ახალი ამბები

სურვილის მიუხედავად ოპოზიცია გაერთიანებას ჯერ ვერ ახერხებს

გასულ წელს დაწყებული ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების საკითხი 9 თვის შემდეგ კვლავ დღის წესრიგში დადგა, რაც მეტ წილად სახელისუფლებო პარტიების გააქტიურებამ და მათი მხრიდან ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნამ განაპირობა. 

ოპოზიციის გაერთიანების მხრივ პირველი ნაბიჯი “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ გადადგა, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

“ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებ გაერთიანებისკენ. მე მზად ვარ ყველა პირადი ამბიცია უკანა პლანზე გადავიტანო, რათა შესაძლებელი გახდეს გაერთიანება და ერთ ძლიერ ბლოკად ჩამოყალიბება. ასევე მზად ვარ ამ ბლოკში ლიდერობა სხვას დაუთმო და ჩემი პარტიის რიგითობა უკანა პლანზე გადავიდეს” – განაცხადა 18 აპრილს სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟვანიამ.  

ზურაბ ჟვანიას ამ ჟესტს მეორე დღესვე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და იგივე მოთხოვნით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები.

“ეს ჟვანიას მხრიდან დიდსულოვანი ნაბიჯია, მზად ვართ გავერთიანდეთ ერთ დიდ ოპოზიციურ ბლოკად, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება. ჩვენ თუ გვინდა არსებული ხელისუფლება შევცვალოთ ერთადერთი გზაა გაერთიანება და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა, რასაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა და შევარდნაძის გადაყენება უნდა მოჰყვეს თუმცა ამისათვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო, რისთვისაც პარლამენტში ხმების 2/3 სჭირდება, ასეთი შემადგენლობის მოგროვება კი მხოლოდ გაერთიანებით იქნება შესაძლებელი” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს “ახალ მემარჯვენეებთან”,? “ლეიბორისტებთან,” “ტრადიციონალისტებთან”  და სხვა ოპოზიციურ პარტიასთან.

თუმცა გაერთიანების დიდ სურვილს სხვა ოპოზიციური პარტიები არ იჩენენ. “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებენ, რომ “გარკვეულ საკითხების თაობაზე მათაც აქვთ დაწყებული სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები, თუმცა ჯერ-ჯერობით დამოუკიდებლად აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”.

“სახელისუფლო ბლოკის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ანალოგიურად ვიმოქმედოთ. ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაჟი ერთიანი ოპოზიციური ბლოკის შექმნის თაობაზე ნაადრევია და უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ეს საქმეს არ წაადგება. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ცოტა ფაქიზი საკითხია და გაანალიზება სჭირდება ყველა დეტალს. ეს ერთმანეთს შორის მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს და არა ტელევიზიების და პრესის საშუალებით გაცხადდეს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ასეთი ბლოკი შეიქმნება, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს და სავსებით საკმარისია ერთიანი რეჟიმით თანამშრომლობა საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე.

“ასეთი გზითაც შესაძლებელია არჩევნებში გამარჯვების მოპოვება და არსებული ურეიტინგო სახელისუფლებო ბლოკის დამარცხება. ასე რომ ისტერიული გარემოს შექმნა საჭირო არ არის” – აცხადებს ჩიხრაძე.

“ჩვენ გვინდა გავფანტოთ ყველა ეჭვი ახლებთან და სხვა პარტიებთან დაპირისპირების თაობაზე და ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დათმობაზე წავიდეთ ყველასთან მიმართებაში ავიტანოთ ლანძღვა და შევძლოთ გაერთიანება. ისე ყველა პარტიას იურიდიული უფლება აქვს დამოუკიდებლად იმოქმედოს” – აცხადებს დავითაშვილი, თუმცა ცდილობს დაარწმუნოს პარტიები ერთობლივი ბლოკის შექმნაში.
 
მცდელობის მიუხედავად ბლოკში გაერთიანებას არ აპირებს “ლეიბორისტული (შრომის) პარტია.? პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეჭვქვეშ აყენებს წარმოდგენილი პარტიების ოპოზიციურობას და აცხადებს, რომ არც ერთი მათგანი ოპოზიცია არ არის და მათ სახელისუფლებო სეგმენტებს უწოდებს.

“ლეიბორისტები არავისთან არ აპირებს მოლაპარაკებას და ვიღაცების მონათვლას ოპოზიციონერებად. ერთადერთი ოპოზიცია ქვეყანაში ლეიბორისტებია და ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციის გაერთიანების მომხრეა ტრადიციონალისტთა პარტიაც, თუმცა ამ პროცესის წარმატებით დასრულებას ტრადიციონალისტები პესიმიზმით უყურებენ. “ოპოზიციას შორის თანამშრომლობას პარტიათა ლიდერებს შორის არსებული ფარული დაპირისპირება უშლის ხელს,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარტიის წევრმა დეპუტატმა მაია ნადირაძემ.

ჯერჯერობით გარკვეული არ არის მექანიზმი თუ როგორ წარიმართება მუშაობა გაერთიანების შემთხვევაში და ეყოლება თუ არა ერთი ლიდერი ოპოზიციურ ბლოკს. “ამის თაობაზე ჩვენ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით ეს ჩვენი მხრიდან პარტნიორებისადმი უპატივცემულობა იქნება. ყველაფერი ორ კვირაში გაცხადდება” – აცხადებს დავითაშვილი.

ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების იდეა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში წამოიჭრა, რომელსაც უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდრე ახლა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მაშინ არსებული პარტიების გვერდით ედპ-ც მოიაზრებოდა, თუმცა პარტიის ლიდერმა ირინა სარიშვილი-ჭატურიამ არჩევანი უკვე გააკეთა და ოპოზიციონერობას სახელისუფლებო ბლოკში ყოფნა ამჯობინა. მას დღეისათვის ბლოკში ერთ-ერთი წამყვანი პოსტი უჭირავს დღესვე სახელისუფლო ბლოკს შეუერთდა წარსულში ოპოზიციური “მწვანეთა პარტია”.

როგორც ჩანს სახელისუფლო ბლოკი უფრო ჩქარი ტემპით ფართოვდება, მაშინ როცა ოპოზიცია ჯერაც ვერ შეთანხმდა თანამშრომლობაზე და წინასაარჩევნოდ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button