
სკანდალი ენერგეტიკაში ენერგოკრიზისის ფონზე
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვინ არის დამნაშავე? დადგენილების პროექტს, რომელიც ოპოზიციურმა “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” წარმოადგინეს, მხოლოდ 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მაშინ როდესაც, დადგენილების დასამტკიცებლად 79 ხმა იყო საჭირო. დადგენილების ჩაგდებამ პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეშფოთება გამოიწვია. მან ის დეპუტატები გააკრიტიკა, რომლებმაც წარმოდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. “ეს მართლაც სამარცხვინოა, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი საქართველოში არ ცხოვრობს და არ იცის რა ხდება ენერგომომარაგების მხრივ. ეს პროექტი არაფერს განსაკუთრებულს არ ითვალისწინებდა, უბრალოდ, დამნაშავე უნდა გარკვეულიყო და დასჯილიყო. სადამდე უნდა ვიყოთ გაჩუმებული, არ ვიცი, ასე გაჩუმებული რომ ვიყავით ამიტომაც მივედით აქამდე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. ენერგოკრიზისის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე ფრაქცია “ტრადიციონალისტები” სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას იმპიჩმეტის პროცედურის დაწყებას ცდილობს. იმპიჩმეტის პროცედურის დასაწყებად დეპუტატთა 79 ხელმოწერაა საჭირო, თუმცა ჯერ-ჯერობით იმპიჩმეტის დაწყების მოთხოვნას 34 დეპუტატმა მოაწერა ხელი. 27 მარტს დეპუტატებმა მოისმინეს პარლამენტის ენერგეტიკულ საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩუბინიშვილის მოხსენება, რომელმაც განაცხადა, რომ ენერგეტიკაში არსებული მდგომარება კრიზისამდე “ხელოვნურად არის მიყვანილი.” მან შექმნილ კრიზისში “პრეზიდენტის ოჯახი” დაადანაშაულა. “მირცხულავას გადაყენებით არაფერი შეიცვლება. ენერგოკრიზისში პრეზიდენტის ოჯახია დამნაშავე, რომელიც ამ სფეროს აკონტროლებს, ამიტომ მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი და არა მარტო მირცხულავასი,” – განაცხადა ირაკლი ჩუბინიშვილმა 27 მარტის პარლამენტის სხდომაზე. ჩუბინიშვილის განცხადებით, 2002 წელს გამომუშავებული 7,8 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგიიდან ერთი მილიარდი საერთოდ არ აღრიცხულა. “ეს დაახლოებით 60 მილიონი ლარია, რომელიც ერთეულების ჯიბეებში დაილექა,” – განაცხადა ჩუბინიშვილმა. ენერგკოკრიზისის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, მაშინ როცა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და დედაქალაქი ჩაბნელებულია, “ხდება სხვა ქვეყანაში, კერძოდ კი აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ტრანზიტი და ისიც საბაჟოს გვერდის ავლით, ტრანზიტის შესახებ ოფიციალური განაცხადი არც ერთ უწყებაში არ არის ასახული და ეს კანონდარღვევაა”. “თუ ჩევნ აზერბაიჯანის ვალი გვაქვს, ტრანზიტის განხორციელება ზაფხულში უნდა მოხდეს და არა ახლა [როდესაც ენერგოსისტემაში კრიტიკული მომენტია]”, – დასძინა ირაკლი ჩუბინაშვილმა. იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მოსახლეობის მხრიდან არ ხდება მოხმარებული ენერგიის საფასურის ამოღება, რაც ოფიციალური პირების მხრიდან ენერგოკრიზისის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. ჩუბინიშვილის თქმით, “თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებით, მაგრამ იხდის საფასურს. გადამხდელთა მაჩვენებელი 80%-ია, მაგრამ ეს თანხა ვიღაც-ვიღაცეების ჯიბეებში მიდის”. ჩუბინიშვილის მიერ მოყვანილმა ამ და სხვა არგუმენტირებულმა ფაქტებმა დეპუტატების შეშფოთება გამოიწვია, რასაც ოპოზიციური ფრაქციების მხრიდან მირცხულავას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. დაახლოებით მსგავსი შემაშფოთებელი ფაქტები პარლამენტის დროებითმა კომისიამ 2002 წლის 16 დეკემბერსაც წარუდგინა პარლამენტს. ისევე როგორც ამჟამად, სამი თვის წინადაც მოხსენებაში მოყვანილმა ფაქტებმა დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. მაშინაც, ისევე როგორც ამჟამად, ენერგეტიკის მინისტრს დეპუტატების მკაცრი კრიტიკის მოსმენა და თავის მართლება მოუწია. მირცხულავას განცხადებით, იგი მზად არის პასუხი აგოს და თანამდებობიდანაც გადადგეს. “ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, თუ მინისტრია დამნაშავე, მაშინ ის უნდა წავიდეს სადაც საჭიროა და თუ ენერგოსექტორში პრობლემებია, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი მინისტრმა უნდა აგოს. ამისთვის ვითხოვ გამოძიებული იყოს საკითხი დეტალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ლანძღვის მოსმენა მიუღებელია”, – განაცხადა მირცხულავამ. თუმცა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოაქვს. გენერალურ პროკურატურას ენერგოსისტემაში არსებული დარღვევების გამოძიება ჯერ კიდევ დეკემბერში დაევალა, როდესაც პალამენტმა პირველად მოისმინა ენერგოკრიზისის შემსწავლელი კომისიის მოხსენება, თუმცა, როგორც ჩუბინიშვილი აცხადებს, დღემდე არავინ დასჯილა. “მაგალითად, ფირმა “იბერიაპრაიმკაპიტალის” [რომელსაც ენერგომაქინაციებში ადანაშაულებენ] ხელმძვანელი ძებნაშია, ის კი კვირაში სამჯერ მაინც მოდის პარლამენტში, ხოლო თავად კომპანია კი განაგრძობს საქმიანობას,” – განაცხადა ირაკლი ჩუბინიშვილმა. სანამ პოლიტიკოსები და ენერგოსექტორის მაღალჩინოსნები ერთმანეთს შექმნილი კრიზისის გამო ადანაშაულებენ, მოსახლეობას, მინიმუმ, კიდევ ერთი ზამთრის ელექტროენერგიის გარეშე გადატანა მოუწევს, რადგან ენერგეტიკის მინისტრი საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. მირცხულავას თქმით, ენერგეტიკაში ვითარების გამოსწორება 2004 წლამდე ვერ მოხერხდება. “ამ პროგნოზს ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვაკეთებდი, როცა მინისტრის პოსტზე დავინიშნე, ვინაიდან სექტორში ბევრი ტექნიკური პრობლემაა, რომლის მოგავრებას გარკვეული დრო სჭირდება. საქართველო დეფიციტური ქვეყანა იყო და იქნება კიდეც”, – განაცხადა მირცხულავამ. თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ენერგეტიკის სფეროში არსებული დარღვევების უამრავი დამადასტურებელი ფაქტი წარმოადგინა, პარლამენტმა მაინც ვერ მოახერხა დადგენილების პროექტის დამტკიცება, რომელიც გენპროკურორისგან და პრეზიდენტისგან ენერგოკრიზისზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების გამოვლენას და დასჯას მოითხოვდა.