ახალი ამბები

შევარდნაძე და ევროკავშირის წარმომადგენელი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰეიკი ტალვიტთან შეხვედრისას 30 ივლისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს დაინტერესება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში.

სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვოს.

“დღეიდან ჩვენი ურთიერთობა უფრო ნაყოფიერი გახდება”, – განაცხადა ჰეიკი ტალვიტიმ შეხვედრაზე.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

ჰეიკი ტალვიტი ოქტომბერში კვლავ ჩამოვა საქართველოში. მანამდე კი იგი ევროკავშირის ხელმძღვანელობას ბრიუსელში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button