
რთული გზა ნატო-მდე
ალიანსის გენმდივანი საქართველოს რეფორმების დაჩქარებისაკენ მოუწოდებს პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც გასული წლის ნოემბერში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა, ლორდ რობერტსონთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველომ “უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ნატოს მიმართულებით”. “ჩვენ მივესალმებით საქართველოს სურვილს გაერთიანდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე 14 მაისს. ლორდმა რობერტსონმა აღნიშნა, რომ ნატოს კარები ღიაა, მაგრამ დასძინა, რომ “ნატოში გაწევრიანება საკმაოდ რთული ამოცანაა და ხანგრძლივ მზადებას საჭიროებს”. “კავკასიის რეგიონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ევრო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისათვის. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ გვსურს განვავითაროთ თანამშრომლობა უსაფრთოხების სფეროში როგორც საქართველოსთან, ასევე ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის სხვა ქვეყნებთან” – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სურვილი გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი უახლოეს მომავალში. “ამ მხრივ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის პოზიცია ერთგვარია. ამ საკითხის თაობაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოება არ არსებობს, არის მხოლოდ კონსესუსი” – აღნიშნა შევარდნაძემ ერთობლივ ბრიფინგზე. ლორდ ჯორჯ რობერტსონის ვიზიტამდე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჩამოაყალიბა სპეციალური კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებზე გადასვლისთვის აუცილებელ რეფორმებს, რომლებიც ნატოს რეკომენდაციებშია მოყვანილი.. შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გეგმა”. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, რომელთაც უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების ყველაზე რეალური შანსი აქვთ, გენერალურმა მდივანმა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია და ესტონეთი დაასახელა. “ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, რომ რაიმე უპირატესობის მიხედვით დამესახელებინა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც შესაძლებელია ნატოს წევრები გახდნენ უახლოეს მომავალში. იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება, მთავარი პრიორიტეტი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამებში მონაწილეობაა. ეს არის გზა ნატოს წევრობისაკენ, მაგრამ ამავე დროს ეს არის საკმაოდ გრძელი და რთული გზა” – თქვა ლორდ ჯორჯ რობერტსონმა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ 14 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 16 მაისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა. საქართველოს პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებულ კონფლიქტების საკითხი. ამ კუთხით პრეზიდენტმა შევარდნაძემ და ლორდმა რობერტსონმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის როლის მნიშვნელობა. “კავკასიაში კონფლიქტების გადაჭრის გზების გამონახვაში რუსეთის როლი მართლაც დიდია. ნატოს შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც თავის მხრივ შეუძლიათ გავლენა იქონიონ კონფლიქტების გადაჭრის საკითხებში. გენერალურმა მდივანმა შემატყობინა, რომ ეს საკითხი სერიოზულად იქნა განხილული მოსკოვში, სადაც ბ-ნი რობერტსონი თბილისში ვიზიტამდე იმყოფებოდა” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. “ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო ხმელეთის ერთი მეშვიდედი უკავია, მართლაც დიდ როლს თამაშობს ნებისმიერ სტრატეგიულ საკითხში” – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჯორჯ რობერტსონმა მოლაპარაკებები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ირაკლი მენაღარიშვილთან და თავდაცვის მინისტრთან დავით თევზაძესთან. საღამოს, ერევანში გამგზავრებამდე, რობერტსონი საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასაც შეხვდა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების დაჩქარებისაკენ მოუწოდა. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიანატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი 14 მაისს ერთდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია. გენერალური მდივნის საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან გამართული მოლაპარაკებებისას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემა უმთავრესი საკითხი იყო.