ახალი ამბები

პარლამენტი ბიუჯეტის სეკვესტრს ამ კვირაში განიხილავს

მთავრობა შემოსავლების გაზრდას მოსახლეობის ხარჯზე ცდილობს

19 აგვისტოს პარლამენტი ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ცვლილებათა პაკეტის განხილვას დაიწყებს, რომელიც ხარჯვითი ნაწილის 86 მილიონი ლარით შემცირებას, ხოლო შემოსავლების 45 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის კორექტირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება და 2003 წლის ბიუჯეტში არსებული დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტში ცვილებათა განხილვა პარლამენტში დაძაბული იქნება, რასაც ოპოზიციის მხრიდან საბიუჯეტო გარღვევის გამო მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოყვება.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ცვლილებების პროექტი 4 აგვისტოს წარადგინა პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ კორექტირების პარამეტრები ბოლომდე არ ითვალისწინებს სსფ-ის რეკომენდაციებს.

“ფონდის მიერ შემოთავზებულ პარამეტრებთან სხვაობა 10 მილიონ ლარს შეადგენს” –  განაცხადა 8 აგვისტოს საღამოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილიამ სახელმწიფო მინისტრთან ეკონომიკური გუნდის თათბირზე. სსფ-ის რეკომენდაციით, ხელისუფლებას ხარჯები 96 მილიონი ლარით უნდა შეემცირებინა.

“მთავრობის მიერ წარმოდგენილი კორექტირებული ბიუჯეტი კვლავ არარეალურ პროგნოზს ემყარება. მთავრობამ, ნაცვლად 96 მილიონი ლარით ხარჯების შემცირებისა, რომელიც სავალუტო ფონდთან იყო შეთანხმებული, ის მხოლოდ 86 მილიონი ლარით შეკვეცა; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალი გადასახადების შემოღებით ნავარაუდევმა დამატებითმა შემოსავლებმა შედეგი, საუკეთესო შემთხვევაში, მომავალ წელს გამოიღოს, ბიუჯეტის დასაბალანსებლად გათვალისწინებული რესურსები ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება”, – ნათქვამია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნაში.

წინააღმდეგობას იწვევს ის ფაქტიც, რომ შემოსავლების გაზრდას ხელისუფლება არა ადმინისტრირების, არამედ პირდაპირ მოსახლეობის ხარჯზე გეგმავს. შემოღებული უნდა იქნას ახალი გადასახადები, რითაც წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტი ზედმეტი 45 მილიონი ლარით უნდა შეივსოს. მოსახლეობას მოუწევს მობილური ტელეფონით საუბრის საფასურის 10 ლარზე გადაჭარბების შემთხვევაში საერთო თანხის 10%-ის დამატებით გადახდა. ამას გარდა მოუწევს მშენებლობაზე კვადარატულ მეტრზე დამატებითი 85 ლარის გადახდა, მოსახლეობა აღმოჩნდება დაზარალებული ბაზრობებზე გადასახადების ზრდითაც, რაც საერთო ფასების ზრდას გამოიწვევს.

ასევე ხელისუფლება აპირებს გაზარდოს გადასახადები კაზინოებზე და აზარტული თამაშების ბიზნესზე. დანარჩენი გადასახადების მობილიზებას ხელისუფლება ადმინისტრირების გაუმჯობესების, ანუ გადასახადების ამოღების სრულყოფითა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებით ვარაუდობს. გასულ კვირას ამ მიმართულებით უკვე გარკვეული ღონისძიებები უკვე დაიწყო და საგადასახადო ინსპექციამ სამართალდამცველებთან ერთად დაიწყო ბაზრობების, ბენზინგასამართი სადგურების, ასევე მსხვილი სავაჭრო ობიექტების ფართომაშტაბიანი შემოწმება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.

ხარჯების შეკვეცით თითქმის ყველა უწყება ზარალდება. თუმცა, ყველაზე მეტად სეკვესტრის შედეგებს თავდაცვის, უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროები იგრძნობენ. მათ 18 მილიონით შეეკევეცებათ ხარჯები.

“მე აუცილებლად დავაყენებ ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს”, – აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ბიუჯეტის კორექტირების პარამეტრებით უკმაყოფილოა.

მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავენ ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცებიც. წინასწარი განცხადებებით, ცალკეული მინისტრების გადაყენებას ოპოზიცია არ დაჯერდება და მთლიანი გუნდის პასუხისმგებლობას მოითხოვს. ოპოზიცია პერსონალურად შეახსენებს სახელმწიფო მინისტრს, ავთანდილ ჯორბენაძეს იმ ვალდებულებებს, რომელიც მან ბიუჯეტთან დაკავშირებით აიღო.

“ყველა თავმოყვარე პარლამეტმა მთავრობას, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისი პასუხი უნდა მოთხოვოს” – განაცხადა 8 აგვისტოს საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა.

ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის დავით სალარიძის შეფასება – “2003 წლის ბიუჯეტი გარდაიცვალა”, – აცხადებს იგი. 

“სეკვესტრთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს არ დააზარალებს”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, თუმცა, იგი სეკვესტრის დამტკიცებასთან ერთად მხარს დაუჭერს მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხსაც.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულება ხელისუფლებამ 15 აგვისტომდე უნდა უზრუნველყოს. მთავორბა უკვე ცდილობს შეასრულოს კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას ითვალისწინებს. ელექტროენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ უკვე გადაუგზავნა დასამტკიცებლად იუსტიციის სამინისტროს პროექტი ტარიფის გაზრდის შესახებ. თუმცა, ამ გადაწყეტილებას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უკვე აპროტესტებს. ლეიბორსტები კი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ.
 
პარლამენტი სამშაბათიდან დაიწყებს ბიუჯეტის სეკვესტრის განხილვას, რაც, წინასწარი განწყობის მიხედვით, მწვავედ ჩაივლის. ასევე იგეგმება ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის მოსმენა, რის შემდეგაც ოპოზიციური ფრაქციები ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ, თუმცა, უმცირესობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, როგორც მოსალოდნელია, უშედეგო იქნება.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Back to top button