
ბურჯანაძის რეიტინგი და ჟვანიას გამოცდილება ერთ საარჩევნო ბლოკში
ყოფილი და მოქმედი სპიკერი ძალებს აერთიანებენ “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ნინო ბურჯანაძის გუნდთან გაერთიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 18 აგვისტოს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო. “ნინო ბურჯანაძემ შეგვიქმნა გაერთიანების პირობა. ის მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ფიგურაა. სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენს გაერთიანებაში ასეთი პიროვნებების ყოფნა. ჩვენი მხრიდან კი ნინო ბურჯანაძეს მყარ პოლიტიკურ საყრდენს შევუქმნით”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. “სასიამოვნოა ჩემს თანამოაზრეებთან გაერთიანება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ პოზიციაზე და მომავალშიც უკვე ერთობლივად შევუწყობთ ხელს ჩვენი ძირითადი პრინციპების განხორციელებას”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. ჯერ კიდევ 2001 წლის ნოემბერში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციების შემდეგ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, შემდგომ კი მოხდა ნინო ბურჯანაძის არჩევა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ყოფილ თავჯდომარეს მიუძღვოდა. თავად ნინო ბურჯანაძე მთავრობას და პრეზიდენტ შევარდნაძეს ოფიციალურად ოთხი თვის წინ გაემიჯნა, როდესაც განაცხადა, რომ ხელისუფლების პოლიტიკას დიქტატურისკენ მივყავართო და მთავრობა დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ იწყება ნინო ბურჯანაძის კონსულტაციები ცალკეული ოპოზიციური პარტიებთან ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების მიზნით. როგორც დამკვირვებლები მიიჩნევენ, ჟვანია-ბურჯანაძის გაერთიანების შედეგად შედგა ძლიერი პოლიტიკური წყვილი, რომელიც ერთმანეთს პოპულარობითა და პოლიტიკური გამოცდილებით დააბალანსებს. “ნინო ბურჯანაძის მაღალი რეიტინგი და ზურაბ ჟვანიას როგორც საარჩევნო, ისე პოლიტიკური გამოცდილება კარგ სამსახურს გაუწევს ორივეს, რათა მათი ამომრჩევლის ხმა არ გაიფანტოს. ეს გაერთიანება სიახლე არ ყოფილა, თუმცა საუკეთესოდ გააზრებული ნაბიჯია, ორივე პოლიტიკური ფიგურის მხრიდან. ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური გამჭრიახობა გამოიჩინა და კარგი არჩევანი გააკეთა, ისევე როგორც ჟვანიამ”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რადიო “თავისუფლების” მიმომხილველმა ია ანთაძემ. პოლიტიკური გამოცდილების გარდა ჟვანიას გააჩნია მეტ-ნაკლებად განვითარებული პარტიული ინფრასტრუქტურაც. მას შემდეგ რაც ჟვანია 2001 წლის ბოლოს საბოლოოდ გაემიჯნა პრეზიდენტ შევარდნაძესა და მის “მოქალაქეთა კავშირს”, იგი შეეცადა შეენარჩუნებინა მოქკავშირის პარტიული ინფრასტრუქტურა, რაც მან მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა. რეგიონებში მაშინდელი “მოქკავშირის” აქტივისტების ერთი ნაწილი მის მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა, რითაც რეგიონებში ჟვანიამ ასე თუ ისე მაინც მოახერხა გარკვეული პარტიული ქსელის შენარჩუნება, რაც საბოლოო ჯამში არჩევნებზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება. საზოგადოებაში ამ ორი პოლიტიკური ფიგურის გაერთიანებაზე გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს მათი სამომავლო გეგმები, რომლის შესახებაც ჯერ-ჯერობით მხარეები არ საუბრობენ, თუმცა, ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, საზოგადოებას ბევრ კარგ სიახლეს შესთავაზებენ და არჩევნებში გამარჯვების და პირველ ადგილზე გასვლის იმედიც აქვს. “ჩვენი გაერთიანებით, უკვე ცხადია, რომ არჩევნებში წარმატებას მივაღწევთ და უკლებლივ პირველ ადგილს მოვიპოვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ ვინაიდან ხალხს ვთავაზობთ იმ პრინციპების განხორციელებას, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ზურაბ ჟვანია. “ასეთი განცხადება უფრო საარჩევნო განცხადების შინაარსისაა. არავინ იცის, თუ როგორი შედეგებით ჩატარდება არჩევნები და წარმატებას ვინ მიაღწევს. ამ გაერთიანებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, დრო კი ცოტაა. ძნელია თითოეული ამომრჩეველი გაათვითცნობიერო და მოსთხოვო იმ პარტიას დაუჭიროს მხარი, რომლის სახელიც ჯერ არ არსებობს, მართალია ნინო ბურჯანაძის სახელი აქ კარგად მოქმედებს, მაგრამ მაინც საკმარისი არ არის”, – განაცხადა ია ანთაძემ. თავად ზურაბ ჟვანიას უკვე შემუშავებული აქვს საარჩევნო სია და აცხადებს, რომ საზოგადოებას ბევრ საინტერესო ადამიანს წარუდგენს არჩევნების წინ, თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ არ ასახელებს მათ ვინაობას. “მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ქართული მენტალიტედიდან გამომდინარე, ჩვენ მამაკაცები, ადგილს ქალბატონს ვუთმობთ და სიის პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძე დაიკავებს”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 18 აგვისტოს “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. “ისეთი ოპოზიციური პარტიების მიერთება, როგორიც სააკაშვილის და გამყრელიძის პარტიებია, გამორიცხული და შეუძლებელია, რადგან მათ შორის მაინც შეიმჩნევა აზრთა სხვადასხვაობა და ამბიცია, რაც ხელს უშლის მათ გაერთიანებას. ოპოზიციის გაერთიანება ერთადერთი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ მისი მხრიდან სერიოზული საფრთხე შეექმნება ქვეყნის დამოუკიდებლობას და სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენს გაერთიანება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეყოლება ერთიანი ოპოზიცია”, – აცხადებს ია ანთაძე. ამის გარდა არსებობს მოსაზრება, რომ ბურჯანაძე-ჟვანიასთან “ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანება წამგებიანი იქნება, როგორც “გაერთიანებული დემოკრატებისთვის” ასევე მიხეილ სააკაშვილისთვისაც, რადგან მათ სრულიად განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავთ, რომელთა ხმები გაერთიანების შემთხვევაში არათუ შეერთდება, არამედ გაიფანტება. ამიტომ ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ნაციონალებისა და ჟვანია-ბურჯანაძის არჩევნებში ცალცალკე მონაწილეობა სრულიად პრაგმატული მოსაზრებებით არის განპირობებული. თავად ზურაბ ჟვანიაც არ აპირებს კონსულტაციების გამართვას დანარჩენ პარტიებთან, თუმცა აცხადებს, რომ მათი გაერთიანება ღიაა ყველა მსურველისათვის. “ჩემი სურვილი იყო ერთად გვევლო ხალხის ინტერესების დასაცავად და შეძახილით დავღალე კიდეც ხალხი, თუმცა არ მოხერხდა. ახლა კი კონსულტაციების გამართვის დრო აღარ არის. დადგა დრო დღევანდელი ხელისუფლების არსებობის დასრულების და ახალი ცხოვრების დაწყების”, – აცხადებს ზურაბ ჟვანია. “ნინო ბურჯანაძე, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა თავისი ახალი პოლიტიკური მიდგომებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენ, “გაერთიანებული დემოკრატები” ჩვენი გამოცდილებითა და განვითარებლი პარტიული ინფრასტრუქტურით, ვართ ძალა, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა 19 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. “მე ნამდვილად მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად ვქმნით საარჩევნო ბლოკს”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. “ჩვენი გაერთიანება მისცემს საზოგადოებას შანსს, რომ სამართლიანი არევანი გააკეთოს საპარლამენტო არჩევნებზე [2 ნოემბერს]”, – დასძინა ჟვანიამ. მისი თქმით, შეხვედრები ნინო ბურჯანაძესთან გაგრძელდება და 21 აგვისტოს ისინი წარმოადგენენ თავიანთ საარჩევნო სიებსა და საარჩევნო პრინციპებს. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიაზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის, ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეების ერთ ბლოკში გაერთიანება არჩევნებში მათი წარმატების შანსებს ზრდის.
ამ პოლიტიკური ფიგურების გაერთიანება მოულოდნელი არ ყოფილა საზოგადოებისთვის. გაერთიანების შტრიხები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოიკვეთა, როცა ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობდა და ხელისუფლების წინააღმდეგ პარლამენტის შენობის წინ სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც გამოჩნდა და საზოგადოებას და ოპოზიციას მხარდაჭერა აღუთქვა.
რაც შეეხება უფრო მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებას ან ბურჯანაძე-ჟვანიას გუნდთან მიერთებას, დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე ეს უკვე ვერ მოხერხდება. “ახალი მემარჯვენეები” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებენ.