
“რაო ეესი” ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიაზე პასუხისმგებლობას იხსნის
(თბილისი, 19 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების” განცხადებით, მას არანაირი კავშირი არ აქვს 18 აგვისტოს საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიასთან.
“ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას სურს ბოლო დროს ქვეყანაში გამწვავებული ენერგოპრობლემები ქვეყანაში “რაო ეეს”-ის შემოსვლას დაუკავშიროს, რაც მიზნად ისახავს დამატებითი ქულების მოგროვებას საპარლამენტო არჩევნების წინ”, – ნათქვამია კომპანიის მიერ 18 აგვისტოს გამოშვებულ პრეს-რელიზში.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე “კოლხეთზე” 18 აგვისტოს მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოს მთლიანი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. “კოლხეთის” საშუალებით ხდება საქართველოს მომარაგება ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან.
რუსული კომპანიის პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები ასევე ცდილობენ რუსული კომპანია ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებაში დაადანაშაულონ, თუმცა “რაო ეეს”-ს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია ამ მიმართულებით.
აგვისტოს დასაწყისში რუსულმა კომპანიამ ამერიკული “ეი-ი-ეს”-ისგან ელექტროგამანაწილებელი კომპანია “თელასის”აქციების 75% შეისყიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსული კომპანია საქართველოში მუშაობას დაახლოებით 1 სექტემბრიდან შეუდგება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 15 აგვისტოს დაამტკიცა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინადადება ელექტროენერგიაზე დიფერენცირებული გადასახადის შემოღების თაობაზე.
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.