skip to content
ახალი ამბები

აფხაზები თბილისის დაუკითხავად ვერ იფრენენ ბაბუშერადან

(თბილისი, 19 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს ჯერ-ჯერობით არ გააჩნია ოფიციალური ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე ბაბუშერას აეროდრომის აღდგენასთან დაკავშირებით აფხაზების და რუსების მიერ ერთობლივად სამუშაობის დაწყების შესახებ.

“ამჟამად მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუ დადასტურდა, მაშინ ქართული მხარე უკვე პროტერსტს გამოთქვამს, რადგან საერთაშორისო საავიაციო დებულებების მიხედვით დახურული აეროდრომის ამოქმედება იკრძალება იმ მხარის უკითხავად, რომლის მფლობელობაშიცაა. ამ შემთხვევაში კი ბაბუშერას აეროდრომი ქართული მხარის მფლობელობაშია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოგა ქორქაიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, კრასნოდარის მხარე, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია ბაბუშერას აეროდრომის აღდგენით, მზად არის თვითმფრინავიც გადასცეს საჩუქრად აფხაზებს.

გოგა ქორქაიას ინფორმაციით, კი ასეთ შემთხვევაში აფხაზურ მხარეს უფლება არ ექნება ქართული მხარის უკითხავად განახორციელოს ფრენები.

ბაბუშერას აეროდრომის აღდგენაზე აფხაზი და რუსული მხარეების ერთობლივი სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სააგენტოების მიერ დღეს გავრცელდა.

Back to top button