
შევარდნაძეს გაზრდილი ტარიფები კატასროფად არ მიაჩნია
(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ელექტროენერგიაზე დიფერენცირებული ტარიფის დაწესებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ზამთრის პერიოდში გათბობის მიზნით არ გამოიყენონ ელექტროენერგია, რაც შეღავათი იქნება მათთვის.
“ხელისუფლების მიზანია მოამარაგოს მოსახლეობა ბუნებრივი აირით ზამთრის პეროიოდში. ჩვენ ვეცდებით შევიძინოთ გაზი ან “იტერასაგან” ან “გაზპრომისაგან”, შესაძლოა ორივესგან. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობა დაბალი იქნება და მოსახლეობას არც დიდი რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს”, – განაცხადა ედუარდ სევარდნაძემ.
მისი თქმით, ელექტროენერგიაზე ისეთი ტარიფი უნდა იყოს დაწესებული, რომელიც ზუსტად შეესაბამება ენერგოსექტორში დანახარჯებს და სოციალურ ფენებზეც იქნება გათვლილი.
პრეზიდენტის ინფორმაციით, სოციალური ფენებისთვის აშშ-ს განვითარების სააგენტო “იუსაიდ”-ის დახმარებით მოქმედებს შეღავათები და ეს მომავალშიც გაგრძელდება. იგი მოსახლეობას აიმედებს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი აღარ გაიზრდება.
“სანერვიულო არაფერია და ამ თემით ქულების დაგროვებას ზოგიერთები ნუ ცდილობენ, “რაო ეეს”-ის ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა თავად განმიცხადა თბილისში ვიზიტის დროს, რომ ტარიფი არ გაიზრდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ელექტროენერგიაზე დიფერენცირებული ტარიფი ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 6 აგვისტოს მიიღო, 15 აგვისტოს კი იუსტიციის სამინისტრომ დაამტკიცა. ის მოსახლეობა ვინც თვეში მოიხმარს 100 კვტ/სთ-მდე ენერგიას, 12,18 თეთრს გადაიხდის, 101-200 კვტ/სთ – 13,7 თეთრს, 201-400კვტ/სთ – 15,1 თეთრს, ხოლო 400 კვტ/სთ ზევით 16,8 თეთრს.