ახალი ამბები

წამყვანი ავიაკომპანიები საქართველოს ტოვებენ

სამთავრობი დონეზე წარმოებული ორკვირიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მიუხედავად თურქეთისა და ბრიტანეთის ავიახაზების წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შედეგადაც 15 აპრილიდან ამ ორი კომპანიის რეისები საქართველოში შეწყდა.

საქართველოს მხარე ბრიტანული და თურქული კომპანიებისთვის ლიცენზიების შეწყვეტას გადასახადების გადაუხდელობის, სამართლებრივი ბაზის მოუგვარებლობისა და ქართულ ავიაკომპანია “აირზენასთან” წამოჭრილი უთანხმოებით ხსნის, თუმცა არცერთი კომპანია ქართული მხარის პრეტენზიებს არ იზიარებს.

“თუ ყველა პრობლემა არ მოგარდა, ფრენების განხორციელების ლიცენზია არ გაიცემა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ჭანკოტაძემ.

10-11 აპრილს ავიაკომპანია “აირზენას” წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრთან და სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან “თურქეთის ავიახაზების” დელეგაციის მოლაპარაკების მიუხედავად, საქართველოში კომპანიის რეისების გაგრძელების თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და “თურქეთის ავიახაზების” დელეგაციამ საქართველო დატოვა.

თურქული მხარე მზად იყო ქართულ კომპანიასთან ერთად განეხორციელებინა რეისები სტამბულის გავლით 76 ქვეყანაში, თუმცა “აირზენას” წარმომადგენლები ამას არ დათახმდნენ. ამასთან თურქული მხარე კვირაში თბილისი-სტამბოლის მიმართულებით სამი რეისის განხორციელებას ითხოვს.

კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვენელის მინე ეფიუქსელის განცხადებით, “აირზენა” არ დაეთანხმა მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს.
 
“ჩვენ მზად ვართ “აირზენასთან” კომერციული ხელშეკრულებაც გავაფორმოთ, თუ ისინი დაგვიტოვებენ იგივე სიხშირის რეისებს [კვირაში სამჯერ], როგორც აქამდე იყო, მაგრამ ისინი ამის წიანაღმდეგნი არიან”, – ნათქვამია მინე ეფიუქსელის განცხადებში.

“ჩვენ არ გვაწყობს ის პირობები რასაც თურქეთის მხარე გვთავაზობს. მათ სურთ იგივე სიხშირით განახორციელონ რეისები – კვირაში სამჯერ, ჩვენ კი ამის უფლებას კვირაში ერთხელ გვიტოვებენ”, – განაცხადა 14 აპრილს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა გაბედაძემ.

“აირზენა” საკუთარ პირობებს აყენებს, რომლის მიხედვით, 2 რეისს თურქეთის მიმართულებით განახორციელებდა “აირზენა”, ორს კი – “თურქეთის ავიახაზები”, რასაც არ დათანხმდა თურქული მხარე და ითხოვდა კვირაში 3 რეისის განხორციელებას.

“აირზენას” კომერციული დირექტორის რობერტ ოგანესიანის განცხადებით, თურქეთის ავიაკომპანიასთან “აირზენა” იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ გაფორმდება სპეციალური ხელშეკრულება, სადაც განსაზღვრული იქნება თანამშრომლობის ყველა პირობა.

ანალოგიური მოთხოვნები აქვს ქართულ ავიაკომპანიას ბრიტანეთის ავიახაზების მამართაც. თუმცა ბრიტანულ კომპანიასთან კიდევ უფრო რთულად არის საქმე, რადგან თუ “თურქიშ ეარლაინზს” ქართული კომპანიისთვის კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი, “ბრითიშ მედითერიანიან ეარვეიზს” “აირზენასთვის” როიალითი საერთოდ არ გადაუხდია.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულების თანახმად, უცხოურმა კომპანიამ ქართული ავიაბაზრის ერთპიროვნულად ათვისების შემთხვევაში გაყიდული ბილეთებიდან საკომპენსაციო თანხა უნდა გადაუხადოს ქართულ ფლაგმანურ კომპანიას.
 
ამას გარდა თურქული და ბრიტანული კომპანიებისადმი ფინანსური პრეტენზიები გააჩნია საქართველოს ხელისუფლებასაც.

ბრიტანული და თურქული ავიაკომპანიების საქართველოში სამომავლო საქმიანობას ეჭვქვეშ ის გარემოებაც აყენებს, რომ საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი ორივე კომპანიას გადასახადების გადაუხდელობაში სდებს ბრალს.

საგადასახადო დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქულ კომპანიას ბიუჯეტის 17 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, ხოლო ბრიტანულს – 13 მილიონი ლარი.

ქართული მხარის მტკიცებით, არ არის რატიფიცირებული საქართველო-თურქეთის 1992 წლის შეთანხმება, რომელიც “თურქიშ ეარლაინზისთვის” საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, ხოლო ბრიტანეთთან ამ სახის ხელშეკრულებაზე ხელი საერთოდ არ არის მოწერილი.

თუმცა, როგორც თურქული, ასევე ბრიტანული ავიაკომპანია საქართველოსადმი ფინანსურ დავალიანებას არ აღიარებს.

ჯერ-ჯერობით ვერც “აირზენაში” და ვერც საქართველოს სამოქალქო ავიაციის ადმინისტრაციაში ვერ ასახელებენ, თუ რომელი კომპანია განახორციელებს თურქეთისა და ბრიტანეთის მიმართულებით რეისებს.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button