ახალი ამბები

ეუთო და ევროსაბჭო რთული არჩევანის წინაშე

ამ შაბათ-კვირას ეუთო-სა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო-ს) თავმჯდომარეობის რამოდენიმე კანდიდატურას წარუდგენს დასამტკიცებლად.

საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე, მწერალი დავით ტურაშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი ტელეკომპანია “იმედის” პოლიტიკურ გადაცემათა რედაქტორი გიორგი თარგამაძე, პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე, ცსკო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე გიორგი ზესაშვილი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო გურიელი, იუსტიციის საბჭოს წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე, გაზეთ “რეზონანსის” დამფუძნებელი მალხაზ რამიშვილი, სამართლიანი არჩევნების” იურიდიული მრჩეველი ნუგზარ კუპრეიშვილი და ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძე. ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ის არასრულყოფილი სიაა, რომელთაგანაც ეუთოს და ევროსაბჭოს ერთობლივი ძალისხმევით მოხდება რამოდენიმე პრეტენდენტის შერჩევა.

ამ მისიით თბილისში იმყოფებიან ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი ლივიუ ბოტა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი, რომლებიც ერთობლივი ძალებით 26 აგვისტოდან მოყოლებული სწავლობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბიოგრაფიას და ცდილობენ საუკეთესოს გამორჩევას.

“მთავარია პიროვნება აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს. იყოს მიუკერძოებელი და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მიუკერძოებლობა არის უმთავრესი, თუ გავითვალისწინებთ იმ უნდობლობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციისადმი არსებობს,” განაცხადა 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ეუთოს წარმომადგენელმა ლივიუ ბოტამ, რომელიც საქართველოში უკვე ნამუშევარია გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში.

ეუთო, და ევროსაბჭო აღიარებს, რომ კანდიდატურების შერჩევა უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეა და ძალზედ რთული იქნება ისეთი კანდიდატურების შერჩევა, რომლებიც ყველას დააკმაყოფილებს.

“ჩვენი მიზანია წარმოდგენილი კანდიდატურებიდან ყველაზე მისაღები შევარჩიოთ, თუ ყველასათვის არა მაქსიმალურად ბევრისთვის მაინც. ვიცით, რომ ყველასთვის მისაღები პიროვნების დასახელება ვერ მოხდება, მაგრამ ვეცდებით ამ უკმაყოფილოთა რაოდენობა ნაკლები იყოს. ჩვენ გუნდური პრინციპით ვმუშაობთ და დეტალურად შევისწავლით თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიას” – განაცხადა ლივიუ ბოტამ.

27 აგვისტოს ლივიუ ბოტამ და პლამენ ნიკოლოვმა შეხვედრა გამართეს პრეზიდენტ შევარდნაძესთან. მომდევნო დღეს კი დაიწყეს შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, მათ შორის “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერთან ზურაბ ჟვანიასთან, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელთან ფიქრია ჩიხრაძესთან, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარესთან შალვა ნათელაშვილთან და “აღორძინების” ერთ-ერთ ლიდერთან ჯემალ გოგიტიძესთან.

“კანდიდატურების წარმოდგენილ სიაში ბევრია ისეთი პიროვნება, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის, რადგან სამთავრობო ბლოკის წარმომადგენლებად მოიაზრება. მათ შორის, რა თქმა უნდა გიორგი ზესაშვილი (მოქმედი ცსკო-ს თავმჯდომარე)” – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბ ჟვანიამ.

“კარგი იქნება თუ თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნება ან საპატრიარქოს წარმომადგენელი ან უცხოელი ექსპერტი” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
 
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ კანდიდატს წარუდგენენ უცხოელი ექსპერტები პრეზიდენტს. ლივიუ ბოტას განცხადებით, თეორიულად, შესაძლებელია, რომ ოცდახუთივე კანდიდატურის სია გადაეცეს პრეზიდენტს. “თუმცა ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჩვენ ჩვენზე დაკისრებულ ამოცანას თავი ვერ გავართვით,” აცხადებს ბოტა.

კანონის თანახმად პრეზიდენტ შევარდნაძეს შეუძლია არც ერთი წარმოდგენილი კანდიდატი არ დაამტკიცოს. ამ შემთხვევაში 14 კაციანი ცსკო ხმათა ორი-მესამედით თავისივე რიგებიდან აირჩევს თავმჯდომარეს.

ეუთო-სა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები აფრთხილებენ საქართველოს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება დიდად განაპირობებს ქვეყნისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას. პლამენ ნიკოლოვმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო არ გაიზიარებს სომხეთის მაგალითს, სადაც წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მრავალი დარღვევების გამო. 

“ალბათ ყველას გესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, ეს არის ერთგვარი გამოცდა, თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და რა დახმარებებს მიიღებს მომავალში მსოფლიოსგან ამ არჩევნების შემდეგ გაირკვევა” – აცხადებს ლივიუ ბოტა და ცსკო-ს წვერებს მოუწოდებს იმოქმედონ დამოუკიდებლად.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას ეუთოს მისია სექტემბრიდან იწყებს. ამ მიზნით თბილისში უკვე სექტემბრის დასაწყისში დამკვირვებელთა 28 კაციანი ჯგუფი ჩამოვა, რათა ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებს გაუწიონ მონიტორინგი. სულ კი არჩევნების მიმდინარეობას 2 ნოემბერს 700 უცხოელი დამკვირვებელი დაესწრება.     

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button