ახალი ამბები

სოხუმისა და მოსკოვის მორიგი “სიურპრიზი”

ახალი ვნებათაღელვა სოხუმი-სოჭის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის გამო

თბილისში ჯერ საბოლოოდ არ ჩამცხრალა ვნებები აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად აღდგენის თაობაზე, როცა მოსკოვმა და სოხუმმა ქართველებს ახალი “სიურპრიზი” მოუმზადა.

აფხაზეთის კონფლიქტის შეწყვეტიდან გასული ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად 26 ივლისს სოხუმის პორტიდან სოჭის მიმართულებით გაემგზავრა ტურისტული კატარღა. სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ამ ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

რეისის პირველი მგზავრები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ. სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სოხუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენა საკურორტო სეზონზე აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული ტურისტების დიდი ოდენობითაა განპირობებული.

როგორც ხაჯიმბამ განაცხადა, საზღვაო მიმოსვლის აღდგენა ხდება კომერციული სტრუქტურების დონეზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოხუმსა და სოჭს შორის კატარღა ლათინურ-ამერიკული ქვეყნის დროშის ქვეშ იმოძრავებს.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც პარლამენტში აფხაზეთის დევნილ დეპუტაციას წარმოადგენს, 27 ივლისს კატეგორიული ზომების მიღება მოითხოვა სოჭსა და სოხუმს შორის აღდგენილი საზღვაო მიმოსვლის შესაწყვეტად.

ყოლბაიამ განაცხადა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში საქართველომ უნდა შეწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკებები 7 მარტს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ სოჭში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის თაობაზე.

მანამდე, 21 ივლისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, სადაც კატეგორიულად ითხოვდა “რუსეთის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე უარის თქმას და 1996 წელს დსთ-ის ქვეყნების მიერ მიღწეული შეთანხმების შესრულებას”. ეს შეთანხმება კრძალავს ცალმხრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს აფხაზ სეპარატისტებთან საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.

თუმცა, შევარდნაძის ეს მიმართვა უპასუხოდ დარჩა, ხოლო საზღვაო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე ქართული მხარისთვის არავის უცნობებია.

29 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის საელჩოს საქართველოში, რომელშიც მოუწოდებს მოსკოვს აღეკვეთოს უკაკონო საზღვაო მიმოსვლა სოჭსა და სოხუმს შორის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აცხადებს, საზღვაო მიმოსვლის აღდგენით დაირღვა არა მარტო დსთ-ს ქვეყნებს შორის 1996 წელს მიღწეული შეთანხმება, არამედ მთელი რიგი სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიც, მათ შორის გაეროს 1982 წლის კონვენცია საზღვაო მიმოსვლის შესახებ.

სიხარულიძის თქმით, გარდა ამისა დარღვეულია ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასევე 1996 წელს გამოცემული განკარგულება, რომლითაც სოხუმის პორტი დახურულადაა გამოცხადებული ყოველგვარი საერთაშორისო მიმოსვლებისთვის.

“როცა ნაოსნობა მიმდინარეობს არარსებული ქვეყნის დროშის ქვეშ არარსებულ სახელმწიფოში, ამას მეკობრეობა ჰქვია”, – დასძინა კახა სიხარულიძემ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ კი 28 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა მზად არის ქვეყნის ტერიტორიული წყლების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა აღკვეთოს. მაგრამ აფხაზურმა მხარემ ჩხეიძის ეს განცხადება არად ჩააგდო. სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრს ვიაჩესლავ ეშბას მიაჩნია, რომ ქართველ მესაზღვრეებს “აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში არაფერი ესაქმებათ”.

ამავე დროს, აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ტურისტულ სეზონში ოფიციალური თბილისი და ქართული საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ დააშინონ უცხოელი ტურისტები, რომ აფხაზეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. სოხუმის მთავრობის უშიშროების მინისტრი გივი აგრბა აცხადებს, რომ ქართულ პრესაში მოყვანილ ფაქტებს აფხაზეთში ძარცვისა და მკვლელობების შესახებ ადგილი არ ჰქონია, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და პრესაში გამოქვეყნებული მასალები აფხაზეთში ტურისტული სეზონის ჩაშლაზეა მიმართული.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გამო ატეხილ აჟიოტაჟს წლის დასაწყისში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა მოჰყვა სოჭში 6-7 მარტს, სადაც პრეზიდენტები შეეცადნენ, რომ ქაოტური მოვლენებისთვის გარკვეული მიმარტულება მიეცათ. სოჭის შეხვედრაზე გადაწყდა ერთობლივი კომისიების შექმნა, რომლებიც სხვა ყველაფერთან ერთად რუსეთიდან სოხუმთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხებზეც იმუშავებენ, თუმცა, როგორც ამ შეთანხმებით არის განსაზღვრული, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მოხდება მხოლოდ აფხაზეთში დევნილების დაბრულების პარალელურად.

ამ თემებზე იყო საუბარი გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) შეხვედრაზეც, რომელიც 21-22 ივლისს ჟენევაში გაიმართა, და რომელზეც მხარეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის თაობაზე, და განიხილეს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების, რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საკითხები.

ჟენევის შეხვედრას აფხაზური და ქართული მხარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მაგრამ ჟენევაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის გეგმების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

როგორც ეტყობა, საზღვაო მიმოსვლის აღდგენა აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა სოჭის შეთანხმების რეალიზაციის მიღმა გადაწყვიტეს, ხოლო საჭირო გახდება თუ არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად კვლავ შევარდნაძე-პუტინის შეხვედრის გამართვა, ამას მოვლენათა განვითარება უჩვენებს.

სოსო ხაჩიძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button