ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორი სიტყვის თავისუფლებას ემუქრება

პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენელთა ქმედებებით “უკმაყოფილოა”, რადგან უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან რწმუნებულის მიმართ კრიტიკამ იმატა.

“ეს ადამიანები ხალხის მტრები არიან” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა 21 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც მან ჟურნალისტებს და დამსწრე საზოგადოებას “ხალხის მტრების” სია გაცნო. ამ სიაში ძირითადად იმერეთის რეგიონის სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან წარმოდგენილნი.

“ზოგიერთი ჟურნალისტის კრიტიკამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა, ამიტომ ამ ქმედებების აღსაკვეთად გარკვეულ ზომებს უნდა მივმართოთ” – განაცხადა შაშიაშვილმა და დაამატა, რომ იგი წერილს გადაუგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურორსა და ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს და სთხოვს მათ გამოიძიონ თუ ვის ინტერესებს იცავენ ეს პირები, როდესაც რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს აკრიტიკებენ.

შაშიაშვილის განცხადება ქუთაისში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შაშიაშვილს ღიად დასდეს ბრალი “რეგიონში არაჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის”.

“ჩვენ ბრალს ვდებთ ბატონ შაშიაშვილს, რადგან მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერი გაკეთებულა ქუთაისში. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ სერიოზულ ინვესტიციას, ან რაიმე განვითარებას ეკონომიკაში რაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განხორციელდა რეგიონში” – განაცხადა დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ, 15 ივლისს გამართულ კონფერენციაზე “მოძრაობა ქუთაისისათვის”. შუშანია მეხუთე ადგილს იკავებს რწმუნებულის მიერ გამოცხადებული “ხალხის მტრების” სიაში.

“რწმუნებული პასუხისმგებლობას თავს არიდებს და ბიზნესმენებს ადანაშაულებს ბიუჯეტის დეფიციტისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო. ჩვენ მოვითხოვთ გაუქმდეს რწმუნებულის ფონდი იმერეთის რეგიონში, რადგან იქ არსებული თანხები, მთლიანად შაშიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას ხმარდება” – განაცხადა გიგა შუშანიამ.

აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო პერიოდში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის საქმიანობით დაინტერესდა. ამასთან დაკავშირებით საქმის განხილვა გაიმართება უახლოეს მომავალში, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ საკუთარი აზრი გამოხატონ.

თემურ შაშიაშვილმა “ხალხის მტრების” სიაში ასევე “სამართლებრივი და სოციალურად დაუცველთა კავშირის” წარმომადგენლები გელა ხუნდაძე და დავით ჯიშკარიანი მოიხსენია. ისინი ბოლო პერიოდში აქტიურად აწყობდნენ დემონსტრაციებს ხელისუფლების წინააღმდეგ, სადაც გუბერნატორს კორუფციაში სდებდნენ ბრალს და მის გადაყენებას მოითხოვდნენ.

შაშიაშვილის “შავ სიაში” შეყვანილი პირები აცხადებენ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიიღო თემურ შაშიაშვილის წერილი, თუმცა როგორც რწმუნებულის კანცელარიის საინფორმაციო სამსახური აცხადებს მათ მსგავსი წერილი პროკურატურაში არ გაუგზავნიათ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შაშიაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ, პოლიციამ გელა ხუნდაძე დააკავა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე 1993 წელს 30 ტონა უმაღლესი ხარისხის ჩაის მითვისებაში დასდო ბრალი. ამჟამად ხუნდაძეს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რომლის ვადა 2 ნოემბერს, საქართველოში სააპრლამენტო არჩევნების დღეს, სრულდება.

ქუთაისის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით ხელისუფლებისაგან კიდევ მრავალი პროვოკაცია არის მოსალოდნელი.

“ხუნდაძის დაკავება პირდაპირ უკავშირდება რწმუნებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ეს არის ერთგვარი ნიშანი სიის სხვა წევრებისათვის, რომ მათ წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები განმეორდება, თუ ისინი ხელისუფლების კრიტიკას არ შეწყვეტენ” – განაცხადა გიგა შუშანიამ.

“შაშიაშვილის ქმედება იმ სახელმწიფოს პრეზიდენტების ქცევას ჰგავს, სადაც სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, მსგავს სიტუაციას კი ჩვენ ქუთაისში არ მოვითმენთ” – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ჯული გიორგაძე

Back to top button