
სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაცია დაიწყო
საქართველოს უშიშროების საბჭომ შეიმუშავა სვანეთის ანტიკრიმინალურ ღონისძიებათა გეგმა, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის დავალებით მომზადდა. “ეს არ იქნება ფართო მასშტაბიანი ოპერაცია, არ გაიგოთ ისე, რომ შევიყვანთ დიდი ოდენობით ძალებს სვანეთში. ეს იქნება სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების კომპლექსი მიმართული კონკრეტული დამნაშავეების წინააღმდეგ” – განუცხადა ჟურნალისტებს 5 სექტემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ. “მართალია, ეს არ იქნება პანკისის ხეობაში განხორციელებული ანტიკრიმინალური გეგმის მსგავსი, მაგრამ ის სერიოზულ პროფილაქტიკურ-სამძებრო ღონისძიებებს ითვალისწინებს” _ აცხადებს შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც 9 სექტემბერს სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ანტიკრიმინალური გეგმის შექმნა ნაკარნახევი იყო ბოლო წლებში საქართველოს მთიანეთის ამ ულამაზეს კუთხეში კრიმინოგენული მდგომარეობის საგრძნობი გაუარესებითა და ტურისტთა რაოდენობის კატასტროფული შემცირებით. საქართველოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სვანეთში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობაზე პირველი განცხადება გააკეთა: “სვანეთი კრიმინალური ელემენტების თავშესაფარი და სათარეშო გახდა, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობასა და ტურისტებს. კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. საჭიროების შემთხვევაში, დესანტიც უნდა გადავსხათ” _ განაცხადა შევარდნაძე. ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სვანეთის მოსახლეობას ანტიკრიმინალურ ოპერაციაში მხარდაჭერის თხოვნით მიმართა. უშიშროების საბჭოს კი ანტიკრიმინალური ოპერაციის გეგმის შექმნა დაავალა. საქართველოს ხელისუფლების სურვილს _ სვანეთში წესრიგი დაამყაროს, ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა. მხარეში მდგომარეობას რამოდენიმე ოჯახს შორის წლების განმავლობაში არსებული შუღლიც ართულებს. ასე მაგალითად, ბოლო გახმაურებული დანაშაული 30 აგვისტოს მოხდა. მესტიის რაიონის სოფელ ლატალში მცხოვრებ გირგვლიანების საცხოვრებელ სახლს, ოთხმა თანამზრახველმა ყუმბარმტყორცნითა და ავტომატებით ცეცხლი გაუხსნა. არავინ დაშავებულა, სახლი კი დაიწვა. გირგვლიანებმა მომხდარში ჯაფარიძეების ოჯახი დაადანაშაულა ამ დანაშაულმა ზემო სვანეთში მყიფე სიწყნარე დაარღვია. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ერთადერთი სამანქანო გზა გადაკეტა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. სამართალდამცავების პასიურობის შემთხვევაში ხალხი მთის სახალხო სამართლის ამოქმედებით დაიმუქრა, რაც უძველესი ადათის _ სისხლის აღების წესის გამოყენებას გულისხმობს. სამართალამცავებმა ეჭვმიტანილი ტარიელ ჯაფარიძე ცხელ კვალზე დააკავეს, სამი ეჭვმიტანილი კი მიმალვშია. სვანეთი, რომელიც იშვიათის სილამაზის ბუნებისა და ისტორიული ღირებულებების უნიკალური ძეგლების სიუხვით ყოველთვის იყო ტურისტთა და მთამსვლელთა მიმზიდველი ადგილი _ ქართველი სამართალდამცავების სათანადო კონტროლს არის მოკლებული. ეს მაშინ, როდესაც მესტიაში 120 პოლიციელი და შშს-ს 30-მდე სპეცრაზმელია, რაც, ექსპერტთა თქმით, მესტიის რაიონის 12-ათასიანი მოსახლეობისათვის სავსებით საკმარისია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დაბა მესტიასა და ეცერში შეიარაღებულ დამნაშავეთა 15-15 კაციანი 2 ბანდა მოქმედებს, რომელთა სახელებსაც უკავშირდება ძარცვა-ღაჩაღობა, თავდასხმები ავტობუსებზე, უცხოელ ტურისტებზე, აგრეთვე, მკვლელობები. დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიცია ხშირად იმდენად ინერტულია, რომ ხალხი პოლიციასა და დამნაშავეთა შეხმატკბილებულ ურთიერთობებზეც საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “სივილ ჯორჯიასთვის” მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ 2002 წელს მესტიის რაიონში მხოლოდ 29 დანაშაული მოხდა. “პოლიცია ნამდვილ მონაცემებს მალავს, რომ მის სუსტ მუშაობაზე არ გამახვილდეს ყურადღება. სინამდვილეში კი სვანეთი ყაჩაღების სათარეშო ადგილად იქცა. სამართალდამცავებს რამდენიმე წლის წინათ რომ აელაგმათ ახალგამოჩეკილი დამნაშავეები, დღეს აქ სიწყნარე იქნებოდა და არც დაუსჯელობის კომპლექსი იარსებებდა” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მესტიელმა ჟურნალისტმა მერაბ ხერგიანმა. “დავიღალე ამდენი დანაშაულით. სიმშვიდე მომენატრა. ბოლო წლებია, მოსვენება არ გვაქვს. ავტობუსი არ ამოივლის, რომ არ დააყაჩაღონ. დიდი ხანია, ადგილობრივები ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებას ვითხოვთ. მადლობა ღმერთს, მთავრობაში ყური ახლა მაინც რომ შეიბერტყეს” _ ამბობს სვანეთის მკვიდრი თინა ქობლიანი. რთულმა კრიმინოგენულმა ვითარებამ გავლენა იქონია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ პირობებზეც. წინა წლებში მესტიის რაიონს 6 ათასამდე კაცი სტუმრობდა. 2003 წლის ზაფხულზე კი 50-მდე პირმა თუ მოიყარა თავი. ამან საოჯახო ტურიზმის ბიზნესით დაკავებულ ადგილობრივ მოსახლეობას, პრაქტიკულად, ერთადერთი საშემოსავლო წყარო მოუსპო. “სეზონის წინ სვანეთში ოჯახებმა ტურისტებისთვის ბოლო ფულით სახლები შეაკეთეს და მოაწესრიგეს, მაგრამ თითო-ოროლა კაცის გარდა, უცხოელები არ ამოსულან. დედაჩემის სოფელ ლენჯერში ბევრი ოჯახი უშემოსავლოდ დარჩა” _ ეუბნება “სივილ ჯორჯიას” დედით სვანი კობა ქველიაშვილი, რომელმაც ბოლო ზაფხული სვანეთში გაატარა. კავკასიონის მთიანი რელიეფი ზემო სვანეთს საკმაოდ რთულად მისადგომს ხდის. რაიონული ცენტრი მესტია საქართველოს დედაქალაქიდან 550 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ ქალაქ ზუგდიდიდან _ 150 კილომეტრით. მეწყერებისა და ზვავებისგან მოუწესრიგებელი სამანქანო გზა ზუგდიდი-მესტიის მანძილის დაფარვას 4 საათამდე ანდომებს. თავად სოფლები ერთმანეთთან ოღრო-ჩოღრო გზებით არის დაკავშირებული, სადაც გადაადგილება მხოლოდ ცხენებით, ან “ჯიპის” ტიპის ავტომობილებით არის შესაძლებელი. მოუწესრიგებელი გზები სვანეთს გარესამყაროსთან მოწყვეტილს ტოვებს. თანაც, მხარეში კავშირგაბმულობის სისტემაც მოშლილია. გარესამყაროსთან კავშირის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ზამთრის პერიოდში, როდესაც დიდი თოვლი ხშირად გზებს სრულიად გაუვლელს ხდის. ცენტრალური ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონში ვითარების გამოსასწორებლად თავდაპირველად კრიმინალების თარეშის აღკვეთაა საჭირო, რის შემდეგაც მთავრობის დაპირების მიხედვით, რეგიონში სოციალური პრობლემების გამოსწორება დაიწყება. გოგა ჩანადირი9 სექტემბერს სვანეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ერთი რაზმი შევიდა, რომელიც რეგიონში ანტიკრიმინალურ ოპერაციას ჩაატარებს.