
ქართველი სამშვიდობოები ერაყში გაემგზავრნენ
სამხედრო შენაერთის შემადგენლობაში შედიან კოჯრის სპეციალური ბატალიონის 34 ქვეითი ჯარისკაცი, 20-კაციანი სამედიცინო რაზმი, მათ შორის 13 ქალი, და 15-კაციანი საინჟინრო ქვედანაყოფი. გაცილების ცერემონიაზე, რომელიც 3 აგვისტოს “ალექსეევკის” სამხედრო აეროდრომზე შედგა, ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დახმარება აღუთქვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის საქმეში. მისი თქმით, “ეს ისტორიული დღეა, რადგან ქართული ჯარები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ერაყში შეუერთდებიან”. “სამხედრო შენაერთის ერაყში გამგზავრებამ დაადასტურა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია და ანტ-ტერორისტულ კოალიციაში მისი გაერთიანება მხოლოდ სიტყვები არ იყო”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად განლაგდება ქართული შენაერთი. “ბაღდადში ჩასვლისთანავე ქართულ შენაერთს დახვდება აშშ-ის არმიის ქვეითთა დივიზია, რის შემდეგაც დაუყონებლივ დაიწყება მათი მისიის განხორციელება”, – აღნიშნა ელჩმა. თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის ინფორმაციით, ამერიკელი ოფიცრები ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ ქართველ სამხედროებს მათი მოვალეობების თაობაზე. ამერიკული მხარე თავის თავზე იღებს ქართული შენაერთის ტრანსპორტირების, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს. ქართული მხარე კი დაფარავს ჯარისკაცების, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ხარჯებს. ხელფასი თვეში 600-დან 1500 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქართველი სამშვიდოების აღფრთოვანებას იწვევს. “მე სამხედრო ექიმი ვარ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო, ერაყში წასვლისთვისაც კი. თუმცა, ამ მისიის ფინანსური ასპექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თვეში 600 დოლარს მივიღებ, რაც ჩემთვის ძალიან კარგია”, – განუცხადა ნანა ქავთარაძემ “სივილ ჯორჯიას” ერაყში გამგზავრებამდე. იგი იმედოვნებს, რომ საბიუჯეტო დეფიციტისა და მოსალოდნელი სეკვესტრის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს ხელი არ შეეშლება სამშვიდობოების ხელფასების გაცემაში. “არ მკითხოთ ფინანსური საკითხების თაობაზე. ფინანსთა მინისტრს ჰკითხეთ ამის შესახებ”, – განუცხადა თევზაძემ ჟურნალისტებს. ქართული შენაერთი ერაყში ექვს თვეს დარჩება. “იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე [საქართველო, აშშ] შეთანხმდებიან განაგრძონ თანამშრომლობა, დაიწყება როტაციის პროცესი და ახალი ქართული შენაერთი ერაყში 2004 წლის თებერვალში გაიგზავნება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიაამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი “სი-17” 3 აგვისტოს თბილისის “ალექსეევკას” აეროდრომიდან ერაყის მიმართულებით გაფრინდა. პირველი ქართული სამხედრო შენაერთი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სამშვიდობო მისიით გაემგზავრა.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე გენერალ ჯონ აბიზაიდს დაუკავშირდა, რათა ეცნობებინა, რომ საქართველო მზად არის სამშვიდობო მისიის შესასრულებლად”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.