
პრეზიდენტი სეკვესტრისა და პენსიების შესახებ
(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო მზად არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ დღეს საქართევლოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ვალდებულება ცენტრალური ბიუჯეტის კორექტირებაა. “ეს მეტად მტკივნეული საკითხია, მაგრამ ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია, პროექტი უკვე შემუშავებულია და მალე პარლამენტს წარედგინება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
უკვე შემუშავებულია პროექტი, რომლის მიხედვით სეკვესტრი 91 მლნ ლარით განხორციელდება და გაწერილია თითოეულ უწყებას რა რაოდენობის თანხა ჩამოეჭრება.
პრეზიდენტის თქმით, ასევე მოხდება პენსიების გაცემა, როგორც ძველი დავალიანებების, ისე მიმდინარე პენსიების. უახლოეს პერიოდში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ახალი პროექტს ძველი საპენსიო დავალიანებების გაცემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ინფორმაციით, ჯგუფი ინდივიდუალურად იმუშავებს პენსიონერებთან და მათი სურვილის მიხედვით მოხდება დავალიანების დაფარვა, კერძოდ კი ფასიანი ქაღალდების გაცემით, ან მიწის გადასახადის დაქვითვით.