skip to content
ახალი ამბები

“ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკი საარჩევნო მარათონში ჩაერთო

ახლადშექმნილი საარჩევნო ბლოკის “ბურჯანაძე-დემოკრატების” პლაკატზე გამოსახულ ნინო ბურჯანაძის პორტრეტი აშკარად მიუთითებს, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პრაგმატული ნაბიჯი გადადგა, ამბიციები უკანა პლანზე გადადო და ბლოკში ლიდერობა ნინო ბურჯანაძეს დაუთმო. აშკარაა, რომ საარჩევნო ალიანსი მთელ ფსონს წინასაარჩევნოდ ბურჯანაძის პოპულარობაზე აკეთებს.

22 აგვისტოს “ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკმა წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო.

“რაც კი პოლიტიკაში ვარ, საარჩევნო კამპანიას ზუგდიდიდან ვიწყებ და ყოველთვის წარმატებას ვაღწევ. ეს უკვე ტრადიციაა”, – განაცხადა ზუგდიდში ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

“სამეგრელოდან ჩვენი საარჩევნო კამპანიის დაწყება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ეს ის მხარეა, რომლის მოსახლეობამაც ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე ომი და  ბევრი განსაცდელი გადაიტანა. სწორედ ამ მოტივით გვსურს მხარში დაგიდგეთ და შეგიმსუბუქოთ ტკივილი” – განაცხადა ბლოკის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

“ეს არის ქალი, რომლის ინიციატივითაც მოხდა გაერთიანება. პრინციპულობა, შემტევი ხასიათი და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, ეს ის სამი თვისებაა, სხვა დანარჩენთან ერთად, რის გამოც ბურჯანაძე ჩვენს სიმპატიას იმსახურებს”, –  ასე დაახასიათა ზურაბ ჟავნიამ ნინო ბურჯანაძე და იმედი გამოთქვა, რომ სწორედ მისი დახმარებით მოიპოვებს ბლოკი არჩევნებში სრულ გამარჯვებას.

ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ბლოკი რადიკალური ოპოზიცია იქნება, “მაგრამ ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებისადმი იქნება კონსტრუქციული და არა პოპულისტური.”

ზუგდიდში ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჟვანიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ლიდერობა ნინო ბურჯანაძეს დაუთმო. მკვეთრი ოპოზიციური განწყობის მიუხედავად ხალხს მაინც ახსოვს ის დრო, როდესაც ჟვანია პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოესი მოკავშირე იყო.

“თქვენ რომ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოკავშირე იყავით, მაშინ რა გააკეთეთ ხალხისთვის?” – შეეკითხა ჟვანიას ერთ-ერთი ზუგდიდელი. “ხელისუფლებას და პრეზიდენტს სწორედ იმიტომ გავემიჯნე, რომ ისინი არ იცავდნენ ხალხის ინტერესებს”, – უპასუხა ჟვანია.

“ჩემი სიმპატიები ბურჯანაძის მიმართაა და არა ჟვანიას. ვიმედოვნებ, რომ ბურჯანაძე უფრო შეძლებს ხალხისთვის სასიკეთო საქმის გაკეთებას, ვიდრე ჟვანია. ის მაინც ქალია და უფრო ესმის ჩვენი სატკივარი” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ზუგდიდის მცხოვრებმა ნინო ქირიამ.

სახელფასო და საპენსიო დავალიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა მოგვარებას ზუგდიდის მოსახლეობა ბურჯანაძესა და ჟვანიას თხოვდა.

“78 წლის ქალი ვარ და უკვე 10 წელია მოწყვეტილი ვარ ჩემს სახლ-კარს გულრიფშში, არც კუთვნილ პენსიას და დახმარებას მაძლევენ უკვე 6 თვეა. ხელისუფლებამ სიცოცხლის უფლება წაგვართვა”, – ამბობს გული კუკავა.

“ახლა მე ვერაფერს კონკრეტულს ვერ დაგპირდებით, ვერც იმით მოგატყუებთ, რომ აფხაზეთში უახლოეს პერიოდში დაგაბრუნებთ, თუმცა, მერწმუნეთ, ამ პროცესის დაწყებას 5-10 წელი არ სჭირდება. კარგად ვიცი, რომ არ გაქვთ პენსია, რომც გქონდეთ 14 ლარად არსებობა და ადამიანად თავის ჩათვლა შეუძლებელია. ამის სანაცვლოდ კი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა მდგრადი ეკონომიკური გავნითარების გზას ადგას. ვიცი თქვენი ტკივილი და მზად ვარ, რომ თუ თქვენი მხარდაჭერა იქნება არჩევნების შემდეგ აქტიურად დავიწყო ბრძოლა მის შესამსუბუქებლად”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დევნილებთან და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
 
ზუგდიდელები არჩევნებში მონაწილეობას კი აპირებენ, თუმცა, მათ ნაკლები იმედი აქვთ, რომ რამე მათ სასარგებლოდ შეიცვლება. “უიმედობა ეს ჩვენი მთავარი მტერია. ნუ იქნებით პესიმისტები,” – აცხადებდა ჟვანია ზუგდიდში.

თუმცა, პოლიკტიკოსების მცდელობების მიუხედავად, რთული იქნება ხალხში იმედის გაღვიძება. “მართალია იმედი არ გვაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება და უკეთ ვიცხოვრებთ, მაგრამ     არჩევნებში მონაწილეობას მაინც მივიღებთ, საკუთარი პოზიციას მაინც გამოვხატავ. მაგრამ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს ხმას არ გააყალბებენ”, – აცხადებდენენ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ზუგდიდელები.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ბურჯანაძის რეიტინგი და ჟვანიას გამოცდილება ერთ საარჩევნო ბლოკში

Back to top button