ახალი ამბები

ავიაკომპანიები რეისების შენარჩუნებას ცდილობენ

თურქი დიპლომატი ფრენების შეჩერებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

თურქეთის ავიახაზები საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრილ პრობლემებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ფრენებზე შეზღუდვის მოხსნას მოითხოვს. კომპანიის წარმომადგენლები ამ საკითხთთან დაკავშირებით თბილისს 10 აპრილს ესტუმრებიან და საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

თურქიშ ეარლაინზი 30 მარტამდე კვირაში სამჯერ ახორციელებდა რეისებს სტამბულსა და თბილისს შორის. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 15 აპრილამდე შეიზღუდა რეისების რაოდენობა კვირაში ორ რეისამდე,  რის შემდეგაც ფრენის უფლება კომპანიას საერთოდ ჩამოერთმევა. თურქულ კომპანიას ლიცენზიის გაგრძელებამდე საქართველოში ბილეთების გაყიდვა შეჩერებული აქვს.

ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილება გახდა, რომელიც მიხედვითაც, “საგადასახადო შეღავათები, რომლებითანც სარგებლობენ თურქეთისა და ბრიტანეთის ავიაკომპანიები, იურიდიულ საფუძველს მოკლებულია.”

პარლამენტის მტკიცებით არ არის რატიფიცირებული თურქეთსა და საქართველოს შორის 1992 წელს დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო ავიაციის შესახებ, რომელიც თურქული კომპანიისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.

თუმცა როგორც საქართველოში თურქეთის ელჩი დიჯლე ქოფუზი აცხადებს, არანაირი იურიდიული საფუძველი თურქული კომპანიისთვის ფრენების შეჩერებისა არ არსებობდა. Mისი თქმით შექმნილი პრობლემა ორ ქვეყანას შორის არსებულ “კონსტრუქციულ და პარტნიორულ ხასიათს არ შეესაბამება.”

7 აპრილს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თურქეთის ელჩმა განმარტა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის 1992 წელს ხელმოწერილი შეთანხმების 22-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში შედიოდა მხარეების მიერ რატიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური ნოტების გაცვლის შემდეგ.

“1993 წლის 23 ნოემბერს თურქული მხარისთვის გამოგზავნილი ნოტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვამცნო, რომ ხელშეკრულების 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. შესაბამისად ამ ნოტის მიღების შემდეგ ეს ხელშეკრულება ძალაშია და მოქმედებს,” განაცხადა თურქეთის ელჩმა.

აქედან გამომდინარე თურქეთის ელჩი სრულიად კანონიერად მიიჩნევს იმ საგადასახადო შეღავათებს, რომლითაც თურქიშ ეარლაინზი საქართველოში სარგებლობს და რომელიც 1992 წლის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი კატეგორიულად წინააღმდეგია საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლისა და თურქული და ბრიტანული ავიაკომპანიებისგან პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულების შესრულებას ითხოვს, რომელიც უცხოურ კომპანიებს ქართული საჰაერო ბაზრის ერთპიროვნულად ათვისების შემთხვევაში ამ კომპანიებს ავალდებულებს ადგილობრივ ფლაგმანურ კომპანიას გაყიდული ბილეთებიდან გარკვეული წილი კომპენსაციის სახით გადაუხადოს.

“არსებული კანონმდებლობა ცალსახად ითავლისწინებს უცხოურ ავიაკომპანიების მიერ ქართულ ფლაგმან კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის საფუძველზეც მოხდება თანამშრომლობა. ის რომ 1995 წელს ახალი კონსტიტუცა მივიღეთ არაფერს ცვლის, ისინი ვალდებული არიან ამ ხალშეკრულების გაფორმების, ამას ავალდებულებს 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაც,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად მუკბანიანმა.

თურქული მხარე აღიარებს, რომ თურქიშ ეარლაინზი აღარ უხდის საკონპენსაციო თანხას ქართულ ავიაკომპანია აირზენას. “თურქული კომპანია აირზენას როიალითის 2002 წლამდე უხდიდა, რის შედეგადაც ქართულმა კომპანიამ, საერთო ჯამში, 3 მილიონი დოლარი მიიღო. მაგრამ შარშან საკომპენსაციო თანხის გადახდა შეწყდა,” აცხადებს თურქეთის ელჩი.

მისი თქმით თანხის გადახდის შეწყვეტის მიზეზი თურქული კომპანიისთვის არათანაბარი პირობები გახდა. “თურქიშ ეარლაინზი ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც აირზენას როიალითის უხდიდა. მაგრამ გადაწყვიტა თანხის შეჩერება, როდესაც გაირკვა, რომ სხვა კომპანიები ამას არ აკეთებდნენ” – აცხადებს დიჯლე ქოფუზი.

მუკბანიანის განცხადებით პარლამენტი ძალაში ტოვებს 27 თებერვალს მიღებულ დადგენილებას და საგარეო და ტრანსპორტის სამინისტროებს ავალდებულებს უმოკლესს ვადაში მოახდინოს ამ საკითხის მოგვარება.

“ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხის მოგვარება უსწრაფეს ვადაში მოხდება, უცხოური კომპანიები შეძლებენ კანონიერად ფუნქციონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი არ დაუშვებს კომპანიების მხრიდან რეგულარული რეისების განხორციელებას და შესაძლოა მის საერთოდ შეწყვეტაზეც მიიღონ გადაწყვეტილება” – აცხადებს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

მუკბანიანი ვერ ასახელებს კონკრეტულად თუ რომელი კომპანიები განახორციელებენ ასეთ შემთხვევაში რეისებს. მისი თქმით, ამ კომპანიების გარდა კიდევ ბევრი კომპანია არსებობს, რომელიც შეძლებს ამ პირობების შესრულებას და რეისების განხორციელებას.

თურქიშ ეარლაინზის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ბრითიშ მედითერანიან ეარვეისი, რომლის წარმომადგენლებიც უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, თუმცა როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.

ბრითიშ მედითერანიან ეარვეისის თბილისის ოფისის წარმომადგენელმა თამარ შანიძის განცხადებით, საბოლოო შეთანხმება ქართველებსა და ბრიტანელებს შორის ჯერ არ მომხდარა, კომპანიის წარმომადგენლები საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავენ და საბოლოო შედეგს ქართულ მხარეს აცნობებენ.

როგორც თბილისში ბრიტანეთის საელჩო იტყობინება ელჩი დებორა ჯოუნსი აქტიურად მუშაობს სახალმწიფო მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button