ახალი ამბები

ახალი საგადასახადო კოდექსი იმედებს და ეჭვებს ბადებს

28 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

“მრეწველების” მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დღეს მოქმედი 18 გადასახადიდან მხოლოდ 4 რჩება: საშემოსავლო, დამატებული ღირებულების, აქციზის და ქონების (ადგილობრივი ბიუჯეტის შემვსები) გადასახადი. გარდა ამისა, სიახლეებია ადმინისტრირების გამკაცრების თვალსაზრისითაც.

ოთხწლიანი საპარლამეტო მოღვაწეობის განმავლობაში ფრაქცია “მრეწველები” არაეთხელ სვამდა საგადასახალო კოდექსის ლიბერალიზაციის საჭიროების საკითხს. ახალი საგადასახადო კოდექსი “მრეწველების” ინიციატივით საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე ორგანიზებული ქართველი და ევროპელი სპეციალისტების ჯგუფის მიერ მომზადდა.

კანონპროექტის ამოქმედება 2004 წლიდან არის განსაზღვრული. შესაბამისად მთავრობამ 2004 წლის საბიუჯეტო პარამეტრებს ახალ საგადასახადო კოდექსზე დაყრდნობით შეიმუშავბს.

ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსი 1997 წელს მიიღო პარალმენტმა. მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, დღეს კი პარლამეტარ ნიკო ლეკიშვილის განცხადებით მოქმედი საგადასახადო კოდექსი უცხოელების მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მექანიკური თარგმანია, რამაც წლების განმავლობაში აჩვენა, რომ კანონმდებლობის რეალობასთან ადაპტაცია ვერ მოხერხდა. A

ამ მიზეზით პარლამეტს წელიწადში საშუალოდ 20-30-ჯერ მაინც უწევს Mმოქმედ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რასაც ექსპერტები ვიწრო ინტერესების ლობირების ფაქტებსაც უკავშირებენ.

ექსპერტების თქით დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსი ჩრდილვანი ეკონომიკის განვითარებისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

“რაც კანონით გათვალისწინებულია ყველა გადასახადი, რომ გადავიხადო ჩემს ბიზნესს აზრი აღარ ექნება, ამიტომ საგადასახადო ინსპექციასთან გარიგებას ვამჯობინებ, ჩემთვისაც კარგია და საგადასახადოს თანამშრომლებისთვისაც უფრომ მომგებიანია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისში ერთ-ერთი საავტომობილო სერვისცენტრის მეპატრონემ.

როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი აცხადებს, ახალი საგადასახადო კოდექსი “ჩრიდოვანი ეკონომიკის დაძლევის და კორუფციული გარიგებების აღმოფხვრის საშუალებას წარმოადგენს.” ეკონომისტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ახალი კოდექსი გადასახადების გადახდის სურვილს ბადებს, რაც არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პირობებში წარმოუდგენელია.

“ახალი კოდექსით განსაზღვრულია არსებული სისტემის ძირეული რეფორმა, მისი რეალობასთან იდენტიფიცირება და გადასახადების დამალვის და კორუფციული გარიგებების მინიმუმამდე დაყვანა”, აცხადებს ინიციტორი, “მრეწველთა” ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.

თუმცა ზოგიერთი დამკვირვებელი “მრეწველების” ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს.

“მე ვფიქრობ, რომ “მრეწველების” წინადადება არის კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. Mმიმაჩნია გაუმართლებლად ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, ისე, რომ სერიოზული განხილვებიც არ ჩატარებულა მის ირგვლივ”, განაცხადა სივილ ჯორჯიასთან საუბრისას პარლამეტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.

ვაჟა სალამაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ბიზნეს-სამართლის ცენტრიდან, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებზე არასახარბიელო გავლენას იქონებს, რადგან მოხდება მათთვის გადასახადების გაზრდა.

ახალ საგადასახადო კოდექს ეჭვის თვალით უყურებენ ფინანსთა სამინისტროშიც, სადაც აცხადებენ, რომ მისი ამოქმედება “ქვეყნის მთელ საგადასახადო პოლიტიკას შეცვლის.”
 
“იმ ფორმით, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის პროექტი მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან არის გარკვეული საკითხები, რაც მკვეთრად ეწინაარმდეგება იმ პრინციპებს, რაც დღეს ფინანსთა სამინისტროს აქვს არჩეული საგადასახადო პოლიტიკაში, თუმცა ბევრი პოზიტიური მუხტიც დევს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჩრდილელმა. მისივე თქმით, “მრეწველთა” მიერ შემუშავებული ვარიანტი არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული.

მთავრობას თავის მხრივ მომზადებული აქვს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელიც ამჟამად ექსპერტიზას გადის სახელმწიფო კანცელარიაში და შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Back to top button