
პრეზიდენტის ინიციატივა სამართლიანი არჩევნების შანსს ამცირებს
პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ შემუშავებული პროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების წესის შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციების ხელისუფლების მიერ იგნორირება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შანსებს ამცირებენ. პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტისადმი წარდგენილი პროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 წევრისგან დაკომპლექტებას ითვალისწინებს, აქედან 9 კანდიდატს პრეზიდენტი პარლამენტს თავად წარუდგენს დასამტკიცებლად. ხოლო დარნარჩენ ორს – აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელობა. პროექტის თანახმად ცსკო-ს არც ერთი წევრი პოლიტიკური პარტიის წევრი არ შეიძლება იყოს. პრეზიდენტის წინადადების დამტკიცებას პარლამენტართა 118 ხმა სჭირდება, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ცსკო-ს წევრი კანდიდატების დამტკიცება კი – 79. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ყოველთვის პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილ ძალად მიიჩნეოდა, მაშინ გამოდის რომ ცსკო-ს 11 წევრიდან 10 პრეზიდენტის მიერ დანიშნული იქნება, ეს მაშინ როდესაც შევარდნაძე ახლახანს, სათავეში ჩაუდგა საარჩევნო პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც რამოდენიმე სახელისუფლებო პარტიასა და მოძრაობას აერთიანებს. ეს გარემოება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეშფოთებას იწვევს. ამ საკითხთან თავისი შეშფოთება ბურჯანაძემ პრეზიდენტ შევარდნაძეს 17 აპრილის შეხვედრისას გაუზიარა. “უარყოფითად ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ცსკო-ს 11 წევრიდან, პრაქტიკულად 10-ის მისი მხრიდან წარდგენას, მე ეს თავად პრეზიდენტსაც მოვახსენე და ვიმედოვნებ, რომ ჩემი მოსაზრება გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნება” – განაცხადა სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ. “პრეზიდენტი ბლოკავს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესაძლებლობას ნულამდე ამცირებს, ეს კი ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს მთელ ქვეყნისა,” განაცხადა გაერთიანებული დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ. შევარდნაძის პროექტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილ საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მომუშავე ქვეკომისიაში შედიოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები მიუთითებენ, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. “პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები, სავარაუდოდ, არა ნეიტრალურები, პრეზიდენტის მხარდამჭერები იქნებიან, ე.წ. “ცნობილი ადამიანები”, მისი კარის პოეტები, პროფესორები და ასე შემდეგ. ამის გამო ეს პროექტი მიუღებელია” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა. “თავისუფლების ინსტიტუტმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” პროტესტის ნიშნად ამ ქვეკომისიაში მუშაობა შეაჩერეს, რადგან ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები. “არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი მოთხოვნაა ამომრჩეველთა სიების ზუსტი დადგენა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა თუმცა ამ მიმართულებით არაფერი კეთდება” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა. იგი ასევე ეჭვობს, რომ შს სამინისტრო შეძლებს ზუსტი სიების წარმოდგენას, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სიებზე აუდიტის ჩატარებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ შესაძლებელი გახდება ამომრჩეველთა რეალური რაოდენობის დადგენა. იმ შემთხვევაში თუ არ იქნა მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსი მაშინ არჩევნები არსებული კოდექსით ჩატარდება, რაც მოქმედი ცსკო-ს დატოვებას ნიშნავს, რომლის რეპუტაცია ბოლო საპარლამენტო და შარშანდელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მეტად დაეცა. ამასთან შეუსრულებელი დარჩება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი და უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია