
შევარდნაძე “ეი-ი-ეს”-ს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მიაჩნია, რომ საქართველოდან ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს” წასვლა გარდაუვალია და აცხადებს, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება.
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანია საქართველოდან წავა. ფინანსური კრიზისის გამო კომპანიამ ვერ შეძლო მთელი რიგი მოვალეობების შესრულება. მიუხედვად იმისა, რომ ხელისუფლება დღემდე მთელ რიგ დათმობაზე მიდიოდა და ხელს უწყობდა კომპანის ქვეყანაში დარჩენას, მაინც ვერ მოხერხდა ერთ დროს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის შენარჩუნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ამერიკული კომპანია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად რუსეთის ერთიან ენერგოქსელებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
“ხელისუფლების გარკვევის გარეშე არ მოხდება “რაო ეეს”-ისთვის აქციების მიყიდვა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დასასრულის პირასაა, მაგრამ ამას არ ახმაურებენ თავად კომპანიის წარმომადგენლები”, – აცხადებს შევარდნაძე.
თუმცა, “თელასის” რუსული კომპანიისთვის შესაძლო გადაცემას პრეზიდენტი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში თავად “რაო ეეს”-ის ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი ჩამოვიდეს თბილისში.
პრეზიდენტი არ გამორიცხავს იმასაც, რომ “თელასის” აქციების შესყიდვა ქართულმა კომპანიებმაც შეძლონ. მისი თქმით, მართალია ბევრი მსურველი არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთ ბიზნესმენთან ამ საკითხზე საუბარი უკვე შედგა. ამისათვის შესაძლებელია ტენდერის გამოცხადებაც.
“ეს ცოტა რთული პროცესია, ვინაიდან “ეი-ი-ესი” მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს. კომპანიას პასუხი უნდა მოეთხოვოს მე-10 ენერგობლოკის აფეთქების გამო, რომლის მშენებლობა 300 მლნ დოლარი დაჯდა, ახლა კი მომხდარი აფეთქების გამო ბლოკი აღარ არსებობს”, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.
ამის მიუხედავად, შევარდნაძე მადლობას უხდის ამერიკულ კომპანიას თბილისის ენერგოქსელის რეაბილიტაციისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგებისათვის, რაზეც დაახლოებით, 250 მლნ დოლარის ინვესტიცია დაიხარჯა.