
საქართველოს ერაყის აღდგენაში მონაწილეობის მიღება სურს
(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზულად განიხილავენ ომის შემდგომ ერაყის აღდგენაში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობას. თუმცა ჯერ-ჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რა სახით შეიძლება მიიღოს საქართველომ მონაწილეობა ამ პროცესში.
თბილისს სურს ერაყში ქართული სამშვიდობო-სამაშველო ასეულის გაგზავნა, რომელიც უმთავრესად სამხედრო ექიმებისა და მესანგრეებისგან ჩამოყალიბდება.
საქართველოს მთავრობას სურს ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი სამუშაოების ჩასატარებლად ერაყში მალე საქართველოს გენერალური შტაბი 5 ქართველ ოფიცერს გააგზავნის.
“საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ მას ერაყში ქართული ასეულის გაგზავნა სურს, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია. თავდაცვის სამინისტრო შემდგომი მოქმედების განსახორცილებლად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტს ერაყში მაშველების გაგზავნის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მართლაც არ მიუღია. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ 7 მაისს მიღო დადგენილება, მთავრობამ არსებული პირობების გათვალისწინებით ომის შემდგომი ერაყის აღდგენაში საქართველოს ჩართვის გეგმა შეიმუშაოს.
“პარლამენტმა პირველ ეტაპზე ეს გააკეთა. თუ მთავრობას ერაყში ასეულის გაგზავნა სურს, ინიციატივა ჩვენთან პრეზიდენტმა უნდა შემოიტანოს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას ერთხმად დაუჭერს მხარს” _ უთხრა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ.
კონკრეტულ გეგმაზე უშიშროების საბჭო მუშაობს. საკითხის პარლამენტში გატანა 2 კვირაშია შესაძლებელი. მთავრობა ასეულისთვის დონორს ეძებს. 2003 წლის ბიუჯეტი ასეთ შემთხვევებში ხარჯების გამოყოფას არ ითვალისწინებს.
“საქართველოს ჰყავს ისეთი მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთაგან ერაყში გასაგზავნი სამაგალითო ასეული ჩამოყალიბდება. შესაძლოა, დონორობა ამერიკის მთავრობამ გაწიოს. ლოგისტიკას ის უზრუნველყოფს, სახელფასო განაკვეთები ეგებ რამენაირად ჩვენ გავიღოთ” _ აღნიშნავს გელა ბეჟუაშვილი.
“ვფიქრობ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ქართული ასეულის ერაყში გასაგზავნად მნიშვნელოვან დახმარებას გაიღებს. ის პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს ერაყის სამხედრო კამპანიის მხარდამჭერი ქვეყნების ჩართვას აღდგენით სამუშაოებში” _ ამბობს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში სამხედრო ექსპერტი, გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი.
საქართველოს მთავრობის სწრაფვას, ომის შემდგომი ერაყის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს, ამერიკის ადმინისტრაცია ოფიციალურად ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია. თუმცა, როგორც ექსპერტი ალადაშვილი, ასევე მთავრობის წარმომადგენლები ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მდიდარია იაფი სასმელი და მინერალური წყლების რესურსებით, მისი გატანით ერაყისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაღება შეუძლია.
საქართველოსა და ერაყს შორის სავაჭრო ურთიერთობები უმნიშვნელო დონეზე ხორციელდებოდა. 2002 წლის მონაცემებით, საქართველოდან ერაყში შაქრის სახით 60 ათასი ლარის (28 ათასი დოლარი) ექსპორტი განხორციელდა. იქიდან კი 10 ათასი ლარის (4,5 ათასი დოლარი) სხვადასხვა სახის წვრილმანი საქონელი შემოვიდა.
“სასმელი წყლის რეზერვების ამოქმედებით ორ ქვეყანას შორის კოოპერაციულ ურთიერთობების გაზრდა შესაძლებელია. თუმცა, წყლის მდიდარი რესურსების მიუხედავად, საქართველოდან მინერალური წყლის “ბორჯომის” გარდა, სასმელი წყლის ექსპორტი ორგანიზებული არ ყოფილა” _ ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა მიიღოს მონაწილეობა ერაყის აღდგენის პროცესში პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც უფრო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად, ვიდრე ერაყსა და საქართველოს შორის კავშირების დამყარებას.
გოგა ჩანადირი, “სივილ ჯორჯია”