ახალი ამბები

საკადრო ცვლილებები და ქაოსი ენერგეტიკაში

მთელი საქართველოს ჩაბნელება, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა და საეჭვო დანიშვნები ენერგეტიკის სფეროში მოსახლეობაში შარშანდელზე უარესი ზამთრის მოლოდინს განაპირობებს. ენერგეტიკის სფეროში კვლავ ქაოსური ვითარებაა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა უფრო გაურკვეველი ხდება.

ქართულ ენერგეტიკაში “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების” შემოსვლით და კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან ენერგომომარაგების მიზნით უკეთესი ზამთრის დაპირებების მიუხედავად, მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩება. უკვე აგვისტოს თვეში თბილისში დაწესებულია გრაფიკი და ელექტროენერგიაზე გაზრდილია ტარიფი.

18 აგვისტოს დილით საქართველოს მთელი რიგი რეგიონები და დედაქალაქი ჩაბნელდა, რის მიზეზადაც დაუდგენელი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით იმერეთის რეგიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანება სახელდება. ანალოგიური შემთხვევა გასული წლიდან მოყოლებული დაახლოებით მეოცედ ხდება. დღემდე არავინ დასჯილა. ელექტროენერგიის მოწოდება, ნაწილობრივ, იმავე დღეს საღამოსთვის აღდგა.

ამ შემთხვევამდე თბილისის უბნებს ელექტროენერგია უკვე გრაფიკით მიეწოდებოდა. თბილისის მერიის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის თემურ ჭინჭარაულის განმარტებით, ოფიციალურად გრაფიკი დედაქალაქში დაწესებული არ არის, თუმცა, დედაქალაქს ელექტროენერგია უკვე მესამე დღეა შეზღუდვებით მიეწოდება.

“თუ დეფიციტია ენერგეტიკაში, ამის შესახებ ჩვენ უნდა გვაცნობონ თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ და საბითუმო ბაზარმა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შედგეს გრაფიკი. ოფიციალურად ცნობა დავალიანების ან დეფიციტის შესახებ ჩვენთან არ მოსულა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თემურ ჭინჭარაულმა.

გრაფიკის დაწესების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს ახალი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი და აცხადებს, რომ “თელასის” დავალიანებების გამო 30%-იანი შეზღუდვებია დაწესებული მოსახლეობის მიმართ და ისედაც, ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიისთვის ქონების გადაბარებას ეს პროცესი თან ახლავს.

“თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთი კომპანიის მეორეზე გადასვლა მტკივნეული პროცესი იქნებოდა”, – განაცხადა 18 აგვისტოს მამუკა ნიკოლაიშვილმა.

სხვათაშორის, საქართველოს სრული ჩაბნელება მამუკა ნიკოლაიშვილის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მუშაობის პირველ დღეს დაემთხვა. ნიკოლაიშვილის დანიშვნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. იგი პრეზიდენტის ვაჟის პაატა შევარდნაძის უახლოეს მეგობრად არის მიჩნეული. ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკოლაიშვილის დანიშვნით პრეზიდენტის ოჯახი ქვეყნის ენერგოსექტორზე გავლენას გააფართოვებს.

ავარიას საქართველოს ენერგოსისტემაში წინ უძღვოდა საქართველოდან ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ის წასვლა და თბილისის ენერგოგამანაწილებელ კომპანიაში რუსული ენერგოკომპანია “რაო-ეეს”-ის შემოსვლა.

უკვე ზაფხულში ელექტროენერგიის დეფიციტით უკმაყოფილო მოსახლეობა დაბნეულია. “ვისთან წავიდე საჩივლელად? ამერიკელებთან (“ეი-ი-ესი”) თუ რუსულ კომპანიასთან? მაინტერესებს რატომ არ მაქვს დენი,”, – ამბობს თბილისში მაცხოვრებელი ნანა ნაჭყებია.

“ეი-ი-ესი” კომენტარებს აღარ აკეთებს – ამერიკული კომპანია საქართველოში ბიზნესის რუსული კომპანიისთვის გადაბარების პროცედურებით არის დაკავებული. ხოლო რუსულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ისინი ახალი მოსულები არიან და მხოლოდ ახლა იწყებენ სიტუაციის შესწავლას.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ხელისუფლებამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაზარდა. დიფერენცირებული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 6 აგვისტოს დახურულ სხდომაზე მიიღო. იუსტიციის სამინისტრომ კი რეგისტრაციაში დადგენილება 16 აგვისტოს გაატარა.  სემეკ-ის ახალი დადგენილების მიხედვით, 1 სექტემბრიდან მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც თვეში მოიხმარს 100 კვტ/სთ ენერგიას 12,18 თეთრს გადაიხდის, 101-200 კვტ/სთ – 13,7 თეთრს, 201-400 კვტ/სთ – 15,1 თეთრს, ხოლო 400 კვტ/სთ ზევით – 16,8 თეთრს. არსებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 68% თვეში 100კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს.

დიფერენცირებული ტარიფის დაწესებამ მოსახლეობისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი გამოიწვია. ლეიბორისტულმა (შრომის) პარტიამ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი 16 აგვისტოს შეიტანა, 18 აგვისტოს კი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.

“სანერვიულო არაფერია და ამ თემით ქულების დაგროვებას ზოგიერთები ნუ ცდილობენ, “რაო-ეეს”-ის ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა თავად განმიცხადა თბილისში ვიზიტის დროს, რომ ტარიფი არ გაიზრდება”, – განაცხადა 18 აგვისტოს რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა. იგი ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირების პირობას იძლევა.
 
დღეს არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ენერგოკრიზისი ზამთრის პერიოდში გარდუვალი იქნება იმ მიზეზითაც, რომ ჯერაც არ მომხდარა იმ  მცირე ენერგოობიექტების შერემონტება, რაც საქართველოს საკუთრებაშია დარჩენილი, მიზეზად კი თანხების უქონლობა სახელდება. ამას ემატება ენერგეტიკოსებზე 18-20 თვის გაუცემელი ხელფასები, ამის გამო, ისინი პერმანენტულად უარს აცხადებენ მუშაობაზე და ენერგოობიექტების გათიშვით იმუქრებიან.

ამ მძიმე ვითარებაში დამნაშავე პირები არ სახელდებიან და კვლავ ურთიერთგადაბრალების მექანიზმი მოქმედებს.

დღემდე პასუხისმგებლობა არცერთ ოფიციალურ პირს, მათ შორის არც სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას არ დაკისრებია. უფრო მეტიც, იგი პრეზიდენტმა ელექტროენერგიის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნა. “კაცი რომელმაც რუსულ კომპანია გაზპრომთან ხელშეკრულებას ფარულად მოაწერა ხელი, კაცი, რომელმაც ხელი შეუწყო “რაო-ეეს”-ის საქართველოში შემოსვლას, ახლა “დამსახურებულ პენსიაზე” გაუშვეს,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვანო მერაბიშვილი.

დავით მირცხულავას პარლამენტის ენერგეტიკის საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩუბინიშვილი კი კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

“ენერგეტიკის დარგში შეიძლება არსებობს კორუფცია, მაგრამ არა სამინისტროში”, – ასეთ კომენტარს აკეთებს ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა და არ აპირებს სხვა განმარტებების მიცემას. იგი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პარლამენტში არ გამოცხადდა რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სპეციალურად იყო დაბარებული და დეპუტატებისთვის ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”სა” და “რაო-ეეს”-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია უნდა მოეხსენებინა.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვალდებული არ არის პარლამენტის წინაშე წარსდგეს და განმარტებები გააკეთოს დარგში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button