skip to content
ახალი ამბები

ვაჟა ლორთქიფანიძე სახელისუფლებო ბლოკს მიუერთდა

ბადრი პატარკაციშვილი არჩევნებზე ხელისუფლებას დააფინანსებს

საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დახურულ კარს მიღმა ერთსაათიან პირისპირ შეხვედრას ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ვაჟა ლორთქიფანიძის სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანება და საარჩევნო სიებში მოწინავე ადგილის დაკავების გარანტია მოჰყვა.

სავარაუდოდ, ამის სანაცვლოდ, ბადრი პატარკაციშვილი სახელისუფლებო ბლოკს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას დაპირდა. სახელისუფლებო ბლოკისთვის, რომლის ლიდერების თქმითაც, უსახსრობის გამო ისინი ვერ ახერხებდნენ თავიანთი საარჩევნო კამპანიის დაწყებას, ეს გარიგება მისაღები აღმოჩნდა.

თუმცა თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პატარკაციშვილის როლს ამ პროცესში სრულიად უგულებელყოფს და აცხადებს, რომ ლორქიფანიძის სახელისუფლებო ბლოკში შემოერთების იდეა სახელმწიფო მინისტრისგან, ავთანდილ ჯორბენაძისგან მოდის.

“ვაჟა ლორთქიფანიძემ შეიძლება დაიკავოს პირველი ადგილი ჩვენს საარჩევნო სიებში. მას დიდი გამოცდილება აქვს, იმის ნიჭიც აქვს, რომ კარგი დამოკიდებულება შეინარჩუნოს ოპონენტებთან. საიდუმლო არ არის, რომ ეს ინიციატივა სახელმწიფო მინისტრისგან, ავთანდილ ჯორბენაძისგან მოდის”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 8 სექტემბრის რადიოინტერვიუში. 

თუმცა, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ლორთქიფანიძის გამოჩენა სახელისუფლებო ბლოკში და თანაც საარჩევნო სიებში პირველი ადგილის დაკავება პირდაპირ ემუქრება ჯორბენაძის გავლენას და ასუსტებს მის ძალაუფლებას.

“ჯორბენაძე ძალიან სუსტი პოლიტიკური ფიგურაა. მან ვერ შეძლო მისთვის ძლიერი პოლიტიკური დასაყრდენის შექმნა და მიეღო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ამის გამო პრეზიდენტის მხრიდან მასზე ფსონის დადება აზრს კარგავდა, ასევე მომგებიანი არ იყო მისი სახელმწიფო მისინტრობიდან გადადგომა, რაც აუციელებელია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” რადიო “თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ.

პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ვაჟა ლორთქიფანიძის გამოჩენა სახელისუფლებო ბლოკში სწორედ პატარკაციშვილს უკავშირდება. ჯერ კიდევ 6 სექტემბერს სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებმა აღიარეს, რომ ბადრი პატარკაციშვილი სწორედ მათ დაუჭერს მხარს არჩევნებში. “ჩვენ მივესალმებით ასეთი კაცის ჩვენს გვერდით ყოფნას”, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლევან მამალაძემ.

რუსეთში ფინანსური მაქინაციებისთვის ძებნილი ბადრი პატარკაციშვილი, რომლის ექსტრადიცია მოსკოვმა თბილისს არა ერთხელ მოთხოვა, საქართველოში უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნას ცდილობს. ბორის ბერეზოვსკის “მარჯვენა ხელმა”, რომელიც საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდა, აქტიურად დაიწყო ქვეყანაში მყარად დაფუძნება. მან საქართველოში შეიძინა უამრავი უძრავი ქონება. ამას გარდა, პატარკაციშვილმა დააფუძნა მედია-ჰოლდინგი, რომელიც გაერთიანებული ტელევიზია, რადიოსადგური, გაზეთი და საინფორმაციო სააგენტო. ამასთან, მჭიდროდ დაუახლოვდა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას. მის გარეშე ხელისუფლების ეგიდით ბოლო პერიოდში გამართულ არცერთ მსხვილ ღონისძიებას არ ჩაუვლია.

ბადრი პატარკაციშვილის და ვაჟა ლორთქიფანიძის ახლო კავშირი ჯერ კიდევ პარლამენტის სპიკერის არჩევნების დროს, 2002 წლის დეკემბრის თვეში გამოიკვეთა, როცა მაშინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია გადადგა და დეპუტატებს ნინო ბურჯანაძეს, ვაჟა ლორთქიფანიძესა და “დემოკრატიული აღორძინების” კავშირის ერთ-ერთი ლიდერს ჯემალ გოგიტიძეს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.

მაშინ ბადრი პატარკაციშვილი აჭარაშიც იმყოფებოდა, სადაც აჭარის ავტაონომიური რესპუბლიკის თავჯდომარეს ასლან აბაშიძეს შეხვდა, რომელიც “დემოკრატიული აღორძინების კავშირის” ლიდერიცაა. მისი ბათუმში ვიზიტი, სწორედ აღორძინების მხრიდან ვაჟა ლორთქიფანიძის მხარდაჭერას და მათ სასარგებლოდ ჯემალ გოგიტიძის კანდიდატურის მოხსნას უკავშირდებოდა, თუმცდა, მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ერთის მხრივ, ჯემალ გოგიტიძემ კანდიდატურა არ მოხსნა, მერეს მხრივ კი, დებუტატებმა ნინო ბურჯანაძე აირჩიეს.

“ბადრი პატარკაციშვილი ვაჟა ლორთქიფანიძეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაფერი არ არის, რომ ცდილობს ლორთქიფანიძე პოლიტიკურ არენაზე დააწინაუროს, რაც გარანტი იქნება შემდგომი მისი წარმატებული მუშაობისა და უსაფრთხოებისა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რადიო “თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ.

5 სექტემბერს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ბადრი პატარკაციშვილს ოპოზიციურ პარტიებთანაც ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები თანამშრომლობისა და დაფინანსების შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილმა ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა “გაერთიანებულ დემოკრატებს” და “ახალ მემარჯვენეებს”.

ამ პარტიების მიმართ საკუთარი სიმპატიები ბადრი პატარკაციშვილმა ჯერ კიდევ აპრილის თვეში გადამხდელთა კავშირში ბიზნესმენების შეკრების დროს გამოთქვა. “ჩემი სიმპატიები ზურაბ ჟვნიას და დავით გამყრელიძის მიმართ არის მიმართული”, – აცხადებდა მაშინ ბადრი პატარკაციშვილი.

თავად ოპოზიციაში პატრაკაციშვილის პოლიტიკური არჩევანი გაკვირვებას არ იწვევს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯში სიახლე არაფერი არ ყოფილა. “კაცს სერიოზულად ესაჭიროება უსაფრთხოების გარანტიები და მისგან ასეთი ნაბიჯი სრულიად გასაგებია. რაც შეეხება ფინანსებს, ჩვენ თვითონაც რამენაირად მოვახერხებთ ფინანსების მოძიებას წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

დამკვირვებლები ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის გარიგებაში საგარეო-პოლიტიკურ ასპექტზეც ამახვილებენ ყურადღებას. რუსეთში ძებნილი პატარკაციშვილისთვის გადამყვეტი მნიშვნელობა აქვს შეინარჩუნოს გარკვეული კავშირები რუსეთის ხელისუფლებასთან, რისთვისაც ლორთქიფანიძე შესაბამისი ფიგურაა. ვაჟა ლორთქიფანიძე რუსეთთან დაახლოებული პიროვნებაა. იგი ქართულ პოლიტიკაში მოსვლამდე საქართველოს ელჩი იყო მოსკოვში და საკამოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან.

“არჩევნების დროს ყველას სჭირდება ფინანსები, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, ალბათ, მაინც საგარეო კურსი იყო. როგორც ჩანს, ბადრი პატარკაციშვილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა მკვეთრად პროამერიკულ და პროდასავლურ ორიენტაციზე მყოფი “ახალი მემარჯვენეები”, ალბათ, ისევე როგორც “დემოკრატები”. მისთვის უფრო მისაღებია რუსული ორიენტაციის მქონე პარტიებთან ურთიერთობა”, – აცხადებს ია ანთაძე.
 
სახელისუფლებო ბლოკის საპარლამენტო არჩევნებში გარკვეული წარმატების მიღწევის შემთხვევაში ვაჟა ლორთქიფანიძეს შესაძლებლობა ექნება უკვე პრეტენზიები პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მეორედ განაცხადოს, რადგან საარჩევნო ბლოკში პირველობა მას ამის საშუალებას და კარგ შანსებს აძლევს.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button