
ენერგოკრიზისის შემსწვალელი საპარლამენტო კომისია ამერიკული ენერგოკომპანიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს
(თბილისი, 1 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ენერგოკრიზისის შემსწვალელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინაშვილი ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-ის მხრიდან თელასის, ასევე ჰიდროელექტრო სადგურების “ხრამი-1”, “ხრამი-2” და “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 და მე-10 ენერგობლოკების რუსული ენერგოკომპანია “რაო-ეეს”-ზე მიყიდვის გამო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიმართოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს სარჩელით, რადგან მისი თქმით, ამერიკულმა კომპანიამ ჩარჩო-ხელშეკრულება დაარღვია.
“კომპანიას უფლება არ ჰქონდა ქართული მხარის ჩარევის გარეშე განეხორციელებინა ეს ქმედება. განსაკუთრებით თბოელექტროსადგურების, ჰესების და გადამცემი ხაზების გადაცემა რუსული მხარისთვის. ფაქტიურად, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციონირება საჭირო აღარ იქნება და ენერგოსექტორი მთლიანად რუსული მხარის მიერ წარიმართება, რადგან “რაო-ეესი” კომპანია არ არის, ის მთლიანად რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ უწყებას წარმოადგენს”, – განაცხადა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ჩუბინიშვილმა.
მისი თქმით, კომპანიას ასევე უნდა დაევალოს “ეი-ი-ეს მტკვარის” 300 მგვტ-იანი მე-10 ენერგობლოკის აღდგენა, რომელიც 2001 წლის დეკემბრის თვეში მომხდარი აფეთქების გამო მთალინად გამოვიდა წყობიდან.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს მთავრობის წევრების, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მისვლა და ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოხსენება პარლამენტისთვის. ამ საკითხს, შესაძლოა, დეპუტატებმა პარლამენტის საგანგებო სხდომაც მიუძღვნან.