ახალი ამბები

რუსეთი ქართულ ენერგოსექტორში აშშ-ის გავლენის შემცირებას ცდილობს

“ეი-ი-ესი” მიდის, “რაო ეესი” საქართველოთი ინტერესდება

მაშინ როცა აშშ სულ უფრო დიდ აქტიურობას იჩენს საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო სფეროების მიმართ, ოფიციალური თბილისი, პრაქტიკულად, რეაგირების გარეშე ტოვებს მოსკოვის მცდელობებს დაეუფლოს ქვეყნის სტრატეგიულ ენერგოობიექტებს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ “გაზპრომთან” საიდუმლოდ დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ის მიერ “თელასის” რუსეთის ერთიანი ენერგოქსელებისადმი შესაძლო მიყიდვა ამ ტენდენციის აშკარა გამოხატულებაა.

თუმცა ამ გარიგების თაობაზე კომენტარისგან თავს იკავებენ როგორც “ეი-ი-ეს თელასში”, ასევე რუსულ ენერგოკომპანიაშიც. “ამის შესახებ ალბათ უფრო კომპანიის სათავო ოფისში იქნება საუბარი და არა თბილისში. ამიტომ ვერაფერს ვიტყვი”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ეი-ი-ეს თელასის” ოფიციალურმა ლობისტმა ირაკლი მელაშვილმა. 

“ჩვენ “ეი-ი-ეს თელასის” შესახებ კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებთ”, – უთხრა “სივილ ჯორჯიას” რუსეთის ერთიანი ენერგოქსელების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტატიანა მილიაევამ.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკვე გამოხატა შეშფოთება იმ საიდუმლო მოლაპარაკებების გამო, რომელიც, მისი თქმით, რუსულ და ამერიკულ კომპანიებს შორის მიმდინარეობს, თუმცა, იქვე დასძინა, რომ იგი არ ეწინააღმდეგება ქართულ ბაზარზე რუსეთის ერთიანი ენერგოქსელების გამოჩენას.

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანია (“ეი-ი-ეს”) საქართველოდან წავა. ფინანსური კრიზისის გამო კომპანიამ ვერ შეძლო მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დღემდე რიგ დათმობებზე მიდიოდა და ხელს უწყობდა კომპანიის ქვეყანაში დარჩენას, მაინც ვერ მოხერხდა ერთ დროს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის შენარჩუნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 28 ივლისის რადიოინტერვიუში.

“ხელისუფლების გარკვევის გარეშე არ მოხდება რუსული კომპანიისთვის (თელასის) აქციების მიყიდვა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დასასრულის პირასაა, მაგრამ ამას არ ახმაურებენ თავად (“ეი-ი-ეს”-ის) კომპანიის წარმომადგენლები”, – აცხადებს შევარდნაძე.

ამერიკულ კომპანიას საქართველოს ხელისუფლებასთან 1999 წელს გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების მე-17 თავი სრულ უფლებას აძლევს საკუთარი აქციები გაყიდოს, თუმცა ამის შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს აქციების 25% მფლობელს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ კი თბილისის მერია წარმოადგენს.

“ჩვენთვის და აქციონერებისთვის ამის შესახებ კომპანიას არაფერი უცნობებია, აქედან გამომდინარე ინფორმაციას არ ვფლობთ. თუ ეს მოლაპარაკება მართლა დადასტურდა, ჩვენი პოზიცია – უარყოფითი ან დადებითი წერილობით უნდა ვაცნობოთ, თუმცა 25%-ის მფლობელ მხარეს რაიმე რეაგირების მოხდენა არ შეუძლია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თბილისის მერიის ენერგეტიკის მარეგულირებელი საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ ჭინჭარაულმა.

რუსეთის ერთიანი ენერგოქსელები საქართველოში ელექტროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია. კომპანია აღიარებს, რომ საქართველო მისთვის სტრატეგიული ინტერესის ქვეყანას წარმოადგენს. ტატიანა მილიაევას განცხადებით, “კომპანია განიხილავს საქართველოში მსხვილი ენერგოობიექტების შეძენის საკითხს და ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.”

“საქართველო ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინტერესს წარმოადგენს. ამას გარდა, საქართველოს საშუალებით შესაძლებელია ჩვენი ელექტროენერგიის ტრანზიტი სომხეთსა და თურქეთში”, – უთხრა მილაევამ “სივილ ჯორჯიას.”

ამასთან, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ სოჭში 7 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რუსული ენერგოკომპანია უკვე ამუშავებს ბიზნესგეგმას აფხაზეთის ენერგოობიექტების, კერძოდ კი ენგურჰესის რეაბილიტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში საქმიანობა გააგრძელოს, ან “თელასის” აქციათა დამატებით 26% პროცენტი მაინც შეიძინოს, რათა საკონტროლო პაკეტი ქართული მხარის ხელში აღმოჩნდეს. თუმცა, პრეზიდენტი შევარდნაძე აღიარებს, რომ ცოტა ვინმე თუ მოიძებნება, ვინც “თელასის” ყიდვის სურვილს გამოთქვამსო.

“თუმცა, შეიძლება ბადრი პატარკაციშვილმა გამოთქვას სურვილი. მას ამის შესაძლებლობაც გააჩნია”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 28 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ოფიციალური თბილისი აღიარებს, რომ მას ბევრის არაფრის გაკეთება ძალუძს, რათა არ დაუშვას საქართველოს ბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლა. “ამერიკულ კომპანიას საკუთარ მფლობელობაში აქციათა 75% აქვს და მისი გაყიდვის სრული უფლებითაც სარგებლობს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ კომპანიას შევუწყოთ ხელი, რომ გააგრძელოს ბიზნესი საქართველოში”,? – განაცხადა 22 ივლისს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აკაკი ზოიძემ.

საქართველოს პოლიტიკურმა წრეებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება ამერიკული და რუსული კომპანიების შესაძლო გარიგების შესახებ. “ამერიკული კომპანიის ჩანაცვლება რუსულით, რა თქმა უნდა, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის და არასასურველია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დემურ გიორხელიძემ.

“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში რუსეთმა ხელში ჩაიგდო დავალიანების მქონე სომხეთისა და ბელორუსის სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგოობიექტები. “აშკარაა, რომ ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებაშიც, რაც ყოვლად დაუშვებელია”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 25 ივლისს.

პარლამენტის ენერგოკრიზისის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვილი სწორედ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს რუსული კომპანიის საქართველოში შემოშვების მცდელობაში.

22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩუბინიშვილმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და სხვა უწყებების ის ჩინოვნიკები, რომლებსაც საქართველოს ენერგოსისტემაში საკუთარი კორუფციული ინტერესები გააჩნიათ, დაინტერესებულნი არიან რუსეთის ერთიანი ენერგოქსელების საქართველოში შემოსვლით. მისი თქმით, ეს ჩინოვნიკები “რუსულ კომპანიასთან კორუფციულ გარიგებებში არიან ჩაბმულნი, რისი საშუალებითაც ფულის გათეთრება ხდება.”

“ეი-ი-ეს თელასის” ლობისტი ირაკლი მელაშვილიც კომპანიის საქართველოდან წასვლაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. “ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კომპანიას ქართული ბაზარი დაეტოვებინა, ეს იმან განაპირობა, რომ კომპანიამ უარი განაცხადა ჩინოვნიკების მიერ შეთავაზებული ბინძური თამაშის წესებით ეთამაშა, კერძოდ, თანხების მათ სასარგებლოდ განკარგვა. ენერგეტიკა ერთ-ერთი ისეთი დარგია, რომლიდანაც შეიძლება დიდი თანხების მოპარვა, ამაზე კი არ წავიდა “ეი-ი-ესი”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ირაკლი მელაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიული ობიექტის რუსული კომპანიის ხელში შესაძლო ჩაგდებით შეშფოთებულია აშშ-ის ადმინისტრაცია. ამას 22 ივლისს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ მაილსსა და პრეზიდენტ შევარდნაძეს შორის გამართული შეხვედრაც მოწმობს, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავაც დაესწრნენ.

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა “ეი-ი-ეს”-ის საქართველოში შემოსვლას და ახლაც დაუჭერს მხარს ამერიკული კომპანიის ქართულ ბაზარზე დარჩენას. ამჟამად არსებული პრობლემები კი კომერციული ხასიათისაა და ეს კომპანიას და ხელისუფლებას შორის უნდა მოგვარდეს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.
 
1999 წელს “ეი-ი-ეს”-მა თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის 75%-ის შესაძენად 25 მილიონი დოლარი გადაუხადა საქართველოს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო წელიწადში 10 მლნ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. თუმცა, სულ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა 275 მლნ დოლარს შეადგენს. დაახლოებით 150 მლნ დოლარი ენერგოქსელების რეაბილიტაციაზე და აღრიცხვიანობის მოწესრიგებაზე დაიხარჯა. 100 მლნ დოლარი კი ელექტროენერგიის შესყიდვაზე.

ირაკლი მელაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ წლების მანძილზე წაგებაზე მუშაობდა, ბიუჯეტში შეტანილი თანხების რაოდენობამ 100 მლნ დოლარი შეადგინა. “შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიის მიერ შეტანილი თანხით ივსებოდა. ახლა კი ამ კომპანიას ჩინოვნიკების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვუშვებთ ჩვენი ქვეყნიდან”, – აცხადებს “ეი-ი-ეს თელასის” ლობისტი ირაკლი მელაშვილი.

კომპანიის საქართველოში შემოსვლის დღიდან “ეი-ი-ეს”-ის წინააღმდეგ არა ერთი ბრალდება, თუ პრეტენზია გამოთქმულა, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან, მათ შორის თავად პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ.

შარშან აგვისტოში “ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემდეგ კი კომპანიას უკვე ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებენ. 22 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ “ნიკა ლომინაძე სავარაუდოდ “ეი-ი-ეს თელასის” ფინანსურ მაქინაციებს შეეწირა.”

კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი დარტყმა იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ლეიბორისტული პარტიის სარჩელის დაკმაყოფილება, რის გამოც, ელექტროენერგიის ტარიფის მომატება, რასაც “ეი-ი-ეს თელასი” აპირებდა, უკანონოდ იქნა მიჩნეული. 
 
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული კომპანიის მხრიდან ტარიფის რამდენჯერმე მომატებამ განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა მოსახლეობაში მის იმიჯზე. კომპანია ტარიფის ზრდას ჭარბი ინვესტიციების განხორციელებით ხსნიდა, რამაც მართლაც გამოიწვია ტარიფის 4,8 თეთრიდან 12,4 თეთრამდე გაზრდა. ხოლო კომპანიის მხრიდან ტარიფის 13,7 თეთრამდე გაზრდის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებამ შეაჩერა.

ამერიკული კომპანიისადმი მრავალი პრეტენზიის მიუხედავად, აშკარაა, რომ “ეი-ი-ეს”-მა რუსული კომპანიით ჩანაცვლება მოსკოვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იქნება, რომელიც საქართველოში აშშ-ის მიერ შერყეული თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

თეა გულარიძე, გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button