ახალი ამბები

ჩუბაისს თბილისში ხმაურიანი შეხვედრები მოუწყეს

საქართველოს მთავრობა “რაო ეეს”-თან თანამშრომლობის აუცილებლობის დამტკიცებას ცდილობს

მაშინ, როდესაც რუსული ენერგოკომპანია “რაო-ეეს”-ის ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან მოლაპარაკებებს მართავდა, თბილისის ქუჩებში საზოგადოების ერთი ნაწილი რუსული ენერგოგიგანტის საქართველოში შემოსვლის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა.

თუმცა, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსული კომპანია “რაო-ეესი” საქართველოში 15 აგვისტოდან დაიწყებს მუშაობას, რასაც ოფიციალური თბილისი მიესალმება.

კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე ანატოლი ჩუბაისი, რომელიც თბილისს ერთდღიანი ვიზიტით 6 აგვისტოს ესტუმრა, აცხადებს, რომ “რაო-ეეს”-ის საქართველოში შემოსვლა წმინდა ეკონომიკური ინტერესებით არის განპირობებული.” იგი საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგებით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც რუსული კომპანიის საქართველოში გამოჩენას მოჰყვა, უსაფუძვლოა.

ანატოლი ჩუბაისმა დაადასტურა, რომ რუსულ კომპანიასა და ამერიკულ “ეი-ი-ეს” შორის დადებული ხელშეკრულებით, “რაო ეეს”-ის ხელში გადადის თბილისის ენერგოგამანაწილებელი ქსელის – “თელასის” აქციათა 75%, “ეი-ი-ეს მტკვარის” ორი 600 მგვტ-იანი ენერგობლოკი, სომხეთსა და თურქეთში ელექტროენერგიის სატრანზიტო ქსელი “ეი-ი-ეს ტრანსენერჯი,” ასევე რუსეთს მართვის უფლებით გადაეცემა ჰიდროელექტროსადგურები “ხდრამი-1” და “ხრამი-2”. აღსანიშნავია, რომ “ეი-ი-ეს”-თან მოლაპარაკებამდე “რაო-ეეს” ქართულ მხარესთან შექმნილი ჰქონდა ერთობლივი კომპანია “საქრუსენერგო”, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა ელექტროენერგიის ტრანზიტი.

ჩუბაისის განცხადებით, “რაო-ეეს”-ისთვის საქართველოსთან, ისევე როგორც დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან, მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

“ახლა ჩვენ უკვე შევძლებთ, საქართველოში როგორც ექსპორტს, ისე ელექტროენერგიის გამომუშავებას ენერგოობიექტებიდან და ასევე განაწილებას, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. ასევე საშუალება გვეძლევა მოვახდინოთ ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს ენერგოსისტემის შიგნით შესვლით ჩვენც ქართული ენეგოსისტემის ნაწილი ვხდებით და ვეცდებით ჩვენი ბიზნესის განვითარებას, ამის საშუალება კი ნამდვილად არსებობს”, – განაცხადა ანატოლი ჩუბაისმა 6 აგვისტოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრთან დავით მირცხულავასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
 
საქართველოს ხელისუფლება, ცდილობს რა გაანეიტრალოს ის მძაფრი კრიტიკა, რაც რუსული კომპანიის შემოსვლას მოჰყვა, აცხადებს, რომ “რაო ეეს”-ის შემოსვლით ქვეყანაში ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა მოიხსნება.
 
“საქართველო ენეგორესურსების მხრივ დეფიციტური ქვეყანაა და საჭიროა თანამშრომლობა რომელიმე ქვეყნის ენერგოკომპანიასთან, რუსეთი კი საუკეთესო პარტნიორი შეიძლება იყოს ამ მხრივ, ვინაიდან აქამდეც ენერგოკრიზისის დროს დამატებითი ენერგიას რუსეთიდან ვიღებდით. ეს ზამთარი გაცილებით უკეთესი იქნება”, – განაცხადა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ.

მასმედიასთან შეხვედრას წინ უძღვოდა ანატოლი ჩუბაისის პირისპირ ერთსაათიანი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრთან დავით მირცხულავასთან.

“პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა თავიდანვე, რომ მცოდნოდა ანატოლი ჩუბაისთან მექნებოდა საქმე პრეტენზიას არ გამოვთქვამდი ამერიკული კომპანიის მიმართ. ქართულ მხარესთან შეხვედრამ ცხადყო, რომ ისინი მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის. სწორედ ეს იყო ჩემი თბილისში ვიზიტის მიზანიც”, – აცხადებს ანატოლი ჩუბაისი.
 
ანატოლი ჩუბაისის თბილისში ჩამოსვლით უკვე ღიად გაცხადდა, რომ ამერიკულმა კომპანია “ეი-ი-ეს”-მა ორთვიანი მოლაპარაკების შემდეგ შეძლო საკუთარი ქონების მიყიდვა “რაო-ეეს”-ის შვილობილი კომპანია “რაო-ნორდიკისთვის”, რომელიც ამავე დროს “ინტერ-რაო”-ს აქციათა მფლობელია. ამ გარიგებას ხელი უკვე 31 ივლისს მოეწერა, თუმცა დაფარულია, თუ რა რაოდენობის თანხა გადაუხადა “რაო-ეეს”-მა “ეი-ი-ეს”-ს.

“ეს არ იყო პოლიტიკური გარიგება, არც კრემლიდან მართული, უბრალოდ მოხდა კომერციული მოლაპარაკება, ორ კომპანიას შორის. ამით ჩვენ საქართველოს კონსტიტუცია და არსებული კანონმდებლობა არ დაგვირღვევია. ამის შესახებ ქართული მხარე თავიდანვე იყო ინფორმირებული ჯერ კიდევ 2002 წლიდან”, – განაცხადა ანატოლი ჩუბაისმა.

“ვაცხადებ, რომ თბილისში “ეი-ი-ეს”-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩამოსვლამდე ჩვენ ამ გარიგების შესახებ არაფერი ვიცოდით. ინფორმაცია გვქონდა კომპანიის შესაძლო წასვლის თაობაზე, მაგრამ აქციათა გაყიდვაზე არაფერი არ გვსმენია”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არამარტო თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია “თელასის” აქციები გაიყიდა, არამედ მთლიანად კომპანია “ეი-ი-ეს სილქ როუდი”, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ქართული ენერგოობიექტები.

ჩუბაისისა და მირცხულავას განცხადებები სრულიად არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შემცირებულიყო ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა. პირიქით პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და ანატოლი ჩუბაისის შეხვედრის შემდეგ, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი არც ყოფილა, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება “ეი-ი-ეს”-სა და რუსულ კომპანიას შორის წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ფლობდა და პრაქტიკულად არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა, თუნდაც, აქციათა საკონტროლო პაკეტი მაინც გამოესყიდა.

“ანატოლი ჩუბაისს პირდაპირ დავუსვი შეკითხვა, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რათა ქართულმა მხარემ შეძლოს აქციათა გარკვეული ნაწილის გამოსყიდვა, რაც კონტროლის უფლებას მოგვცემდა. ჩემდა გასაკვირად, როგორც თავად ჩუბაისმა მითხრა, საქართველოს ხელისუფლებას არც კი შეუთავაზებია ეს წინადადება მისთვის. თუმცა, მან დასძინა, რომ ეს სრულიად შესაძლებელი იყო. გამცეს პასუხი მთავრობამ, რატომ არ დააყენა ეს საკითხი?”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ ჩუბაისთან 6 აგვისტოს გვიან საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ.

ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტისგან ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას ჯერ კიდევ 6 აგვისტოს დილით, ჩუბაისის ჩამოსვლამდე უშედეგოდა ეცადა, როცა იგი ყველსათვის მოულოდნელად მთავრობის სხდომაზე გამოცხადდა. მან პრეზიდენტ შევარდნაძეს და მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას მოთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო სტრატეგიული ენერგოობიექტების რუსეთისთვის გადაცემა, რამაც პრეზიდენტ შევარდნაძის აღშფოთება გამოიწვია. “გვაცალეთ, ბატონო, ჩამოვა ის კაცი [ჩუბაისი] და ყველაფერს გავარკვევთ”, – შეაწყვეტინა სიტყვა ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

“გარკვევით ყველაფერი გაირკვა. გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა სტრატეგიული ობიექტები შეენარჩუნებინა. გაირკვა, რომ პრეზიდენტს, ენერგეტიკის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნებს პირადი ინტერესები აქვთ რუსული კომპანიის მიერ საქართველოს ენერგოსექტორის დაუფლებაში”, – აცხადებს ენერგოკრიზისის საკითხის  შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვილი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების მტკიცება იმის თაობაზე რომ მოსახლეობას უკეთესი ზამთარი ექნება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი რუსეთის მიერ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის ხელში ჩაგდებას შეეგუოს. “დარწმუნებული ვარ მოსახლეობას არ სურს დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად მიღებული ელექტროენერგია,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მოსახლეობის ერთი ნაწილის პოზიცია თბილისის ქუჩებში ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” აქტივისტებმა გამოხატეს, რომლებსაც შოუბიზნესისა და საზოგადო მოღვაწეთა ერთი ნაწილიც შეუერთდა. ანატოლი ჩუბაისის ვიზიტი თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. მას ფეხდაფეხ მოძრაობა “კმარას” აქტივისტები დაჰყვებოდნენ და საქართველოში “რაო-ეეს”-ის შემოსვლასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდნენ. 

“კმარას” აქტივისტები აქციებს პარალელურად მართავდნენ აეროპორტში, პარლამენტის შენობის წინ, იყო მცდელობა კანცელარიის და სათბობ-ენერგეტიკის შენობების წინ აქციების გამართვისა, მაგრამ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს, რის შედეგადაც, აქციის რამოდენიმე მონაწილე დაშავდა.

ხმაურიანი აქციებისა და პოლიტიკური წრეების პროტესტის მიუხედავად, როგორც ჩანს, ანატოლი ჩუბაისმა თბილისში ვიზიტისას ხელისუფლებისგან საქართველოში ბიზნესის ნორმალურ პირობებში წარმართვის გარანტიები მიიღო, ასე რომ, ჩუბაისისთვის საქართველოში ოპოზიციის განწყობამ მეორე პლანზე გადაიწია.

“ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება, ჩვენ მგონი ცუდს არაფერს ვაკეთებთ. თუ მათ მოსწონთ ამერიკული [“ეი-ი-ესი”] და არ მოსწონთ რუსული კომპანია, ეს უკვე მათი გემოვნების საკითხია და ჩვენ ჩარევას არ ვაპირებთ”, – აცხადებს ანატოლი ჩუბაისი.
 
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ქართულმა მხარემ “რაო ეეს”-ის დაახლოებით 40 მლნ ლარამდე დავალიანება დააგროვა კომპანიის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის გამო. ეს ფაქტორი იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ რუსული კომპანია საქართველოში არამარტო ენერგოობიექტებს, არამედ, შესაძლოა, დავალიანების დაფარვის მიზნით სხვა სტრატეგიულ ობიექტებსაც დაეუფლოს.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button