების სამართლიანი ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.
3 ნოემბერს კი დამკვირვებელთა მისია გააკეთებს განცხადებას წინასწარ მონაცემებზე და დასკვნებზე დაყრდნობით. საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან დაახლოებით ერთ თვეში გამოქვეყნდება ყოვლისმომცველი მოხსენება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სახის დარღვევა.