ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ სამი ჩეჩენი საქართველოში დატოვა

შვიდთვიანი სასამართლო პროცედურის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის ქართველი მესაზღვრეების მიერ გასული წლის აგვისტოში დაკავებული 13 ჩეჩნიდან სამს საბოლოო განაჩენი 16 მაისს გამოუტანა.

დაკავებულთაგან ხუთი 2002 წლის ოქტომბერში სასამართლოს დადგენილების გარეშე გადაეცა რუსულ მხარეს, და როგორც რიგი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებენ, მათი შემდომი ბედი და ადგილსამყოფელი უცნობია.

უზენაესმა სასამართლომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 13 მარტის დადგენილება ჰუსეინ ალხანოვის მიმართ უცვლელი დატოვა, რომელიც საქართველოში მის დატოვებას ითვალისწინებდა. რუსლან გელოგაევის საქმე დროებით შეჩერდა, სანამ არ გაირკვევა, სარგებლობს თუ არა იგი ლტოლვილის სტატუსით, ამ საკითხს საოლქო სასამართლო 5 ივნისს განიხილავს, ხოლო მესამე ჩეჩენი, აქამდე სასამართლოსთვის რუსტამ ელხაჯიევის სახელით ცნობილი პირი უზენაესმა სასამართლომ ბეკხან სეიტ მულკოევად აღიარა ადვოკატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

“ეს იმას ნიშნავს, რომ აღსრულდა სამართლის უზენაესობა და სასამართლომ ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიიღო”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ჩეჩნების ერთ-ერთმა ადვოკატმა მაკა ძამუკაშვილმა.

“უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ ამ გადაწყვეტილების გამო, ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ აქ გასამართლებულიყვნენ ჩვენი შვილები, ახლა დაწყნარებული ვიქნები”, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებული ჩეჩნის დედამ მილანა ხანოევამ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გააკეთეს პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სხდომა უხმაუროდ დატოვეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს წინ უსწრებდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესი. რაიონულმა სასამართლომ 2003 წლის 13 მარტს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, ალხანოვი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსი გააჩნდა, საქართველოში უნდა დარჩენილიყო, ხოლო გელოგაევის და ელხაჯიევი რუსულ მხარეს უნდა გადასცემოდა.

მხარეებს 10 დღის ვადა მიეცა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. უზენაეს სასამართლოში სარჩელი ჩეჩნების ადვოკატებმა და პროკურორებმაც შეიტანეს.

პროკურატურა უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას ალხანოვის ექსტრადირების თაობაზე, რადგან ბრალდებას მიაჩნდა, რომ ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მასალები მისი ლტოლვილად ცნობის თაობაზე გაყალბებული იყო, ხოლო ადვოკატები ელხაჯიევის და გელოგაევის საქართველოში დატოვების საკითხს აყენებდნენ.

ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოში, რომელმაც უნდა განსაზღვროს რამდენად კანონიერად აქვს მიღებული ლტოლვილის სტატუსი გელოგაევს. ასევე ადვოკატები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, რადგან დღემდე უპასუხოდ რჩება დაკავებული 13 ჩეჩნიდან 6-ის თხოვნა თავშესაფრის მიცემის თაობაზე.
 
ადვოკატების განცხადებით და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, გელოგაევზე ორი წლის წინ მართლაც გაიცა ლტოლვილის სტატუსი, თუმცა ერთი წლის შემდეგ ავტომატურად მოეხსნა იმის გამო, რომ არ გაუვლია ხელახალი რეგისტრაცია.

ამას თავიდანვე აპროტესტებდნენ ადვოკატები და აცხადებდნენ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ჯერაც არ არსებობს მექანიზმი ლტოლვილის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რუსტამ ელხაჯიევს, ადვოკატებმა მხოლოდ უზენაესს სასამართლოში სააპელაციო საქმის განხილვის დროს გაარკვიეს მისი ნამდვილი ვინაობა და განაცხადეს, რომ აქამდე ელხაჯიევის გვარით ცნობილი პიროვნება სინამდვილეში ბეკხან სეიტ მულკოევია, მაშინ როდესაც ექსტრადიციის მოთხოვნა რუსეთიდან ელხაჯიევის გვარზე იყო მოსული.

“ჩვენ ამის დამადასტურებელი პასპორტი, დაბადების მოწმობა და მეზობლების დადასტურებული დოკუმენტი ახლახანს მივიღეთ და ეს პიროვნებაც საკუთარ ვინაობას შიშის გამო მალავდა, რათა არ მომხდარიყო პროკურატურის მხრიდან რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა და რუსეთისთვის მისი გადაცემა”, – ასეთი განცხადება გააკეთა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ.

სასამართლოზე ასევე გამოცხადდა მულკოევის მეუღლე, რომელიც ადასტურებდა ქმრის ვინაობას.

“მულკოევი გამოგონილი გვარია და ადვოკატებმა ყალბი პასპორტი და დაბადების მოწმობა წარადგინეს, რაც სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და უნდა აღიკვეთოს”, – აცხადებდა პროკურორი პაატა მსხილაძე.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ამის დასამტკიცებლად რუსეთის ვიცე-კონსულის ხელმოწერილი დოკუმენტი წარმოადგინეს, სადაც აღნიშნულია, რომ პასპორტი ასეთ პიროვნებაზე რუსეთში არ გაცემულა.

ამ საკითხის განხილვით დაიწყო სასამართლოს ბოლო სხდომა, სადაც ადვოკატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან შეგნებულად თავი შეიკავა პროკურატურის წარმომადგენლებმა და საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მიანდო.

სასამართლომ პროკურატურას დაავალა ხელახლა გამოიძიოს მულკოევის ვინაობა. უზენაესი  სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამის მიუხედავად დაკავებული ჩეჩნები არ გათავისუფლდებიან. მათ საქართველოში გასამართლდებიან საზღვრის გადმოკვეთისთვის და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის. თუმცა ამ ბრალდებასაც ადვოკატი მალხაზ პატარაია “ძალით შეთითხნილს” უწოდებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა მხარემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართული მხარე “არ ასრულებს უმაღლეს დონეზე მიღწეულ შეთანხმებებს”, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 17 მაისს განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უმართებულო იყო, რუსეთის ხელისუფლება კი კვლავ მოითხოვს დაკავებულთა ექსტრადიციას.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button