ახალი ამბები

სახელისუფლებო ფრაქციებმა “ბეიკერის გეგმა” ჩააგდეს

(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენისას არ დაამტკიცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, რომელიც ე.წ. “ბეიკერის გეგმის” საფუძველზე იყო შემუშავებული.

“მრეწველებმა,” “აღორძინებამ” და პრეზიდენტის მხარდამჭერმა პარტიებმა წარმოდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.


პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები მოიცავს ბეიკერის შეთანხმების ძირითად პრინციპებს საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირებასთან დაკავშირებით. ამ ვარიანტით იქმნება 15 წევრიანი ცსკ-ო, სადაც კომისიის თავმჯდომარეს ეუთოს რეკომენდაციით ამტკიცებს ცსკ-ო, 5 წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო ოპოზიციის 9 ადგილს პარიტეტული პრინციპით შემდეგი პარტიები დაიკავებენ: აღორძინება, მრეწველები, ახალი მემარჯვენეები, ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები, ლეიბორისტები, ერთობა, სახალხო-ტრადიციონალისტები და ე.წ. ზვიადისტური ძალები. ყველა ამ პოლიტიკურ ძალას ცსკო-ში თითო წარმომადგენელი ეყოლება.

“მრეწველები” და “აღორძინება” საარჩევნო კომისიებში ერთზე მეტ ადგილს მოითხოვდნენ.

დანარჩენი ოპოზიციური ფრაქციები – “ახალი მემარჯვენეები,” “ტრადიციონალისტები,” “ნაციონალური მოძრაობა,” “გაერთიანებული დემოკრატები” – აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ოპოზიციის განცხადებით, ისინი აპირებენ წარმოადგინონ ახალი წინადადება, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო ბლოკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი ხუთი ადგილიდან თითო-თითო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს უნდა გამოუყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button