ახალი ამბები

სამოქალაქო სექტორი უშიშროების სამინისტროსგან მეტ დათმობას ითხოვს

ექსტრემიზმის საწინააღმდეგო კანონპროექტი კვლავ არასამთავრობო სექტორის შეშფოთებას იწვევს

საქართველოს უშიშროების სამინისტრომ სამოქალაქო ორგანიზაციებთან რთული მოლაპარაკებების შედეგად, შეცვალა კანონპროექტი “ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმინობის შეჩერების, მათი ლიკვიდაციის და აკრძალვის შესახებ”.

სამინისტროში შეიქმნა კანონპროექტის ახალი ვარიანტი, მაგრამ სამოქალაქო ორგანიზაციათა წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი კანონპროექტი რამოდენიმე ანტი-დემოკრატიულ მუხლს შეიცავს.

კანონპროექტის წინა ვერსიის თანახმად, უშიშროების სამინისტროს ენიჭებოდა უფლება შეეჩერებინა, აეკრძალა და გაეუქმებინა “უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ” ორგანიზაციათა საქმიანობა, თუ მათი ქმედებები “საქართველოს ინტერესებს” ეწინააღმდეგებოდა.

კანონპროექტი არ განმარტავდა “საქართველოს ინტერესებს” და არ შეიცავდა რაიმე რეალურ არგუმენტს, ორგანიზაციის საქმიანობისათვის ექსტრემისტული ან ტერორისტული სახელის მინიჭებისათვის. კანონპროექტი უფლებას აძლევდა უშიშროების სამინისტროს შეეჩერებინა ასეთი ორგანიზაციების, ან პოლიტიკური პარტიების საქმიანობა უზენაესი (ან საკონტიტუციო) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ორგანიზაციის (პოლიტიკური პარტიის) ქონება გადაეცემოდა სახელმწიფო ხაზინას და ჯგუფის ყველაზე აქტიურ წევრებს ემუქრებოდა დაპატიმრება.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონპროექტის ამ ვერსიას წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი აზრით, ასეთი დოკუმენტი პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორის არსებობასა საქართველოში.

ასეთი წინააღმდეგობის შედეგად, უშიშროების სამინისტროში შემუშავდა კანონპროექტის ახალი ვარიანტი: “ექსტრემისტულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის აკრძალვის შესახებ”. კანონპროეტიდან ამოიღეს “უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული” ორგანიზაციათა საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული მუხლები.

“პროექტის ეს ვარიანტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, წინა ვერსიასთან შედარებით, თუმცა აქ ჯერ კიდევ არის მუხლები, რომელიც საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარებას უშლის ხელს” – აცხადებს ვაჟა სალამაძე, საქართველოს ბიზნეს სამართლის ცენტრის თავმჯდომარემ.

კანონპროექტით, უშიშროების სამინისტრო უფლებამოსილია აკრძალოს გარკვეული ორგანიზაციების საქმიანობა. აკრძალვის მიზეზი შეიძლება გახდეს, ორგანიზაციის საქმიანობაში ექსტრემიზმის ნიშნები, ან სურვილი ასეთი ქმედებების განხორციელებისათვის, ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ან წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც არსებული ხელისუფლების დამხობის, საქართველოს სუვერენიტეტის, ან ტერიტორიული მთლიანობის  წინააღმდეგ მოწოდებას შეიცავენ (მეოთხე მუხლი).

კანონპროექტის მეხუთე მუხლის თანახმად, უშიშროების სამინისტრო მსგავსი ქმედებების შემჩნევის შემთხვევაში ორგანიზაციის მიმართ აკეთებს გამაფრთხილებელ განცხადებას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მიმართავს საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოს ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით. თუმცა, მდგომარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია სასამართლოს გამაფრთხილებელი განცხადების გაკეთების გარეშე მიმართოს.

აკრძალვა გულისხმობს საქმიანობის შეჩერებას, ორგანიზაციის ქონების კონფისკაციას და ზემოთ აღწერილი განცხადებების ავტორთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

სამოქალაქო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა უშიშროების სამინისტროს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, სადაც გამოთქვეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით.
 
მათი აზრით, კანონპროექტი, უკვე არსებულ სამართლებრივი სისტემაში, დამატებითი მექანიზმი უნდა იყოს უშიშროების სამინისტროსათვის საზოგადოებრივი წესრიგის გარანტირებისათვის. გარდა ამისა, უმჯობესი იქნება შემუშავდეს კანონი ზოგადად ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ, სადაც უფრო ნათლად ჩამოყალიბდება სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში.  

ვაჟა სალამაძის განცხადებით, კანონპროექტის მეოთხე მუხლი სრულიად უსარგებლო და ზედმეტია, რადგან იგი განსაზღვრავს ორგანიზაციის ლიკვიდაციას, მისი ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგად.

“თუ ჩვენ საქმე გვაქვს ერთი პირის უკანონო ქმედებასთან, მისი დასჯის მექანიზმები რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, და ამ შემთხვევაში ორგანიზაციის გაუქმება აბსოლუტურად არაადექვატური ქმედებაა” – აცხადებს სალამაძე.

კანონპროექტში ბუნდოვნად არის განხილული ორგანიზაციის ლიკვიდაციის განმახორციელებლი ორგანო, ასევე მეტი განმარტება სჭირდება გაუქმების შემთხვევაში ორგანიზაციის კრედიტორული დავალიანებების ამსახველ ნაწილს.

საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიკვიდაცია და აკრძალვა რეგულირდება სპეციალური ორგანული კანონით. ამ მუხლზე დაყრდნობით, ვაჟა სალამაძე აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი არაკონასტიტუციურია, რადგან უკვე არსებობს კანონი “საზოგადოებრივი გაერთიანებებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ”. (აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია სამეწარმეო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციაც, რაც მოქმედი კანონით არ განისაზღვრება.)

უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა სამოქალაქო სექტორის მიერ წერილში გამოთქმულ შენიშვნათა უმრავლესობა. თუმცა, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გახდა მოგვიანებით ცნობილი, სამინისტრომ არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტის ეს შეცვლილი ვერსია უკვე განიხილა უშიშროების საბჭომ და მალე პარლამენტში შეიტანენ განსახილველად.

“ერთადერთ გზად ამ კანონის შესაცვლელად პარლამენტში ლობირება გვრჩება” – აცხადებს ვაჟა სალამაძე.

ჯული გიორგაძე

მსგავსი/Related

Back to top button