ახალი ამბები

საქართველოს ჩაკეტილი საჰაერო სივრცე

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებამ ორ უმსხვილეს ავიაკომპანიას – “ბრითიშ მედითერანიან ეარვეის”-ს და “თურქიშ ეარლაინს”-ს საქართველოში რეისების განხორციელების შეწყვეტის საფრთხე შეუქმნა.

თბილისში 1 აპრილს “ბრითიშ მედითერანიან ეარვეის”-ის აღმასრულებელი დირექტორი დეზ ჰესრინგტონი ჩამოვიდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან შექმნილი სირთულეების მოგვარებას შეეცდება.

ბრითიშ მედითერანიან ეარვეისი, რომელიც “ბრითიშ ეარვეისის” შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, 30 მარტამდე კვირაში სამჯერ ახორციელებდა რეისებს ლონდონსა და თბილისს შორის. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 15 აპრილამდე შეიზღუდა რეისების რაოდენობა კვირაში ორ რეისამდე,  რის შემდეგაც ფრენის უფლება კომპანიას საერთოდ ჩამოერთმევა. ანალოგიური მდგომარეობაა თურქულ კომპანია “თურქიშ ეარლაინზ”-თან მიმართებაშიც.

“გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ავიაციის ხელისუფალთა მხრიდან ზეწოლის საფუძველზე. მეAგამოვთქვამ ღრმა სინანულს მიღებული გადაწყვეტილების გამო.  იმ ექვსი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვახორციელებდით რეგულარულ რეისებს თბილისსა და ლონდონს შორის, საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის გაიზარდა და მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ პოზიტიურ ტენდენციას შეჩერება ემუქრება”, – აცხადებს “ბრითიშ მედითერანიან ეარვეის”-ის აღმასრულებელი დირექტორი დეზ ჰესრინგტონი.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ახლახანს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლონდონის სიტის ლორდ მერმა ალდერმან გევინ არტურმა.

“ბრიტანეტის ავიახაზებთან შექმნილი პრობლემები ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს,” – განაცხადა 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე ალდერმან გევინ არტურმა.

ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილება გახდა, რომელიც მიხედვითაც, “საგადასახადო შეღავათები, რომლებითანც სარგებლობენ თურქეთისა და ბრიტანეთის ავიაკომპანიები, იურიდიულ საფუძველს მოკლებულია.”

როგორც სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას ავიაბაზარი ცალმხრივად აქვს ათვისებული, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უცხოურმა ავიაკომპანიამ ეროვნული კომპანიის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ამ შემთხვევაში არ ხდებოდა.

პარლამენტის დადგენილების მიხედვით, არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოში ადგილობრივი საავიაციო კომპანიების განვითარებას, რომლებიც არ სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით და “აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს.”

შესაბამისად, პარლამენტმა დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგინოს სარატიფიკაციოდ ბრიტანეთთან და თურქეთთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულებები. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია აქვს, ხოლო ბრიტანეთთან ხელშეკრულება მხოლოდ პარაფირებულია.

“სანამ არ გაირკვევა ვითარება და არ დადგინდება მუშაობის პრინციპების საკანონმდებლო ბაზა, ეს კომპანიები ვერ შეძლებენ რეისების განხორციელებას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად მუკბანიანმა.

“იმ შემთხვევაში, თუ საკითხი დადებითად გადაწყდება და გაფორმდებაAშესაბამისი დოკუმენტები, მაშინ უპრობლემოდ გაიცემა ამ კომპანიებზე ლიცენზიები, ჩვენს კომპეტენციაში მხოლოდ ეს შედის”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ზურაბ ჭანკოტაძე.

პარლამენტმა ასევე დაავალა ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოს ბრიტანული და თურქული ავიაკომპანიების მიერ მათი საქმანობის დაწყების დროიდან, შესაბამისად 1997 და 1992 წლიდან, დღემდე დაგროვილი გადასახადების ამოღება.

უცხოური ავიაკომპანიების დავალიანებების შესახებ განცხადება 26 მარტის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარემ იასე ზაუტაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, ბიუჯეტისთვის გადასახდელი დავალიანება “ბრიტანეთის ავიახაზების” -13, ხოლო “თურქეთის ავიახაზების” 17 მლნ ლარს შეადგენს.

თუმცა, როგორც “ბრითიშ ეარვეის”-ის თბილისის ოფისში აცხადებენ, “კომპანია მასზე დაკისრებულ ყველა საგადასახადო ვალდებულებას პირნათლად ასრულებს”.

საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოურ კომპანიებს საკანონმდებლო ბაზის დასარეგულირებლად ორი კვირა აქვთ დარჩენილი. “თუ საკითხი 15 აპრილამდე არ დარეგულირდა და საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიას ლიცენზია არ გაუგრძელა, მაშინ ჩვენ სერვისის შეწყვეტა მოგვიწევს,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ბრითიშ ეარვეის”-ის თბილისის ოფისის წარმომადგენელმა თამუნა შანიძემ.

როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს თავისი გადაწყვეტილების გასასამართლებლად დაურეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მოჰყავს, რაც რეალობას შეესაბამება, საკანონმდებლო ორგანოს მოულოდნელი გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზს ადგილობრივი ავიაკომპანიების წარმატებული ლობირება წარმოადგენს.

ქართული ავიაბიზნესი, ბოლო დროს, სახიფათო კონკურენციის არენად გადაიქცა. შარშან ნოემბერში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ქართული ავიაკომპანია “აირზენას” ხელმძღვანელი კახი ასათიანი. მისი ოჯახის წევრებმა მიანიშნეს, რომ მკვლელობაში “აირზენას” კონკურენტები არიან დამნაშავენი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახთან.

დღემდე ხელისუფლებას არც კი უცდია პასუხი გაეცა და ნათელი მოეფინა ამ ბუნდოვანი ბრალდებებისთვის.

ერთადერთი რაც ამჟამადაა ნათელია, არის ის, რომ საქართველო, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ქვეყნად გადაქცევის პრეტენზია გააჩნია, უცხოური კომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button