ახალი ამბები

ცსკო-ს უკანასკნელი გადაწყვეტილება მას-მედიას ზღუდავს

მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტიები ახალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკო) აკომპლექტებდნენ, ჯერ კიდევ მოქმედმა კომისიამ უფლებამოსილების ამოწურვამდე მოასწრო მიეღო დადგენილება, რომელიც მრავალი იურისტის თქმით, ამომრჩევლებისა და ელექტრონული მედიის უფლებებს ზღუდავს და ამით კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

25 აგვისტომ ძველმა ცსკო-მ მიიღო დადგენილება “საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ,” რომლის მიხედვით არჩევნებამდე 50 დღით ადრე, ანუ 14 სექტემბრიდან, სახელმწიფო და კერძო ტელე-რადიო მაუწყებლობას “ეკრძალება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის საქმიანობის ამსახველი, მათი მონაწილეობით საინფორმაციო-გასართობი გადაცემის და ასევე, არასათანადო საეთერო დროს რეპორტაჟების სააგიტაციო დანიშნულების კომენტარებით გაშვება.”    

“ამ დადგენილების ავტორებს სურთ, რომ 2 ნოემბერს მოსახლეობამ არ გამოხატოს საკუთარი ნება. ამ ქვეყანაში პოლიტიკა და საზოგადოებრივი საქმეები არჩევნებით იწყება და თუ ვინმე ცდილობს არჩევნების წინ წაგვართვას ინფორმაციის მიღების საშუალება, ეს არჩევანის გაკეთების უფლების საერთოდ წართმევას ნიშნავს” – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

“ეს დებულება ნიშნავს ელემენტარულად იმას, რომ ტელევიზიები ვეღარ შეძლებენ არჩევნებამდე 50 დღით ადრე თუნდაც გამართონ პოლიტიკოსთა ტელედებატები. ხოლო პარტიებს აღარ ექნებათ საშუალება მიაწოდონ თავიანთი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ტელევიზიის, ან რადიოს მეშვეობით. ეს არის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში”, – აცხადებს იურისტი და პარლამენტარი კობა დავითაშვილი.

პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შედგენაში აქტიურ როლს ასრულებდა, განმარტავს, რომ ცსკო-ს აღნიშნული დებულება “ცენზურის შემოღების მცდელობაა. ანუ ცსკო დაიწყებს ყველა ტელესიუჟეტის შემოწმებას, რათა რომელიმე მათგანში არ გაიპაროს რომელიმე პოლიტიკოსის აგიტაცია. და, თუ რას მიიჩნევენ აგიტაციად, ამას თავად ცსკო დაადგენს. კონსტიტუციის 24-ე მუხლში კი ნათქვამია: “ყველას აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია… მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.” ასე რომ, ამ დადგენილებას ნებისმიერი სასამართლო უკანონოდ ჩათვლის.”
 
თავად ცსკო ამ დადგენილებას საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლების შესაბამისობაში მოყვანით განმარტავს და აცხადებენ, რომ ეს დადგენილება არ ზღუდავს მედიის როლს, არამედ დაარეგულირებს ურთიერთობას პოლიტიკურ პარტიებსა და მასმედიას შორის არჩევნების დროს.

“ეს დებულება არანაირ ზეწოლას არ ახდენს მასმედიაზე, პირიქით, ამით ზუსტად გადანაწილდება პოლიტიკოსებისთვის საეთერო დრო და ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობაც გამოირიცხება”, – განაცხადა ცსკ-ს წევრმა და დადგენილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოციალისტების წარმომადგენელმა დენის დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლები შეადგენენ. 3 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოიწვია საკუთარი წევრი ცსკო-დან მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩებში მოქმედი კომისიის გაუქმების და ახალი ცსკო-ს შექმნის მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი შეიძლება ეს დადგენილება არ იყოს, რადგან მას სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში გააუქმებს იმის გამო, რომ აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. “მთავარია ის ტენდენცია, რომელიც ამ დებულების მიღებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტი აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ქვეყანას ათწლეულებით უკან წევს და საბჭოთა პერიოდში გვაბრუნებს,” – ამბობს გიორგი გაბაშვილი, “გაერთიანებული დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button