
პრეზიდენტი პარტიებს აჩქარებს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების მიზნით
(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისგან უმოკლეს ვადაში ითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების მიზნით საკუთარი კანდიდატურების წარდგენას.
“ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს ახლადწარმოშობილი დემოკრატიის სივრცისთვის. ამის გამო ყველაფერი სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს. არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, დასაკომპლექტებელია ცსკ-ო და ასევე სხვა ადმინისტრაციები. არ არის ამომრჩეველთა სიები ინტერნეტში განთავსებული. ბევრია გასაკეთებელი, ეს კი უნდა შესაბამისმა უწყებებმა უზრუნევლყონ”, – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ცსკ-ოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე, რომელიც ეუთო-ს წარედგინება დასამტკიცებლად, მისი ვინაობა კი ამ კვირის ბოლოს განხდება ცნობილი.
კანცელარიაში ასევე განიხილება პროექტი, რომელიც პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ინფორმაციით, ძალაში რჩება მისი წინადადება ორპალატიანი პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის შექმნის თაობაზე, თუმცა აცხადებს, რომ ეს უკვე მომავალი პარლამენტის განხილვის საგანი გახდება.