ახალი ამბები

მოსკოვი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას ჩქარობს

ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუსეთი ჩეჩენი ლტოლვილებისა და დევნილების სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს.

1-2 სექტემბერს საქართველოში რუსეთის სამთავრობა დელეგაცია იმყოფებოდა, რომელმაც ოფიციალურ თბილისთან პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საკითხი განიხილა. ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, პანკისში 3700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

ჩეჩენმა ლტოლვილებმა უამრავი დაპირება _ მათ შორის უმუშევრობისა და საცხოვრებელი სახლების აღსადგენი კომპენსაციები, უფასო ტრანსპორტირება და უსაფრთხოების გარანტიების დაპირებები მიიღეს თბილისში მყოფი რუსეთის 9 წევრიანი დელეგაციისგან, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მინისტრი ჩეჩნეთის საკითხებში სტანისლავ ილიასოვი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად საქართველოს დედაქალაქში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვიც იმყოფებოდა.

რუსეთის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს ოფიციალურ პირებთან _ პრეზიდენტ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, შინაგან საქმეთა და საგანგებო საქმეთა მინისტრებთან.

“რუსეთის მთავრობამ ლტოლვილებისთვის სახლების აღსადგენად 5 მილიარდი რუბლი გამოყო. იმ ლტოლვილებს, რომელთა სახლები ჩეჩნეთში ომის შედეგად მთლიანად განადგურდა 350000 რუბლი (11600 აშშ დოლარი) გადაეცემათ კომპენსაციის სახით. ნახევრად დანგრეული სახლის პატრონებს კი მთავრობა თავად აღუდგენს საცხოვრებელს.”

ილიასოვის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს საქართველოში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია ჩამოვა, რომელიც პანკისის ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილებს შეხვდება.

“ჩვენ საქართველოს მხარესთან მოლაპარაკებით კმაყოფილნი დავრჩით, რადგან თბილისმა ჩვენი მრავალი პოზიცია გაიზიარა. ერთ თვეში საქართველოში კიდევ ჩამოვალთ და დავიწყებთ ლტოლვილთა ნებაყოფლობით დაბრუნების პროცესს, რაც ეტაპობრივად განხორციელდება”, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის მინისტრმა ილიასოვმა.

ამა წლის ივნისში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვი უკვე იმყოფებოდა პანკისის ხეობაში, სადაც უშედეგოდ შეეცადა დაერწმუნებინა ჩეჩნები დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

რუსეთის ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, ჩეჩენი ლტოლვილები ეჭვის თვალით უყურებენ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას, სადაც კვლავ გრძელდება შეტაკებები ჩეჩენ მეომრებსა და ფედერალურ ძალებს შორის. ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტები კი იქ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო საშიშს ხდის.

“რუსეთმა ბევრჯერ შემოგვთავაზა დაბრუნება, უსაფრთხოების გარანტიებსაც შეგვპირდნენ მაგრამ, ვიდრე იქ რუსი ჯარისკაცები იქნებიან, ჩეჩნეთში როგორ დავბრუნდე?” _ ამბობს თბილისში დროებით მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილი ჯამილა აგაევა.

საქართველოს ხელისუფლება ისევე, როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ჩეჩნების ნებაყოფლობით საფუძველზე დაბრუნებას დაუჭერს მხარს.

“საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, ჩეჩნების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნება და იქ მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრება”, _ ამბობს საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე.

მოსკოვის დაპირებების მიუხედავად, მრავალი ჩეჩენი ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ზოგიერთი კი მესამე ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლას ითხოვს.

“ლტოლვილები საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მესამე ქვეყანაში გადასვლაში დახმარებას თხოვენ. მათი აზრით, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებიან”, _ აცხადებს საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა კომიტეტის ხელმძღვანელი ბაუდინ იტაგაევი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ისეთ ჩეჩენთა რიცხვმა, რომლებიც უცხო სახელმწიფოებს თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ.

ზოგიერთი დამკვირვებელი, ისევე როგორც თავად მრავალი ჩეჩენი მიიჩნევს, რომ რუსეთის გააქტიურება ჩეჩნების დაბრუნების მცდელობების მხრივ, უკავშირდება მეამბოხე რესპუბლიკაში ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. მათი აზრით, რუსეთი არჩევნების მეტი ლეგიტიმურობისათვის ლტოლვილების ჩეჩნეთში დაბრუნებას ცდილობს.

“რუსებს სურთ, რომ არჩევნებში მიგვაღებინონ მონაწილეობა, რომ ხმა კადიროვს მივცეთ. მერე ისევ უკან გამოგვყრიან”, _ ამბობს ერთ-ერთი ჩეჩენი ლტოლვილი.

თუმცა თავად რუსეთის ხელისუფლება ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს. “ვიცი, ამბობენ, თითქოს ჩეჩნების დაბრუნება არჩევნებს უკავშირდება. ეს არ არის სწორი. ოდემე ყველა სამშობლოში ხომ უნდა დაბრუნდეს? ინგუშეთში გახიზნებულნიი თავიანთ კერებს უკვე უბრუნდებიან. ჩვენი სურვილია, ჩეჩნები ნებაყოფლობით დაბრუნდნენ”, _ განაცხადა ბრაჟნიკოვმა თბილისის აეროპორტში.

თუმცა, რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ინგუშეთში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების ბანაკების გაუქმებას აპირებს არჩევნებამდე, გაზარდა იმის შიში, რომ რუსეთი ჩეჩნებს სამშობლოში იძულებით დააბრუნებს.
თავად ოფიციალური თბილისის ინტერესებში, რა თქმა უნდა, შედის ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნება, რადგან ისინი პანკისის ხეობაში დესტაბილიზაციის ერთ-ერთ წყაროდ აღიქმებიან.

მაგრამ საქართველოდან ჩეჩენი ლტოლვილების იძულებით რეპატრიაცია ნაკლებად სავარაუდოა, რაგდან თბილისის ასეთ ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობის უაღრესად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება.

გოგა ჩანადირი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button