
სახალხო დამცველი ცსკო-ს მეთაური გახდება
პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოპოზიციაში ეჭვს ბადებს “ნანა დევდარიანი ღირესული პიროვნებაა, აქვს დიდი გამოცდილება დამოუკიდებლად მუშაობის, გააჩნია პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. აქ გასათვალისწინებელია საზოგადოების ცენზი და ეუთო-სა და ევროსაბჭოს ელჩების დადებითი შეფასებები. დარწმუნებული ვარ, ნანა დევდარიანი გახდება ლიდერი ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. თუმცა, წარსულში სოციალისტურ პარტიაში ნანა დევდარიანის ყოფნის ფაქტი ოპოზიციის რიგებში ამ კანდიდატურის მიუკერძოებლობის კუთხით ეჭვებს ბადებს. პროფესიით ჟურნალისტმა ნანა დევდარიანმა პოლიტიკაში სახელი “სოციალური პარტიის” რიგებში მოიხვეჭა. იგი პარტიის ერთ-ერთ აქტიურ წევრად ითვლებოდა. იყო პირველი მოწვევის თბილისის საკრებულოს მდივანი, შემდეგ 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი. 2000 წელს კი პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სახალხო დამცველად, რის გამოც დატოვა სოციალისტური პარტია. “ვეცდები არჩევნები სამართლიანად და ობიექტურად ჩავატარო. არავის მივცემ იმის ფიქრის საშუალებას, რომ რომელიმე პარტიის ინტერესს ვითვალისწინებ, მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხალხის ინტერესებით იქნება განპირობებული”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. სწორედ სოციალისტურ პარტიასთან სიახლოვის გამო უარყოფით შეფასებას აძლევენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები, თუმცა, პირადად ნანა დევდარიანის მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი. “ამ დანიშვნით არაფერი ახალი არ მომხდარა. სახელისუფლებო ბლოკს კიდევ ერთი წევრი შეემატა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა კობა დავითაშვილმა. “სამწუხაროა, რომ მთავარი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებული პირი დაინიშნა. მთავარი მოთხოვნა კი სწორედ აპოლიტიკური პირის დანიშნვა იყო”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” წევრმა გიორგი ბარამიძემ. “პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნანა დევდარიანის პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ რამდენად ნეიტრალური იქნება გადაწყვეტილების მიღებაში არ ვიცით”, – აცხადებს “დემოკრატიული აღოძინების წევრი სანდრო ბრეგაძე. “ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურ ხასიათას ატარებს, რადგან ის სახელისუფლო ბლოკში შემავალი პარტიის წევრი იყო. ამან განაპირობა მისი დანიშვნა. მეც რომ ვიყო მის ადგილას, ასეთ შემთხვევაში მაინც ჩემი პარტიის ინტერესებს გავითავლიწინებდი, თუმცა, ვნახოთ მომავალში რა მოხდება”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ. “ქალბატონის მიმართ ცუდის თქმა არ მჩვევია, მაგრამ ნანა დევდარიანი შევარდნაძის გარმოცვასთან ასოცირდება. თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არჩევნები ეუთოს ზედამხედევლობით ტარდება”, – განაცხადა ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერმა შალავა ნათელაშვილმა. “ჩვენი პოიზიცია ასეთია – ყველასთან შევძლოთ თანამშრომლობა, ვისაც რეკომენდაცია ეუთო-მ გაუწია, თუმცა გვყავდა ისეთი კანდიდატებიც, რომლებსაც პირადად ვუჭერდით მხარს. ნანა დევდარიანი ღირსეული პიროვნებაა და ვფიქრობთ, შეძლებს დაკისრებული მოვალეობის სამართლიანად შესრულებას”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა. ოპოზიციის და ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელთა სიმპატიები დანარჩენი ორი კანდიდატის ვახტანგ ხმალაძესა და დავით უსუფაშვილის მიმართ იხრებოდა, თუმცა ნანა დევდარიანის დანიშვნის გამო ისინი პროტესტის გამოხატვას არ აპირებენ და სახალხო დამცველის პროფესიონალიზმსა და ობიექტურობას ენდობიან. დავით უსუფაშვილს და ვახტანგ ხმალაძეს ასევე დადებითად აფასებს ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ვახტანგ ხმალაძეს ერთ-ერთი პარტიის წევრობის გამო იწუნებს დავით უსუფაშვილს კი მისი ახალგაზრდობის გამო. “ვახტანგ ხმალაძეს არ გააჩნია დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება, თუმცა, აქტიურად მუშაობდა კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის შექმნაში. ასევე დადებითად ვაფასებ დავით უსუფაშვილის კანდიდატურას, იგი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, არის ახალგაზრდა და ეს თვისებები მომავალში გასათვალისწინებელია”, – აცხადებს პრეზიდენტი. თავად ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ დადებითად აფასებენ, თუმცა მათი სიმპატიები ერთმანეთის მიმართ იყო მიმართული. “პრეზიდენტს შევახსენებ, რომ 1991 წლის რეფერენდუმი მე ჩავატარე და საკამოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ისე, თავად ნანა დევდარიანის მიმართ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ჩემი სიმპატია უფრო დავით უსუფაშვილისკენ არის მიმართული”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. “ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. ნანა დევდარიანისთვის შეიძლება სრული ნდობის გამოუცხადება. იგი დამოუკიდებელ ფიგურად სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩამოყალიბდა და ამიტომ შეძლებს ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას”,- აცხადებს დავით უსუფაშვილი. უნდა აღინიშნოს ის, რომ სამი კანდიდატიდან არცერთი არ ფიგურირებდა იმ 25 კანდიდატის სიაში, რომელიც ერთი კვირის წინ ეუთოს წარმომადგენელს ლივიუ ბოტასა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პირად წარმომადგენელს პლემენ ნიკოლოვს წარუდგინა ქართულმა მხარემ. მათი სიაში ჩასმა მხოლოდ პრეზიდენტთან, ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ მოხდა. ძველი ცსკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ნანა დევდარიანის ოფიციალური დანიშვნა ორ დღეში, არა უგვიანესს 3 სექტემბრამდე მოხდება, 5 სექტემბერს კი კომისია პირველ სხდომას ჩაატარებს. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადებს არ არღვევს და ცსკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე ეუთო-სა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან: პარლამენტის წევრ ვახტანგ ხმალაძეს, დავით უსუფაშვილსა და სახალხო დამცველ ნანა დევდარიანს შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს.
ეუთო და ევროსაბჭო რთული არჩევანის წინაშე