ახალი ამბები

ქართული ჯარი იუბილეს ნატოში გაწევრიანების იმედით აღნიშნავს

საქართველოს შეიარაღებული ძალები არსებობიდან მე-12 წელს ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობს, თუმცა დაფინანსების, აღჭურვილობისა და კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა ნატოს სტანდარტებზე გადასვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. ერთადერთ იმედად დასავლეთის დახმარება რჩება.

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არსებობიდან 12 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი მიღწევა ჯარის განვითარების ტენდენციები იყო.

“რაც მთავარია ჩვენ ვვითარდებით. ბაღდადს ვერ ავიღებთ, მაგრამ რაღაც-რაღაცები უკვე შეგვიძლია” _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 30 აპრილს შეიარაღებული ძალების იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ დასავლური ორიენტაციის აღება დიდ წილად სწორედ თავით თევზაძის სახელს უკავშირდება. 12 წლის განმავლობაში საქართველოს 6 თავდაცვის მინისტრიდან დავით თევზაძე ერთადერთია, რომელმაც სამხედრო განათლება აშშ-ში გაიღრმავა. ის ამ თანამდებობაზე პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერით ზუსტად 5 წლის წინათ დაინიშნა და ამ პოსტზე ვარდიკო ნადიბაიძე შეცვალა, რომელიც პრორუსულ ფიგურად მოიაზრებოდა.

ის რომ ქართველ ჯარისკაცებს ჯერ “ბაღდადის აღება” არ შეუძლიათ თავდაცვის მინისტრი არასაკმარის დაფინანსებას აბრალებს. “ქართული ჯარი იმდენად არის მზად გაუმკლავდეს პოტენციურ საფრთხეს, რადმენადაც არის დაფინანსებული,” აცხადებს დავით თევზაძე.

აღსანიშნავია, რომ 2003 წელს, 1997 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელმწიფო ბიუჯეტში პირველად გაეზარდა დაფინანსება და მან 62 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა თუ დაფინანსების სტატისტიკას გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ თანხა, მხოლოდ ქაღალდზე გაიზარდა. ამა წლის პირველი კვარტლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ 75%-ით დაფინანსდა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ შეიარაღებულ ძალები მართლაც ვითარდება, მაგრამ სინანულს გამოთქვამენ, რომ ეს მარტო დასავლეთის დახმარების ხარჯზე ხდება.

“საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეფორმები ხორციელდება. თუმცა, მისი განვითარება დღეს უფრო უცხოურ დახმარებებზეა დამოკიდებული, ვიდრე შიდა რესურსებზე. ჯარს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სამხედრო ექსპერტმა, რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტმა კობა ლიკლიკაძემ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, ძირითადად, ამერიკული სამხედრო დახმარების “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამას უკავშირდება, რომლის განხორციელება ამ 12 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად არის მიჩნეული. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ ამ პროგრამის ფარგლებში გაწვრთნილი ოთხი ბატალიონი ქართული პროფესიული ჯარის ჩამოყალიბების დასაბამი და ბურჯი უნდა გახდეს.

საქართველოს მთავრობამ ამ პროგრამაში გაწვრთნილი და შემდეგში მონაწილე 2300 სამხედრო პირის ხელფასებით უზრუნველყოფა ივალდებულა.

ამერიკულ მხარეს  “წვრთნისა და აღჭურვისთვის” 64 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. შესაბამისად, ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე მსხვილი დონორია.

ქართული ჯარის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თურქეთსაც. რეგიონის ამ წამყვანმა ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო მეზობელ საქართველოში სწრაფი რეაგირების ბატალიონის ჩამოყალიბება. ისევე როგორც ხსენებული ამერიკული პროექტი, ესეც მეტად წარმატებულად ხორციელდება. თურქეთმა ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა სამხედრო აკადემიასაც.

სამხედრო დახმარებათა მოცულობით მომდევნო ადგილებზე გერმანია და საბერძნეთია. გერმანიამ საკუთარ თავზე აიღო იმ ქართული ასეულის მომზადება, რომელიც კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. აქამდე იქ ქართული 9 ოცეული თურქეთის დახმარებით მონაწილეობდა.

თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა 12 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს შორის უნდა ჩაითვალოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული დროშა ფრიალებს კოსოვოში. არ არის გამორიცხული ქართული დროშა უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთშიც ვიხილოთ,” აცხადებს თევზაძე და მინიშნებას აკეთებს ქართველი სამხედროების ერაყში შესაძლო გაგზავნაზე, რის თაობაზე კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან უკვე მიმდინარეობს.

“შეიარაღებულ ძალებში მძაფრად იგრძნობა შეიარაღების ნაკლებობა. ყველაზე თვალშისაცემი საჰაერო ძალების განუვითარებლობაა” _ ამბობს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში სამხედრო საკითხთა ექსპერტი, რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე. მისი თქმით ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური შარშან გახდა, როდესაც საქართველოს ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა მეზობელი რუსეთის მხრიდან. ერთ-ერთ ასეთ ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა.

სხვათა შორის, ქართული ჯარის მწირ შეიარაღება დიდად განაპირობა იმ სამხედრო ქონებისა და შეიარაღების მიუღებლობამ, რაც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მემკვიდრეობით ეკუთვნოდა. საქართველოს პრეზიდენტს არა ერთხელ გამოუხატია პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც თავად უთქვამს “რუსეთმა საქართველოს მხოლოდ ჟანგიანი ტანკები და სამხედრო ტექნიკა დაუტოვა.”

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაწვევის გეგმის შესრულება. ბოლო, 2002 წლის საშემოდგომო გაწვევა კატასტროფულად ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობის გამოსწორებაზე გავლენა არ მოუხდენია 2-წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობის 6 თვით შემცირებასაც.

წვევამდელები და ჯარისკაცები სამხედრო სამსახურს ჯარში არსებული არასათანადო პირობების გამო გაურბიან. ზოგიერთ სამხედრო ნაწილში ჯარისკაცების კვების რაციონი დადგენილ ნორმასაც ვერ უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ 2000 წლის მაისსა და 2003 წლის მარტის სამხედრო ამბოხებებში მონაწილე ჯარისკაცებმა პროტესტის მიზეზად სწორედ მძიმე სოციალური მდგომარეობა დაასახელეს.

თუმცა თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებისა და ჯარში დეზერტირობის შემთხვევებს წვევამდელთა “არასაკმარისი ფსიქოლოგიური მომზადებითაც” ხსნის. მისი თქმით ბოლო პერიოდში დეზერტირობა შემცირდა.

მრავალი პრობლემის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს რომ ხუთ წელიწადში საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. შარშან ნოემბერში ნატოს პრაღის სამიტზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტ შევარდნაძეს იმედი აქვს, რომ საქართველო ნატოს კარს 2005 წელს დაუკაკუნებს.

თუმცა ყველა აღიარებს, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდა, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ჯარი ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, არამედ იმიტომ, რომ თავად ნატოა დაინტერესებული დააჩქაროს საქართველოს საკუთარ რიგებში მიღება.

გოგა ჩანადირი, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button