
ახალი ამბები
პარლამენტმა აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა თავის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნას მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს იმყოფებოდნენ ისინი.
აფხაზეთში კონფლიქტი ზუსტად 11 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ქართული ჯარები ხელისუფლებამ აფხაზეთში წესრიგის აღსადგენად გაგზავნა. ქართულ ჯარებს აფხაზთა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები დახვდნენ.
საბრძოლო მოქმედებები 1993 წლის 27 სექტემბერს შეწყდა. კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც. 300 ათასამდე ადამიანი დღემდე დევნილია და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება არ გააჩნია.