ახალი ამბები

ჩრდილოეთის აისი

მომგებიანი თანამშრომლობა თუ პოლიტიკური ბერკეტების ძველ ხელში დაბრუნება?

მას შემდეგ, რაც შევარდნაძე ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირის – აშშ-ს ღია კრიტიკით გამოვიდა, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა შიში, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, შესაძლოა, კვლავ რუსეთისკენ შეტრიალდეს. ოპოზიციურ ლიდერებს და დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტმა რუსეთის გამოყენება გადაწყვიტა.

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში ცვლილებების თაობაზე საუბრები მას შემდგეგ დაიწყო, რაც საქართველოში ორი რუსული ენერგეტიკული გიგანტი “გაზპრომი” და “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემები” (“რაო ეეს”) შემოვიდნენ. ამ უკანასკნელმა ამერიკული “ეი-ი-ეს”-ის ადგილი დაიკავა. ამით რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკაში ფაქტიური მონოპოლისტი ხდება. ამას ისიც დაემატა, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო უზრუნველეყო აშშ-ს ადმინისტრაციის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების გატარება.

4 აგვისტოს რადიოინტერვიუში შევარდნაძემ პირველად გააკრიტიკა აშშ-ს საელჩო და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, რომელმაც ივლისში თბილისში ვიზიტისას პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტს გადასცა ამერიკული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული გეგმა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით.

“არ მესმის, რატომ განმარტავენ აშშ-ს საელჩოს ზოგიერთი წარმომადგენლები საქართველოდან “ეი-ი-ეს”-ის გასვლას არახელსაყრელი საინვესტიციო გარემოთი. მაშინ როგორღა ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სხვა მრავალმილიარდიანი პროექტები? მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში იდეალური საინვესტიციო გარემოა, მაგრამ საქართველოში ბიზნესის წარმოება სრულიად შესაძლებელია”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 4 აგვისტოს რადიოინტერვიუში.

31 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ს საელჩომ გამოხატა სინანული კორპორაცია “ეი-ი-ეს” გადაწყვეტილების გამო საქართველოს ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული კომპანიის გასვლა “მიუთითებს საქართველოში არსებულ არახელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე”.

იმავე რადიოინტერვიუში შევარდნაძემ კომენტარი გაუკეთა მისი მისამართით აშშ-ს ადმინისტრაციის კრიტიკას ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული არჩევნების გეგმის არმიღების გამო. 5 აგვისტოს პარლამენტმა დაამტკიცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესები. სახელისუფლებო ფრაქციებმა მხარი დაუჭირეს ცსკო-ს დაკომპლექტების იმ ვარიანტს, რომელიც არ შეიცავს კომისიის ჩამოყალიბების პარიტეტულ პრინციპს. 31 ივლისს პარლამენტმა არ დაამტკიცა ცსკო-ს ფორმირების ოპოზიციის მიერ შეთავაზებული პარიტეტული წესი, რადგან ყველა სახელისუფლებო ფრაქცია ამ წინადადების წინააღმდეგ წავიდა.

“შეერთებული შტატები, კერძოდ კი ჩემი მეგობარი ჯეიმს ბეიკერი უკმაყოფილოა, რომ შევარდნაძემ ვერ შეძლო თავისი სიტყვის შესრულება [და “ბეიკერის გეგმის” განხორციელება]”. მაგრამ როგორ უნდა შემესრულებინა ჩემი პირობა? განა აშშ-ს კონგრესი ასე მუშაობს? განა შეუძლია აშშ-ს პრეზიდენტს მიუთითოს კონგრესს რა გააკეთოს? არა. მე არ შემიძლია ჩავერიო პარლამენტის საქმიანობაში” – განაცხადა საქათველოს პრეზიდენტმა 4 აგვისტოს.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ შევარდნაძის განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე პრეზიდენტს არასოდეს გაუკრიტიკებია ღიად აშშ-ს პოზიცია. რადიო “თავისუფლების” მიმომხილველმა ია ანთაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ შევარდნაძის უკანაკსნელი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი და მოულოდნელი იყო და ამდენად, მოვლენათა განვითარების პროგნოზირება ძალზედ რთული ხდება.

“ბეიკერის გეგმის” პირველი მოსმენით მიღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ შევარდნაძის უშუალო ჩარევის შემდეგ, რომელიც ტელეფონით ესაუბრა ოპოზიციისა და სახელისუფლებო ფრაქციების ლიდერებს და დაარწმუნა ისინი ხმა მიეცათ ამ წინადადებისათვის. თუმცა, მეორე მოსმენისას [31 ივლისს] მან გადაწყვიტა აღარ ჩარეულიყო პროცესებში და შესაბამისად, გეგმა არ იქნა მიღებული. პარლამენტმა მიიღო [ცსკო-ს ფორმირების] ის წესი, რომელიც არ ეფუძნება პარიტეტის პრინციპს”, – თქვა ია ანთაძემ.

როგოც მან აღნიშნა, რომ ცსკო-ს ფორმირების ამ წესის მიღება, რომელიც მთავრობას კომისიის სრული კონტროლის საშუალებას აძლევს, მოულოდნელი არ ყოფილა. “აშშ-ს მიერ შეთავაზებული გეგმა გულისხმობდა სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რითაც პრო-პრეზიდენტული ძალების არჩევნებში გამარჯვების შანსები ძალიან მცირდებოდა. მთავრობა ამომრჩეველთა მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობს. ამიტომ სახელისუფლებო ძალები ძალიან რისკავენ. თუ ისინი ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში, საფრთხე დაემუქრება არა მხოლოდ მათ მაღალ თანამდებობებს, არამედ პირად კეთილდღეობასაც”, – დასძინა ია ანთაძემ.

დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ რუსული ენერგოგიგანტების საქართველოში შემოსვლა არ არის უბრალო დამთხვევა. “ჩვენ არ უნდა განვიხილოთ რუსული კომპანიების ქართულ ენერგობაზარზე შემოსვლა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით. ჩუბაისის ფინანსურმა სახსრებმა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საქართველოში არჩევნებისათვის მისი კაპიტალის ერთი მეასედიც კი საკმარისი იქნება. ჩემი აზრით, შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა რუსეთთან მოკავშირეობაა”, – ამბობს განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი ივლიანე ხაინდრავა.

თუმცა მთავრობა ცდილობს შეამციროს “რაო ეეს”-ის საქართველოში შემოსვლის პოლიტიკური მნიშვნელობა და უარყოას არჩევნებსა და ენერგეტიკაში [რუსეთთან] შეთანხმებებს შორის რაიმე კავშირის არსებობას. “საქართველოში “რაო ეეს”-ის შემოსვლა მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. კონტრაქტი დადებულ იქნა ორ ტრანსნაციონალურ კომპანიას შორის (“ეი-ი-ეს” და “რაო ეეს”) და ამდენად მთავრობა ამ კონტრაქტთან არანაირად არ არის დაკავშირებული”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ 4 აგვისტოს “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

4 აგვისტოს პრეზიდენტი შევარდნაძე მიესალმა “რაო ეეს”-ის საქართველოში შემოსვლას და აღნიშნა, რომ “ჩუბაისი შესანიშნავი მმართველია და საქართველოს ხელისუფლებას მასთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს”.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უარყოფს არჩევნებსა და ენერგოშეთანხმებებს შორის კავშირს, ოპოზიციური ლიდერები აცხადებენ, რომ მთავრობის უკანასკნელმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ქვეყანა არასტაბილურობამდე მიიყვანოს.

“შევარდნაძე დილემის წინაშე აღმოჩნდა. მას უნდა გაეკეთებინა აერჩევანი საკუთარ ძალაუფლებასა და ქვეყნის მომავალს შორის. სამწუხაროდ, მან არჩევანი საკუთარი ძალაუფლების სასარგებლოდ გააკეთა და გადაწყვიტა რუსეთის მიმართ დათმობებზე წასულიყო. შევარდნაძე ყველაფერს აკეთებს, ოღონდ ხელსუფლება შეინარჩუნოს. ფარული ენერგოშეთანხმებებითა და დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის უარყოფით მას ქვეყანა არასტაბილურობამდე მიყავს და შედეგებზეც თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი”, – აღნიშნავს ზურაბ ჟვანია, “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

“ახალ მემარჯვენეთა” ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, საქართველოში უკანასკნელი მოვლენები მიუთითებენ იმაზე, რომ შევარდნაძის მთავრობამ დასავლეთს ზურგი შეაქცია.

“შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა სოჭში [6-7 მარტს] ამ პროცესის დასაწყისი იყო. [სოჭში] შევარდნაძე დათანხმდა აფხაზეთში რუსი სამშვიდობო ძალების მანდატის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებასა და აფხაზეთში ენერგო-ობიექტების რეაბილიტაციაში “რაო ეეს”-ის მონაწილეობას. ამას მოჰყვა გარიგებები “გაზპრომთან” და “რაო ეეს”-თან. მე მთავრობის ასეთ ქმედებებს მხოლოდ ღალატი შემიძლია ვუწოდო”, – ამბობს დავით გამყრელიძე.

“ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. შევარდნაძეს აშშ-სგან არავითარი გარანტია არ მიუღია, რომ ის ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. შესაბამისად, მან არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა და ეხლა მოსკოვის დახმარების იმედი აქვს”, – აღნიშნავს “ტრადიციონალისტების” წარმომადგენელი დეპუტატი მაია ნადირაძე.

 “საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის” პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელს მიაჩნია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქართული ხელისუფლება ძალიან შორს არის დემოკრატიული ფასეულობებისაგან.

“მათთვის გაცილებით უფრო ადვილია ურთიერთობა რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან, ვიდრე დასავლელ პარტნიორებთან, დემოკრატიული აზროვნებითა და დასავლური მენეჯმენტით. ქართული მთავრობისათვის გაცილებით უფრო ადვილია ბინძური თამაშების თამაში რუს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ასევე ძალიან შორს არიან დასავლური ფასეულობებისგან” – განუცხადა ალექსანდრე რონდელმა “სივილ ჯორჯიას”.

დღემდე შევარდნაძის საგარეო პოლიტიკური კურსი იყო ის ერთადერთი საკითხი, რომელიც წამყვანი ოპოზიციური ძალების მხრიდან კრიტიკას არ იწვევდა. თუმცა დღეიდან, როგორც ჩანს, შევარდნაძეს ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოუწევს ოპონენტების ბრალდებების მოსმენა.

გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button