ახალი ამბები

პარლამენტმა ბეიკერის გეგმა დაამტკიცა

ახალ საარჩევნო კოდექს კვლავ მწვავე დებატები ელის

23 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაძაბული განხილვის შემდეგ პირველი მოსმენით მიიღო აშშ-ის მიერ შემოთავაზებული წესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შესახებ. ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, ისევე როგორც დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის დამტკიცება დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების საფუძველი და გარანტი უნდა გახდეს. თუმცა ახალ საარჩევნო კოდექსს წინ კიდევ დაძაბული დებატები ელის, პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენების დროს განხილვისას.

ბეიკერის ვარიანტს 123 დეპუტატმა მხარი, თუმცა კენჭისყრის მომენტამდე ბოლომდე აზრთა სხვადასხვაობა იყო პოლიტიკურ ძალებს შორის. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “აღორძინებას,” “მრეწველებს” და სახელისუფლებო ფრაქციების ერთ ნაწილს.

“გუშინდელმა კენჭისყრამ ბევრი რამ შეცვალა საქართველოში, რაც მთავარია გამოირიცხა დღეს მოქმედი დისკრედიტირებული ცსკ-ოთი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, მიღებული გადაწყვეტილება ნდობის ფაქტორს აღადგენს საქართველოს მოსახლეობაში და იმედს მისცემს თითოეულ ადამიანს, რომ 2 ნოემბრის არჩევნებში მათი ხმა არ დაიკარგება” – განაცხადა 24 ივლისს სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები მოიცავს ბეიკერის შეთანხმების ძირითად პრინციპებს საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირებასთან დაკავშირებით. ამ ვარიანტით იქმნება 15 წევრიანი ცსკ-ო, სადაც კომისიის თავმჯდომარეს ეუთოს რეკომენდაციით ამტკიცებს ცსკ-ო, 5 წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო ოპოზიციის 9 ადგილს პარიტეტული პრინციპით შემდეგი პარტიები დაიკავებენ: აღორძინება, მრეწველები, ახალი მემარჯვენეები, ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები, ლეიბორისტები, ერთობა, სახალხო-ტრადიციონალისტები და ე.წ. ზვიადისტური ძალები. ყველა ამ პოლიტიკურ ძალას ცსკო-ში თითო წარმომადგენელი ეყოლებათ.

“ეს ვარიანტი შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური რეალობა აისახოს საარჩევნო ადმინისტრაციებში” – აცხადებდა ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე.

პარლამენტმა იმავე დღეს პირველი მოსმენით უყარა კენჭი და დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის შეთანხმებულ ვარიანტი, რომელიც კომისიების უფლებამოსილებებს, საარჩევნო სიების ფორმირებას, პარალელურ დათვლას, მარკირებას, საარჩევნო პროცედურების დახვეწას და სხვა ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება, რასაც არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს. 

საბოლოო შედეგის მიღწევამდე პარლამენტმა რთული გზა განვლო. საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჯერ კიდევ 21 ივლისს უნდა დაეწყო პარლამეტს, მაგრამ სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენებით პროცესის დაწყება ჭიანურდებოდა. კვორუმის ხელოვნური ჩაგდებას და საპროცედურო საკითხებზე აპელირებას არცთუ ისე იშვიათად მიმართავდნენ დეპუტატები. ყოველივე ამის ფონზე ოპოზიციას ნაკლები იმედი ჰქონდა, რომ საარჩევნო კოდექსის თემა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა.

“რაც დამოუკიდებლად ვერ შევძელით მიგვეღწია, ბეიკერის ჩამოსვლის და ოპოზიციის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოხერხდა, 3 კვირა მოვანდომეთ ვარიანტების მომზადებას და დროა საკითხი საბოლოოდ დადგეს კენჭისყრაზე” – აცხადებდა ზურაბ ჟვანია საგანგებო სხდომაზე.

თავის მხრივ სახელისუფლებო ბლოკიც გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაზე ღიად აცხადებდა. “მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ ვარიანტს, რომელიც სრულად მოიცავს ბეიკერის შეთანხმებას, მხარს დავუჭერთ ოპოზიციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი 9 ადგილის განაწილებასთან დაკავშირებით მიიღებენ”, აცხადებდა სახელისუფლებო ბლოკის საპარლამენტო კოორდინატორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.

მაგრამ მიუხედავად ასეთი განცხადებებისა ოპოზიციას არცთუ უსაფუძვლო ეჭვი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ფრაქციები არაპირდაპირი გზებით საკითხის ჩაშლას ცდილობდნენ.

“ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აღორძინების ხელით სურს საარჩევნო კოდექსზე გადაწყვეტილების მიღების ჩაშლა”, აცხადებდა ფიქრია ჩიხრაძე “ახალი მემარჯვენეებიდან”.

აღორძინება იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საარჩევნო კოდექსზე დებატებში ყველაზე მეტი პრეტენზიები ჰქონდა და პოზიციებს ხელისუფლებისა, თუ ოპოზიციის სასარგებლოდ ხშირად იცვლიდა. ისინი კომისიებში 4 ადგილს ითხოვდნენ, თუმცა თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დანარჩენი ოპოზიცია მათ არ დაეთანხმებოდა. ოპოზიცია მზად იყო კოდექსის იმ ვარიანტისთვისაც კი დაეჭირა მხარი, რომელიც აჭარაში კომისიებზე აღორძინების სრული კონტროლს დაამყარებდა, რითაც აღორძინების ინტერესები მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილდებოდა. მაგრამ მიუხედავად ასეთი შეთავაზებებისა, აღორძინებამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ცსკო-ში კვლავაც ოთხ ადგილს ითხოვდა.

აღორძინების მსგავსად მოიქცნენ მრეწველებიც, რომელთა ალტერნატიული ვარიანტის პარლამენტმა ჩააგდო. მრეწველები საარჩევნო კომისიებში ორ ადგილს ითხოვენ. მრეწველები წარმოდგენილი ალტერნატივით გაერთიანებულ დემოკრატებს, ნაციონალურ მოძრაობასა და ერთობას კომისიებში წევრის წარდგენის შანსს ართმევდნენ, შედეგად ეს ძალები არჩევნებში თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდნენ.

“ტყემალაძეს სურს, რომ ბეიკერთან შეთანხმებული პარტიების ერთი ნაწილი კომისიებში ვერ მოხდეს, სამაგიეროდ მხარს უჭერს “კონსტიტუციური დაცვის ლიგის”, “ლემის” და სხვა მსგავსი ხელისუფლებისაგან კონტროლირებადი მარიონეტული ოპოზიციური პარტიებით დააკომპლექტოს ოპოზიციის კვოტა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროცესები სახიფათო ფორმებს მიიღებს” – ასე აფრთხილებდა მრეწველების ვარიანტის ჩავარდნამდე ზურაბ ჟვანია პარლამეტს.

23 ივლისის საგანგებო სესიაზე მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლებოდა, რომ პარლამენტარებისათვისაც ძნელი გასარკვევი იყო, თუ რომელი ვარიანტი გავიდოდა. ერთსულოვნება არც სახელისუფლებო ბლოკში არ შეიმჩნეოდა, მათი ხმები კი კენჭისყრის დროს გადამწყვეტი იქნებოდა. მათ დაბნეულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ერთმანეთის მიყოლებით ცალკეული სახელისუფლებო ფრაქციები ყოველი კენჭისყრის წინ შესვენებებს ითხოვდნენ. როგორც ცნობილი გახდა, კენჭისყრის წინ სატელეფონო საუბარი შედგა პარლამენტი თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის, ასევე პრეზიდენტსა და ელგუჯა მეძმარიაშვილს შორის, რომელიც სახელისუფლებო ფრაქციების კოორდინატორია, რის შედეგადაც საარჩევნო კოდექსის ბედი დადებითად გადაწყდა. მიუხედავად პრეზიდენტის მითითებისა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს სახელისუფლებო ბლოკის ცალკეულმა დეპუტატებმა.

“ჩემი პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნა სახელისუფლებო ბლოკის შიგნით, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ბლოკის შიგნით სერიოზული განხეთქილებაა” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო კოდექსზე დებატების შეფასებისას.

23 ივლისის ღამის 1 საათზე ბეიკერის ვარიანტის მხარდაჭერის გაპროტესტებას აპირებენ აღორძინების ლიდერები. თუ რა ფორმებს მიიღებს აღორძინების პროტესტი, ამის შესახებ გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში აჭარის ლიდერთან დაგეგმილი თათბირის შემდეგ გახდება ცნობილი. 

“რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ “აღორძინება” ბოიკოტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კოდექსის პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენების შემდეგ გადაწყვიტს. “აღორძინება”, “მრეწველები” და სახელისუფლებო ფრაქციების ერთი ნაწილი, კერძოდ კი “სოციალისტები” და “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ამ კვირაში დაგეგმილი განხილვების დროს კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას შეეცდებიან.

პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით განხილვის დაწყება 29 ივლისს არის დაგეგმილი. მიუხედავად ბეიკერის ვარიანტის პირველი მოსმენით მხარდაჭერისა, შესაძლოა მეორე და მესამე მოსმენებისთვის ვითარება კვლავ დაიძაბოს და საარჩევნო კოდექსის მიღება გართულდეს. პარტიებს შორის აშშ-ს ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების მიხედვით კი პარლამენტმა 2 აგვისტომდე საარჩევნო კოდექსის მიღება უნდა უზრუნველყოს.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Back to top button