ახალი ამბები

ოფიციალური თბილისის აზრით სოჭის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება

ოფიციალური თბილისი უჩვეულოდ მკაცრად გამოეხმაურა აფხაზეთის თვითგამოხცხადებული რესპუბლიკის პრემიერის რაულ ხაჯიმბას ვიზიტს მოსკოვში და რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებას მოსკოვში მის მიერ გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით. საქართველოს უშიშროების საბჭოს განცხადებით, პრეზიდენტებს ედუარდ შევარდნაძესა და ვლადიმირ პუტინს შორის 7 მარტს სოჭში მიღწეულ შეთანხმებებს “საფრთხე ემუქრება.”

აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერი მოსკოვს 14 მაისს ეწვია. მანამდე ვალერი ლოშჩინინი, რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, თვითონ ეწვია თბილისსა და სოხუმს, სოჭის შეთანხმებების რეალიზაციის გასაცნობად. რუსეთის საგარეო სამინისტროს ცნობით, ხაჯიმბას მოსკოვური შეხვედრები აფხაზეთში სოჭის შეთანხმებების განხორციელებაზე მომუშავე კომისიების შექმნას უკავშირდებოდა.

ვიზიტის შემდეგ, რუსეთის საგარეო სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ განიხილეს გალის რაიონში დევნილების დაბრუნებისა და საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მომოსვლის აღდგენის საკითხები.

საქართველოს მთავრობა უკმაყოფილოა ამ განცხადებით, რადგან ხაჯინბა ოფიციალურადაა მოხსენიებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ მხოლოდ გალში დევნილების დაბრუნებაზე საუბარი ზღუდავს სოჭის შეთანხმებების შინაარსს.

“რუსეთის მხრიდან ასეთი მიდგომა მიუთითებს იმაზე, რომ რიგ ძალებს [რუსეთის] აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოლაპარაკებების კვლავ ჩიხში მოქცევა სურთ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ, რომლის თქმითაც, ქართულ მხარეს არაფერი აქვს საწინააღმდეგო მოსკოვში სოხუმის მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტების მიმართ, თუკი ამ შეხვედრებს სამთავრობათაშორისო კონსულტაციების ფორმა არ მიეცემა.

ამ თემაზე 16 მაისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ, თავის მხრივ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელია სოჭის შეთანხმების არასწორი ინტერპრეტაცია და მისი ნაცილობრივი, “შერჩევითი” რეალიზაცია.

“ნებისმიერი ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე და დევნილი მოსახლეობის ორგანიზებული და უსაფრთხო დაბრუნების დაწყებამდე, ქართული მხარის მიერ ჩაითვლება უკანონოდ და პრეზიდენტების შეთანხმების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად”, – ნათქვამია საქართვლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.  

2003 წლის 6-7 მარტს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სოჭში შემდგარ შეხვედრას მაშინ ორივე მხარის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. აცხადებდნენ რომ მიღწეულია შეთანხმება და უმოკლეს ვადაში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და ლტოლვილთა დაბრუნება სინქრონულად გახორციელდება. შეთანხმების პირობების მიხედვით, ამ პრობლემების გადასაწყვეტად მხარეებს სამუშაო ჯგუფები უნდა შეექმნათ, რომლებიც პარალელურად იმუშავებდნენ.

ხაჯიმბას ვიზიტზე მკვეთრი რეაქცია საქართველოს მთავრობის მხრიდან მოულოდნელობაა. სოხუმსა და მოსკოვს შორის ოფიციალურ დონეზე ურთიერთობა და ვიზიტები უკვე დიდი ხანია წესად იქცა. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის რეაქცია “ნორმალური” იქნებოდა, მას რომ თანმიმდევრული ხასიათი ჰქონდეს.

ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია “არ ჯდება არანაირ კონცეფციაში და გეგმაში.”

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ოფიციალური თბილისი დასავლეთის მხრიდან ბოლოდროინდელმა ყურადღებამ გაათამამა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ზემოთხსენებული განცხადება მიიღეს, დამტკიცებული იქნა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტერგაციის ეროვნული პროგრამა, ამას კი წინ უძღოდა საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის ვიზიტი და გაცხოველებული საუბრები ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შანსების თაობაზე.

არსებობს განსხვავებული აზრიც. “ჩვენი ხელისუფლების მიერ ასეთი პოზიციის დაკავება რუსეთის მიმართ ამჯერად მე მაინც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი მგონია”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. დამკვირვებელთა თქმით, მკაცრად ანტი-რუსული პოზიცია შესაძლოა, ერთის მხრივ, ხელისუფლებას დევნილთა გულის მოგებაში დაეხმაროს, მეორეს მხრივ კი შეარბილოს საპარლამენტო ოპოზიციის დარტყმა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე მოითხოვეს სოჭის შეთანხმების წესისამებრ პარლამენტში განსახილველად წარდგენა.

თეა გულარიძე, სოსო ხაჩიძე “სივილ ჯორჯია”

Back to top button