ახალი ამბები

უცნაური თამაშები პარლამენტში

სახელისუფლებო ფრაქციები ბეიკერის გეგმას ბლოკავენ

დეპუტატებმა ვერ შეძლეს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება, რადგანაც 12-საათიანი დებატები პარლამენტში ეშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელთა თქმით, სახელისუფლებო ფრაქციები “აღორძინებასა” და “მრეწველებთან” ალიანსში ცდილობენ დააბრკოლონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების თაობაზე ე.წ. “ბეიკერის გეგმის” განხორციელება.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა დაერწმუნებინა სახელისუფლებო ფრაქციები ახალი საარჩევნო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღების აუცილებლობაში. დოკუმენტი, რომელიც პირველი მოსმენით 24 ივლისს იქნა მიღებული, ითვალისწინებს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ რეკომენდირებულ ყველა ძირითად დებულებას.

თუმცა, სახელისუფლებო ფრაქციებმა ცსკო-ს დაკომპლექტების თაობაზე “აღორძინების” მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დაუჭირეს მხარი. ამ წინადადების თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტია, მათ შორის “გაერთიანებული დემოკრატები” და “ნაციონალური მოძრაობა”, ადგილების გარეშე რჩებოდნენ საარჩევნო კომისიაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი განცხადებით, ეს დოკუმენტი პირველი მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელიც ცსკოში ადგილების თანაბარ გადანაწილებას ითვალისწინებს ცხრა ოპოზიციურ პარტიას შორის.

“აშკარაა, რომ “აღორძინებას”, “მრეწველებს” და სახელისუფლებო ფრაქციებს სურთ ხელი შეუშალონ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას, რადგან მათი მიზანია ძველი კომისიის შენარჩუნება, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და “გაერთიანებული დემოკრატების” წევრმა გიგი წერეთელმა 30 ივლისის პარლამენტის სხდომაზე. D

როგორც კი აშკარა გახდა, რომ საარჩევნო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღება ჩაშლისთვის იყო განწირული, “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ახალმა მემარჯვენეებმა” და “ტრადიციონალისტებმა” პროცედურული საშუალებები გამოიყენეს, რათა გადაედოთ კენჭისყრა.

პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძესა და პრეზიდენტ შევარდნაძეს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმაც კი ვერ შეძლო რაიმეს გამოსწორება. ბურჯანაძე ამაოდ სთხოვდა შევარდნაძეს ჩარეულიყო მოვლენებში და დაერწმუნებინა მისი მომხრე დეპუტატები მხარი დაეჭირათ კოდექსისთვის. შევარდნაძემ განზე დგომა არჩია და ოპოზიციის ლიდერების თხოვნაზე მასთან მოლაპარაკება გაემართათ, უარი განაცხადა.

“ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება არ არსებობს. პარლამენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, პრეზიდენტის ჩარევა ზედმეტია”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ 31 ივლისს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის მაჩვენებელი იყო როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის, რომ იგი ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების წინააღმდეგი იყო. “აშკარაა, რომ ის ფრაქციები, რომლებიც ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების წინააღმდეგნი არიან, შევარდნაძის მითითებებს ასრულებენ”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის გულგრილობა პარლამენტში მიმდინარე მოვლენების მიმართ მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციური ფრაქციებისთვის, რადგან პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსის მიღება მხოლოდ შევარდნაძის უშუალო ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მაშინ პრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა ხმა მიეცათ დოკუმენტისთვის.

“მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რამ აიძულა პრეზიდენტი ასე რადიკალურად შეეცვალა თავისი პოზიცია და თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი”, – აღნიშნა ჟვანიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს მხარეებს განაგრძონ კონსულტაციები, რათა მიაღწიონ კონსენსუსს საარჩევნო კოდექსის თაობაზე. “კონსულტაციები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს, ფრაქციები უნდა შეთანხმდნენ და შემდეგ შეხვდნენ პრეზიდენტს”, – განაცხადა იმნაძემ.

ოპოზიცია წელიწადზე მეტია ცდილობს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სახელისუფლებო პარტიებთან კონსენსუსს მიაღწიოს. მათი იმედები კომპრომისის მიღწევის თაობაზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენლმა ჯეიმს ბეიკერმა საქართველოს ცსკო-ს დაკომპლექტების თაობაზე რეკომენდაციები გადასცა.

მას შემდეგ შევარდნაძემ მრავალჯერ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა ბეიკერის გეგმის მიმართ. თუმცა, პარლამენტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ეჭვის ქვეშ აყენებს მის პირობას ამერიკული ადმინისტრაციის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button