ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობა მილიონით შემცირდა

საქართველოს მოსახლეობა 1989 წლის შემდეგ ერთი მილიონით შემცირდა. 6 მაისს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 4,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მოსახლეობის რაოდენობის კლებას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შობადობის დაბალი მაჩვენებლითა და მაღალი მიგრაციით ხსნიან. მას ემატება ისიც, რომ მოსახლეობის აღწერა ვერ მოხერხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

13 წლიანი პაუზის შემდგომ 2002 წლის 17-24 იანვარს საქართველოს ხელისუფლების დავალებით სტატისტიკის დეპარტამენტმა მოსახლეობის აღწერა დაიწყო. ამ პროცესში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას 23 ათასი ადამიანი იღებდა.

საქართველოს მთელ რიგ რაიონებსა და სოფლებში შეიქმნა სპეციალური აღწერის ხელშემწყობი კომისიები, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი და რაიონის გამგებლები ხელმძღვანელობდნენ.

“ეს აღწერა უფრო დემოგრაფიულ დატვირთვას იძენს, აღწერის დროს მნიშვნელობა ენიჭებოდა მოქალაქის სქესს, განათლებას, პროფესიულ, სარწმუნოებრივ და ენობრივ ნიშნებს, ასევე ტესტებში ერთ-ერთ პუნქტად შედიოდა დასაქმების საკითხი, თუ ვინ იყო დასაქმებული პროფილით და რომელიც სამუშაოს ეძებს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იოსებ არჩვაძემ. 

აღწერის შედეგად, პირველად მოხდა შესაძლებელი იძულებით ადგილნაცვალი პირების რაოდენობის განსაზღვრა. ამ დროისთვის დევნილთა რაოდენობა 264 ათას კაცს აღემატება.

აღწერა არ ჩატარებულა იქ სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.

“ამ ტერიტორიებიდან აღწერა აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ კოდორის ხეობაში სამხრეთ ოსეთში ახალგორის რაიონში ისიც 2 სასოფლო საკრებულოს გამორიცხვით და დიდი და პატარა ლიახვის ზონის სოფლებში, გახდა შესაძლებელი” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იოსებ არჩვაძემ. 

როგორც აღწერის შედეგებიდან ირკვევა საგრძნობლად შემცირდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობა.

“თუ 1989 წელს ეთნიკური ქართველები საქართველოს მოსახლეობის 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი – 82-83%-ს შეადგინა” – განაცხადა არჩვაძემ.


“ჩვენ საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად 6 წელი ვემზადებოდით, ეს პროცესი სამჯერ გადაიდო, რაც ფინანსების არარსებობას უკავშირდებოდა, სანამ მყარი გარანტიები არ მოვიპოვეთ ვერ გავრისკეთ ამ პროცესის დაწყება” – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

მისი თქმით საქართველოში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს ტერიტორია დატოვეს  წლების მანძილზე საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა, რუსებმა და ებრაელებმა.

“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გაცილებით დიდია ქართველი მოსახლეობის გასვლა საზღვარგარეთ” – აღნიშნავს არჩვაძე. დღეის მონაცემებით საზღვარგარეთ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ აღწერისას დაშვებული დარღვევების გამო შესაძლოა საქართველოში უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობდეს.

“აღწერისას დაშვებული დარღვევების გამო შესაძლოა რაღაც ცდომილებაც არსებობდეს ” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი მელაძემ. 

თუმცა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აღწერის შედეგების სისწორეში ეჭვი არ ეპარებათ.

“ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შევძელით აღწერის ჩატარება, ამისთვის 1995 წლიდან ვემზადებოდით და შევძელით კიდევაც მისი ობიექტურად ჩატარება” – აცხადებს არჩვაძე.

აღწერის ჩატარებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, ამას ემატება საერთასორისო ორგანიზაციების დახმარებაც, რომელთა ძალისხმევით შესაძლებელი გახდა შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button