ახალი ამბები

საქართველოსა და “გაზპრომს” შორის გარიგება შედგა

ოპოზიცია მირცხულავას იმპიჩმეტს მოითხოვს

რუსულმა ენერგოკომპანია “გაზპრომმა” და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 25-წლიან სტრატეგულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

21 ივლისს “გაზპრომის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება, რომელსაც  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ 1 ივლისს მოსკოვში მოაწერა ხელი, ითვალისწინებს რუსული კომპანიის მიერ საქართველოს გაზით მოამარაგებს; კომპანია ასევე მზად არის საქართველოს გაზის გამანაწილებელ ქსელსა და ორ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს.

2003 წლის შემოდგომისთვის საქართველოს მხარემ უნდა წარადგინოს ერთობლივი პროექტების სია განსახილველად. ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისათვის საქართველომ უნდა აცნობოს რუსულ კომპანიას საქართველოს გაზის განამაწილებელი ქსელის საპრივატიზაციო გეგმების თაობაზე. 

საქართველოს  მთავრობა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან დღემდე თავს იკავებდა. ინფორმაცია “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების თაობაზე პირველად 24 ივლისს გაჟღერდა ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში. დავით მირცხულავამ ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავდაპირველად თავი შეიკავა და ხელშეკრეულების კონფიდენციალურობა თავად “გაზპრომის” მოთხოვნით. 24 ივლისს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ეს არ არის ხელშეკრულება; ეს მხოლოდ და მხოლოდ  პროტოკოლია.”,

თუმცა მომდენვო დღეს მას ვრცელი კომენტარის გაკეთება მოუწია და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება “არ ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და არც ამერიკისას, რადგან ხელშეკრულების თავდაპირველი ვარიანტიდან ამოღებულ იქნა ისეთი პირობები, რომლებიც არ ჯდებოდა არც საქართველოს და არც შეერთებული შტატების ინტერესებში.”

საუბრები “გაზპრომთან” შესაძლო შეთანხმების შესახებ ჯერ კიდევ ამა წლის მაისში დაიწყო, როდესაც საქართველოში “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერიჩამოვიდა. მაშინ მილერმა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

მაშინ ოპოზიციაში და დამოუკიდებელ ექსპერტთა შორის გაჩნდა აზრი, რომ “გაზპრომი” შეეცდება ხელში ჩაიგდოს საქართველოს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, რითაც საფრთხე შეექმნება აშშ-ის მხარდაჭერით დაწყებულ შაჰ-დენიზის პროექტს, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება თურქეთსა და დასავლეთის ბაზრებზე საქართველოს გავლით. 

“გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტს 5-6 ივნისს მოჰყვა საქართველოში აშშ პრეზიდენტის მრჩევლის კასპიის ენერგეტიკის საკითხებში სტივენ მანის ორდღიანი ვიზიტი. Iგი შეეცადა დაერწმუნებინა საქართველოს ხელისუფლება არ გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა შაჰ-დენიზის პროექტს.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორი ძირითადი არგუმენტით ახსნა შაჰ-დენიზის პროექტის პრიორიტეტულობა. “შაჰ-დენიზის საშუალებით შესაძლოა 15-20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება წელიწადში. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა. მეორეც, “გაზპრომის” მიერ თურქეთში ექსპორტირებული გაზი ყველაზე ძვირია ბაზარზე” – განაცხადა სტივენ მანმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაცია ხელშეკრულების დადების თაობაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისთვისაც მოულოდნელი იყო. “მე ენერგეტიკის მინისტრს ამ საკითხის თაობაზე რამდენჯერმე ვესაუბრე და მან დამარწმუნა, რომ არანაირი ხელშეკრულება არ იქნებოდა დადებული რუსულ კომპანიასთან. ამიტომაც, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელშეკრულებას მართლაც მოაწერეს ხელი. იქნებ, ეს მართლაც მხოლოდ ოქმია თანამშრომლობის თაობაზე, როგორც მინისტრმა განაცხადა” – განუცხადა კომიტეტის თავჯდომარემ დემურ გიორხელიძემ 25 ივლისს “სივილ ჯორჯიას”.

“რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ რუსული კომპანიის შემოსვლა საქართველოს ენერგოსისტემაში უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე” – დაამატა მან.

გიორხელიძის თქმით, პარლამენტის დადგენილების თანახმად, მთავრობა ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე აცნობოს პარლამენტს ყველა იმ გარიგების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება. “მთავრობამ ამის თაობაზე არ აცნობა პარლამენტს” – განაცხადა კომიტეტის თავჯდომარემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მოითხოვეს ენერგეტიკის მინისტრის იმპიჩმენტი. “”გაზპრომთან” სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მირცხულავა უნდა გადადგეს. მან ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს იმის თაობაზე, თუ ვინ აწარმოა მოლაპარაკებები “გაზპრომთან” და ვინ გასცა ბრძანება ხელშეკრულების მოწერის თაობაზე – იყო ეს პრეზიდენტი, თუ სახელმწიფო მინისტრი” – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 25 ივლისს განაცხადა, რომ “დაუშვებელია” მთავრობის მიერ ფარული გარიგების დადება, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ეხება. “თუ პარლამენტი განიხილავს მირცხულავას იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ ამას სიამოვნებით დავუჭერთ მხარს” – დაამატა მან.

ამჟამად საქართველოს გაზით მომარაგებას რუსული კომპანია “იტერა” ახორციელებას. დამკვირვებელთა აზრით, რუსული გაზის მონოპოლიით საქართველოში რუსეთის ხელისუფლებას უძლიერესი ბერკეტი გააჩნია საქართველოს წინააღმდეგ და “გაზპრომის” შემოსვლა ქვეყანაში საქართველოს დამოკიდებულებას მოსკოვზე კიდევ უფრო გაზრდის.

მთავრობა და პრეზიდენტი შევარდნაძე შესაძლოა სერიოზული კრიტიკის ობიექტები გახდნენ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების თაობაზე დადასტურდება. მთავრობის ბედი ისედაც ბეწვზე ჰკიდია საბიუჯეტო მაჩვენებლების სისტემატური შეუსრულებლობის გამო. ამ ყველაფერს იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ინფორმაცია რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის მიერ “ეი-ი-ეს თელასის” აქციათა შესაძლო შესყიდვის თაობაზე სიმართლისგან არც თუ ისე შორს არ უნდა იყოს, მაშინ ოპოზიციას აშკარად გაუადვილდება დაადანაშაულოს შევარდნაძე და მისი მთავრობა საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს სტრატეგიული ობიექტების რეაგირების გარეშე გასხვისებაში.    

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button