
“გაზპრომი” და საქართველო სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
(თბილისი, 25 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსულმა ენერგოკომპანია “გაზპრომმა” და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 25-წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
რუსული კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 21 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ და “გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა 1 ივლისს მოსკოვში მოაწერეს ხელი.
ამასთან დაკავშირებით, მირცხულავამ კომენტარისგან თავი შეიკავა.
“გაზპრომთან” მიღწეული ხელშეკრულების თანახმად, რუსული კომპანია საქართველოს გაზით მოამარაგებს; იგი ასევე მზად არის საქართველოს გაზის გამანაწილებელ ქსელსა და ორ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს. ერთ-ერთი მათგანით მოხდება გაზის ტრანსპორტირება სომხეთში, ხოლო მეორეთი – თურქეთში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით.
2003 წლის შემოდგომისთვის საქართველოს მხარემ უნდა წარადგინოს ერთობლივი პროექტების სია განსახილველად. ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისათვის საქართველომ უნდა აცნობოს რუსულ კომპანიას საქართველოს გაზის განამაწილებელი ქსელის საპრივატიზაციო გეგმების თაობაზე.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსული ენერგოკომპანიის შემოსვლა საქართველოში აშშ-ის შეშფოთებას იწვევს, რადგან ვასინგტონი შიშობს, რომ “გაზპრომი” პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის შაჰ-დენიზის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით თურქეთში და დასავლეთის ბაზრებზე.
ალექსეი მილერი საქართველოს მაისში ეწვია და პრეზიდენტ შევარდნაძესთან არაოფიციალურ შეთანხმებას მიაღწია სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე.
“გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტის კვალდაკვალ, აშშ პრეზიდენტის მრჩეველი კასპიის ენერგეტიკის საკითხებში სტივენ მანი ორდღიანი ვიზითით 5-6 ივნისს საქართველოში ჩამოვიდა, რათა დაერწმუნებინა საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯი არ გადაედგა, რათა შაჰ-დენიზის პროექტს საფრთხე არ შეექმნას. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მთავრობამ დადო პირობა, რომ შაჰ-დენიზის პროექტს არანაირი საშისროება არ დაემუქრება.
ამჟამად საქართველოს გაზით მომარაგებას რუსული კომპანია “იტერა” ახორციელებას. დამკვირვებელთა აზრით, რუსული გაზის მონოპოლიით საქართველოში რუსეთის ხელისუფლებას უძლიერესი ბერკეტი გააჩნია საქართველოს წინააღმდეგ.