
ბურჯანაძე დიქტატურის საფრთხეს ხედავს
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ზომიერი პოლიტიკოსის იმიჯს იცვლის და მკვეთრ ოპოზიციურ განწყობას ავლენს. 21 აპრილს ნინო ბურჯანაძემ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი შევარდნაძე. მისი თქმით “სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის მიერ გატარებული პოლიტიკა დიქტატურის საფრთხეს ქმნის.” წინასაარჩევნოდ მაღალი რეიტინგის მქონე და ქვეყანაში მეორე პირის – ნინო ბურჯანაძის ხილვა თავის რიგებში მრავალ პოლიტიკურ პარტიას აქვს. თუმცა დღემდე ნინო ბურჯანაძე კონკრეტული განაცხადის გაკეთებისაგან თავს იკავებს, მაგრამ არ მალავს, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს. “მე ვისთან ვიდგები არჩევნებში ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვეტია, თუმცა მაქვს მტკიცე პოზიცია და ვიცი სად არ ვიქნები – ეს არის სახელისუფლებო ბლოკი” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძემ შეშფოთება გამოთქვა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო პოლიტიკასთან დაკავშირებით. “ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით იგნორირებას უკეთებს საზოგადოებრივ აზრს და ისე მოქმედებს, თითქოს ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობდეთ,” აცხადებს ბურჯანაძე. ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შესახებ წარმოდგენილ წინადადებას გაუსვა ხაზი. ამ პროექტის თანახმად პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ცსკო-ს 9 კანდიდატს 11-დან, რაც ოპოზიციის აღშფოთებას იწვევს. “როდესაც არსებობს უამრავი პარტია, მათ შორის საკმაოდ რეიტინგული, არ შეიძლება იქით მიმართული ქმედებების განხორციელება, რომ მოხდეს საარჩევნო კომისიებიდან ასეთი პარტიების იზოლაცია. ასეთი მიმართულებით პროცესების განვითარებას, შესაძლოა, ქვეყანაში საშიში შედეგები მოჰყვეს,” აცხადებს ბურჯანაძე. ამასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე შეშფოთებული იმ მეთოდებით, რომლითაც სახელისუფლებო ალიანსი არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. “კანცელარიაში იბარებენ გამგებლებს, მერებს, გუბერნატორებს და ავალებენ არჩევნებში კონკრეტული რაოდენობის ხმების მოტანას. ადმინისტრაციული რესურსები მიმართულია ერთი კონკრეტული ძალის – სახელისუფლებო ბლოკის გამარჯვებისკენ,” აცხადებს ბურჯანაძე. ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ შევარდნაძეს გაახსენა მისივე განცხადება, რომელიც შევარდნაძემ ცამეტი წლის წინ გააკეთა, როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებდა: “მე დიქტატურის ნიშნებს ვხედავ და პოსტიდან მივდივარ.” “დღეს საქართველოში დიქტატურის შემაშფოთებელი ნიშნები გამოჩნდა და იმედია, რომ პრეზიდენტი ადეკვატურ შეფასებას მისცემს ყველაფერ ამას”, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბოლო დროს ნინო ბურჯანაძე სახელისუფლებო ძალების მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტში უკვე შესულია სახელისუფლებო ფრაქციების “მოქალაქეთა კავშირის,” “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “თანადგომის” ინიციატივა, რომლის მიხედვით უნდა გამარტივდეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის და გადარჩევის პროცედურა. ამჟამად გადარჩევის საკითხის დასაყენებლად ამჟამად, დეპუტატთა ორი მესამედი – 157 ხმა არის საჭირო, სახელისუფლებო ფრაქციები ამ ბარიერის 118 ხმამდე შემცირებას მოითხოვენ. “მშვიდად ვუყურებ ამ საკითხს. დარწმუნებული ვარ, რომ სახელისუფლებო ფრაქციები ამას ვერ მოახერხებენ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და იქვე დასძინა, რომ პარლამენტში მისი გადაყენების მომხრე თუნდაც 118 დეპუტატი არ შეგროვდება. დიქტატურის საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთ საშუალებად პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციის გაერთიანება მიაჩნია. “მოვუწოდებ ოპოზიციას გაერთიანებისაკენ. ერთიანობა ოპოზიციას მოახლოებულ არჩევნებში თანაბარ პირობებში ჩააყენებს სახელისუფლებო ბლოკთან და მეტ-ნაკლებად სამართლიანი ბრძოლის გარანტი იქნება”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე. “იწყება დაუნდობელი ბრძოლა ხელისუფლებისთვის უღირსი მეთოდებით, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ მე მათ ხელს ვუშლი და კვლავაც ხელს შევუშლი ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც ქვეყანას დიქტატურისაკენ მიექანება”, ასეთია ბურჯანაძის პოზიცია. ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია