
განათლების სამინისტრო თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ
რეფორმა სკოლებში თუ არჩევნებისთვის მზადება?
თბილისის საკრებულო და განათლების სამინისტრო საშუალო სკოლების გაკონტროლების გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პოლიტიკურმა მოტივებმა საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების სურვილი დარჩრდილა.
თბილისის საკრებულომ 29 იანვარს მიიღო დებულება მუნიციპალური სკოლების შექმნის შესახებ, მაგრამ 21 მარტს განათლების სამინისტროს მიერ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო დროებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, საკრებულოს ინიციატივა შეჩერდა.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა, ხელს შეუწყობს სკოლებში დემოკრატიული პრიციპების დამკვიდრებას, ხოლო მოსწავლეებს, მათ მშობლებსა, მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს მეტ თავისუფლებას მისცემს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის.
საკრებულოს დებულება ითვალისწინებს მუნიციპალური სკოლების დაფუძნებას, რომელიც დაექვემდებარება ადგილობრივ თვითმართველობით ორგანოს. ასევე სკოლების მართვა დაეკისრება სამეურვეო საბჭოს, ადგილობრივი თვითმართველობის მიერ დამტკიცებულ სათათბიროს და პედაგოგთა საბჭოს. დღესდღეობით სკოლები მთლიანად განათლების სამინსტროს ექვემდებარება.
დებულების თანახმად სამეურვეო საბჭოს ევალება სკოლის დირექტორების არჩევა. თავად საბჭო დაკომპლექტდება 5 მშობლისა და 4 პედაგოგისგან. არსებული დებულების მიხედვით განათლების სამინისტროს, რომელიც ამჟამად სკოლებზე სრულ მართველობას ახორციელებს, მხოლოდ წელიწადსი ერთხელ სასწავლო პროცესზე მონიტორინგის ჩატარების უფლება რჩება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი უფლება არ ააქვს დირექტორების მოხსნის.
საკრებულოს ინიციატივის და განათლების სამინისტროს როლის შესუსტების წინააღმდეგ მრავალი სკოლის დირექტორი გამოდის. “შეუძლებელია უგულებელყოფილი იყოს სამინისტროს რგოლი სკოლების საქმეში და თუ ვინმეს სკოლის სიკეთე უნდა სამინისტროსთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” #1 გიმნაზიის დირექტორმა ლიანა შეწირულმა.
მასწავლებელთა ერთი ნაწილი კი ეჭვის თვალით უყურებს მშობლების სკოლის მმართველობაში ჩართვის პერსპექტივას. “სკოლის მართვაში მშობლები ჩართვამ შეიძლება ტენდენციური ხასიათი მიიღოს და შემდეგ იმ მშომელებმა, რომლებიც სამეურვეო საბჭოში იქნებიან, საკუთარი შვილებისთვის პრივილეგიები მოითხოვონ,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პედაგოგმა თამარ ხატიშვილმა.
თავად მშობელთა უმრავლესობა კი საკრებულოს გადაწყვეტილებას იწონებენ. “მშობლები თუ გარკვეულწილად ჩაერთვებიან სასკოლო პროცესში კარგი იქნება, ამით შესაძლოა მოხდეს სკოლებში დამკვიდრებული ერთპიროვნული მართვისა და ამით გამოწვეული ხარვეზების აღმოფხვრა” – განუცხადა თამარ მაჭავარიანმა “სივილ ჯორჯიას.”
ამ პროექტის ინიციატორის, საკრებულოს განათლების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გია მურღულიას თქმით, ამით უფრო გაადვილდება სკოლების მართვა, თუმცა პროექტში არ არის გათვალისწინებული ის მექანიზმი, რომლის მიხედვით მოხდება მშობლების და პედაგოგების შერჩევა და სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება.
მრავალი ექსპერტი აღნიშნავს ის დაპირისპირება, რომელიც სკოლების მართვის გამო საკრებულოსა და განათლების სამინისტროს შორის არსებობს სწორედ პოლიტიკური მიზეზით, კერძოდ კი მოახლოებული საპარლამენო არჩევნებით არის განპირობებული.
განათლების საპარლამენტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე, განათლების სამინისტროს არჩევნების დროს დირექტორების მხრიდან ხელისუფლებისადმი იძულებით მხარდაჭერაში დებს ბრალს.
“არჩევნების წინ სწორედ დირექტორების დაბარება ხდება მინისტრთან და მათთან საქმეების ჩაწყობა და ხმების უმრავლესობის მოხვეჭა, ამიტომ არის, რომ სამინისტრო ამ პრივილეგიის და დირექტორებზე გავლენის დაკარგვის წინააღმდეგია” – განაცხადა მაღლაფერიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების ეროვნული კავშირი არჩევნებთან ერთად სკოლების გამო დაწყებულ დაპირისპირებას მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ გრანტსაც უკავშირებს.
“ამით სამინისტროს და საკრებულოს სურთ მოახლოებულ არჩევენბში დირექტორების დახმარებით, წარმატების მიღწევა, ვინაიდან ცნობილია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების 80% დირექტორები არინა. ასევე სურთ მსოფლიო ბანკის მიერ განათლების სფეროში გამოყოფილი 62 მლნ დოლარის განკარგვა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას კავშირის თავმჯდომარემ გიორგი ამაშუკელმა.
თუმცა განთლების სამინისტრო ამ ბრალდებას უარყობს. სამინისტროს წარმომადგენლის დავით გოჩაშვილის განცხადებით სამინისტრომ სასამართლოს მხოლოდ იმიტომ მიმართა, რომ საკრებულოს დებულება მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
საკრებულოს დებულების საპასუხოდ, განათლების სამინსტრომ ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით სკოლა ხდება ცენტრალიზებული ორგანო. სკოლას აფუძნებს განათლების სამინისტრო და ასევე განათლების მინისტრი კონკურსის შედეგად ნიშნავს სკოლის დირექტორებს.
თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში აცხადებენ განათლების სამინისტროს ეს პროექტი ზედაპირულია და რეალური რეფორმის გატარებას არ ითვალისწინებს.
“მიგვაჩვია, რომ სამინისტრო ცდილობს კოსმეტიკური ცვლილებების განხორციელებას და ამით სურს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ განათლების სისტემაში ხორციელდება დეცენტრალიზაციის პროცესი” – აცხადებენ ინსტიტუტის წარმომადგენლები გიორგი შარვაშიძე.
ინსტიტუტის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ საკუთარი პროექტი “განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მენეჯმენტის განვითარების შესახებ”, რომელიც გარკვეულწილად საკრებულოს მიერ მიღებულ დებულებას ემხრობა. პროექტის მიხედვით მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ფუნქციები მართვის სხვადასხვა რგოლს შორის. განათლების სამინისტრო უნდა გახდეს ფუნქციონალური რგოლი, რომელიც განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას, სტანდარტებს და უზრუნველყოფს მონიტორინგს. დირექტორების დანიშვნა კი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იქნება.
დამკვირვებლების აღნიშნავენ, რომ დაწყებითი განათლების სისტემის რეფორმირების შესახებ მრავალი პროექტის არსებობის მიუხედავად, პოლიტიკური მოტივები მაინც ჭარბობს, რაც მშობლების და მასწავლებლების მხრიდან ამ პროექტებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს.
თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია