ახალი ამბები

ნატო-ს ოფიციალური პირების გახშირებული ვიზიტები ალიანსში გაწევრიანების იმედებს ზრდის

საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ 5 მაისს თბილისში ნატო-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი ჩამოდის, რომელიც საქართველოს ჯარში მიმდინარე რეფორმებს შეაფასებს. 14 მაისს კი თბილისში უკვე ნატო-ს გენერალურ მდივანს ლორდ ჯორჯ რობერტსონს ელიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეალურად მიიჩნევს უმოკლეს დროში ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას.
 
“საქართველო აქტიურად უახლოვდება ნატო-ს და მალე საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებას დაიწყებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის საკითხს განიხილავს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.

სიხარულიძის ინფორმაციით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროულია საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის ვიზიტი, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი და რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს ქართული მხარე.

მანამდე კი 5 მაისს თბილისს ნატო-ს სამხედრო ექსპერტთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც რამდენიმე სამხედრო ნაწილს მოინახულებს და დეტალურად შეისწავლის ნატოს სტანდარტებზე გადასვლის მხრივ არსებულ მდგომარეობას.

“ნატო-ს სამხედრო ექსპერტთა დელეგაცია საქართველოში 1999 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ჩამოდის და მონიტორინგს ახდენს, თუ როგორ სრულდება მათი რეკომენდაციები, ახლაც ამ მიზნით, ორი დღის განმავლობაში ექსპერტები დაკვირვებას განახორციელებენ”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, ნატოს სამხედრო ექსპერტთა ეს ვიზიტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ მიერ დაწერილმა დასკვნამ შესაძლოა დააჩქაროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება.
 
გელა ბეჟუაშვილის ინფორმაციით, ნატო-ს წარმომადგენლების მიერ საქართველოში გამოგზავნილია 29 პუნქტიანი კითხვარი, რომლის დაცვაც და განხორციელებაც საქართველომ უნდა შეძლოს. საქართველომ შევსებული კითხვარი უკვე გააგზავნა. 

რეკომენდაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია საქართველოში სამშვიდობო ბატალიონის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით.

“ჩვენ ასეთი ბატალიონის შექმნაში გერმანია გვეხმარება, ერთობლივი ძალისხმევით ასეთი ბატალიონი უკვე შექმნილია და სამხედრო სწავლების დონის ასამაღლებლად გერმანიაში გადის წვრთნებს, რის შემდეგაც კოსოვოში გაემგზავრება სამშვიდობო მისიის შესასრულებლად”, – თქვა ბეჟუაშვილმა.

ნატოს ექსპერტთა ოთხკაციანი დელეგაცია ამის შემდეგ შესაბამის დასკვნას მოამზადებს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას წარედგინება. მაისის ბოლოს კი ამ დასკვნას ნატოს შტაბბინაში განიხილავენ, რის შემდეგაც გაირკვევა ვადა, თუ როდის წარმოადგენს ნატო საქართველოს პარტნიორობის სამოქმედო გეგმას. 

გელა ბეჟუაშვილი იმედოვნებს, რომ ნატო-ს ექსპერთა დასკვნა საქართველოში მათი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დადებითი იქნება და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს.

“ეს ასეც უნდა მოხდეს, დასკვნა დადებითი უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენ ყველა პირობას ვასრულებთ.  ამის შემდეგ ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების შეხვედრაზე წარვდგებით, რითაც რეალური შანსი მოგვეცემა გაწევრიანებისა”, – აცხადებს ბეჟუაშვილი.

საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვეში პრაღაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე გამოთქვა.      

“მას შემდეგ ბევრი რამ ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალა და ალბათ, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება”, – იმედოვნებს ბეჟუაშვილი.

თუმცა, როგორც 30 აპრილს ნატოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას განაცხადეს, ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს ბევრი უკლია.

“მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს სწრაფვას ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, მაგრამ ამისათვის დიდი გზაა გასავლელი. დღეს არ არის ნათელი, თუ როდის დაიწყება ნატო-ს გაფართოების შემდგომი ეტაპი და შესაბამისად, საქართველოს გაწევრიანების საკითხიც დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ეს ვითარება შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს”, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ მარკუს მეკელმა 30 აპრილს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

24 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ბრიუსელში საქართველოს შესახებ მოხსენებას ასამბლეის 500-მდე დეპუტატი მოისმენს. როგორც მოსალოდნელია, ასამბლეა საქართველოსთან მიმართებაში სპეციალურ რეზოლუციას ან რეკომენდაციებს მიიღებს.

თეა გულარიძე, ნინო ხუციძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button